ნინო დარბაისელი (* 8 მარტი, 1961, თბილისი), ქართველი პოეტი, ლიტერატურათმცოდნე. საქართველოს მწერალთა ნაციონალური კავშირის წევრი, შემოქმედებითი გაერთიანება "არილის" წევრი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იბეჭდება 1974 წლიდან, ფართო დებიუტი შედგა 1977 წელს ქართული პოეზიის ყოველწლიურ ანთოლოგიაში "პოეზიის დღე". გამოცემული აქვს ლექსების კრებული "ახალდედები" (მერანი, 1987), "ჩემი სიყვარულის ბწკარედი" (ლომისი, 1996), "დილისპირული" (მერანი, 2002), "დიოტიმა" (მერანი, 2004 და 2006). საქართველოს მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის გამომცემლობა "მეცნიერების" მთავარი რედაქტორი (1990-1995). საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიური სახლის" დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-საგამომცემლო დარგში (1994-1997). საქართველოს სახელმწიფო პრემიის ნომინანტი პუბლიკაციის დარგში (2005). დისერტაცია თემაზე "ქართული ვერლიბრი" (1992). 1995 წლიდან დარბაისელი არის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 2000 წლიდან მუშაობს "გალაკტიონის კვლევის ცენტრში". 2001 წლიდან ყოველწლიური სამეცნიერო პუბლიცისტური კრებულის "გალაკტიონოლოგია" პასუხისმგებელი მდივანი. შეყვანილია ცნობარში "Who is Who among World Business and Art Women" (2002).
No comments:
Post a Comment