Tuesday, December 22, 2009


ნინო დარბაისელი


ტოტალიტარიზმი, შემოქმედებითი თავისუფლება და თავისუფალი ლექსი


შეიძლება თუ არა, არსებობდეს რაიმე მიმართება ტოტალიტარიზმსა და სალექსო ფორმას შორის? უძველესი დროიდან მოყოლებული, რაც პლატონმა თავის ’’სახელმწიფოში’’ ტოტალი-ტარიზმს თეორიული საფუძველი ჩაუყარა და პოეზიას ფუნქციად სახელმწიფოებრივ-პატრიოტული მიზნებისადმი მოტივატორული მსახურება დაუტოვა, ამ ტიპის მმართველობები მუდამ ავლენდნენ ძალისხმევას, რათა თავის სამსახურში ჩაეყენებინათ სიტყვიერი კულტურა და განსაკუთრებით მისი ყველაზე სუგესტიური სფერო - პოეტური ხელოვნება, მაგრამ ეს ნაკლებად ვრცელდებოდა მხატვრული ნაწარმოების ფორმაზე. ამრიგად, მოვლენა, რომელსაც ვეხები, არ განეკუთნება ტოტალიტარიზმის ტიპობრივ პრობლემათა რიგს და იგი შემოქმედებითი (არა)თავისუფლების ერთი კერძო გამოვლინებაა. ეს არის შემთხვევა, როდესაც საკუთრივ ლექსმცოდნეობით პრობლემათა მთელი კომპლექსი: ქართული თავისუფალი ლექსის ანუ ვერლიბრის ისტორია, თავისებურება, მისი სახეობანი და ა.შ. სცილდება დარგის ფარგლებს და მუდმივად უხდება შეხება სხვა ჰუმანიტარულ სფეროებთან.
ქართული თავისუფალი ლექსის ისტორია გასული საუკუნის ათიანი წლებიდან იწყება. იგი იმ სალექსო რეფორმის ორგანული ნაწილია, რომელიც გალაკტიონის თაოსნობით განხორციელდა და შედეგად მოიტანა ახალი ქართული პოეზიის ენა. გალაკტიონ ტაბიძის საარქივო გამოცემის 22-ე ტომში ერთი ჩანაწერია, რომელიც სავარაუდოდ 30-იან წლებს მიეკუთვნება:

’’დასავლეთის თანამედროვე რევოლუციონური პოეზიისთვის — წერს ამხ. ლუნაჩარსკი, — ამჟამად დამახასიათებელია სრული დაკარგვა გამობრძმედილი, დაკანონებული რიტმების, არის ლტოლვა უწესრიგობისადმი, ნახევრადპროზისადმი. ან რა აზრი აქვს, თავი გადააკლა რითმების მიწყობ-მოწყობას, [. . .] რა დროს რითმებია, როდესაც ადამიანში ბობოქრობს მისი მწუხარება, მისი პროტესტი~. ასეთი განწყობილება წამოვიდა ომიანობის დროიდან, ექსპრესიონიზმიდან, როდესაც ცდილობდნენ ამ ანთებამოდებული, უწესრიგო ფორმებით მიღწეული ყოფილიყო, რამდენადაც კი შესაძლებელია, მეტი გარეგნული ეფექტი. რევოლუციონურმა პოეზიამ კი ამ უწესრიგობას მისცა შინაგანი აზრი: იდეური დაძაბულობა, რომელიც ახასიათებს ბურჟუაზიულსა და წვრილბურჟუაზიულს ნაწილს პოეტებისას, სავსებით უცნობია ევროპის რევოლუციონური პოეტებისთვის (გერმანიაში — იოანეს ბე-ჰერი, მაქს ბარტელი, ერნესტ ტოლერი, ოსკარ მარია გრაფ; საფრანგეთში — მარსელ მარტინე, ჟორჟ ლუამელი (კორექტურა ალბათ გამოცემისაა: ნ.დ.) ვაიან კუტურე... შანდორ გაბორი, ანტალ გიდაშე; პოლონეთში — ბრუნო იასენსკი, ინგლისში — რობერტ ხოგგ, ამერიკაში — მაიკლ ჰოლდი და სხვ.) უმრავლესობა ამ პოეტებისა სწერს თეთრი ლექსით, როგორც წინათ ვერჰარნი, უიტმენი. სულ სხვა სურათია [თანამედროვე რუსეთში], თანამედროვე საბჭოთა [კავშირში], [რესეფე] რეს-პუბლიკებში: როგორც ბელორუსიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, საქართველოში. რევოლუციის შემდეგ აქ რითმას [არათუ არ დაუკარგავს თავისი ...], მიეცა უფრო ღრმა მნიშვნელობა, იგი გამდიდრდა ახალი მიღწევებით, მიემატა ახალი აზრი ’’(ტაბიძე 2008: 401-402).

საბჭოთა ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის ლუნაჩარსკის სიტყვები, რომელსაც გალაკტიონი ასე ჩაუფიქრებია, არ იყო ლიტონი. იმის გათვალისწინებით, თუ მაშინდელი საზოგადოების - ’’ხალხის მასების ’’ ცნობიერებაზე ზემოქმედების რა ძალას ფლობდა მხატვრული სიტყვა, რომელიც დღეს მასმედიამ ჩაანაცვლა, უფრო გასაგები შეიქნება, რა საფრთხეს უქადდა საბჭოთა სახელმწიფოებრივი წესრიგის ანუ კოსმოსის ფორმირებას ეს ’’ლტოლვა უწესრიგობისადმი’’, დაკანონებული რიტმების სრული დაკარგვა ლექსში ანუ ქაოსი,; როგორ უშლიდა იგი ხელს ’’ახალი ადამიანის’’ აღზრდას, რაც იდეოლოგიური ცენტრის მიერ ხელოვნების ძირითად მიზნად გამოცხადდა. რითმას, რაც ტრადიციულ სალექსო ფორმებში სიმწყობრეს, წესრიგს, სტრიქონთა თავი-სებურ უნიფიცირებას უზრუნველყოფს, საბჭოთა ხელისუფლება მიესალმებოდა და აკანონებდა კიდეც. გალაკტიონისთვის, ვისი კრეაციული ძიებანიც რითმის სფეროში რაოდენობრივად თუ ხარისხობრივად გაცილებით აღემატებოდა თავის თანამედროვეთა წარმატე-ბულ ცდებს, რითმის ეს კანონიზაცია მაინც გარკვეული შვება იყო, თუმცა მას მოუხდებოდა უარის თქმა ქართული ლექსის არაერთი ახალი სახეობის შექმნაზე, ყოველ შემთხვევაში, ლეგიტიმურად მაინც და აქაც არსებობდა ერთი გამოსავალი - ახალი ლექსის გადათარიღება, - ფიქციური მიკუთვნება ადრეული შემოქმედებისათვის, რისთვისაც მას სხვადასხვა მიზნით არაერთგზის მიუმართავს.
გალაკტიონისათვის, ისევე, როგორც სხვა, ’’თანამგზავრი’’ პოეტებისთვის, ლუნაჩარსკის სიტყვები იმდროინდელ მოვლენათა განვითარების ლოგიკური დასასრულისა და უკვე აშკა-რად მოსალოდნელ საბედისწერო მოვლენათა დასაწყისის მაცნე იყო. თუ ოციანი წლებში, საბჭოთა იდე-ოლოგიის მიერ, ლექსის ფორმობრივ სფეროში მიმდინარე ყოველგვარი ძიებანი და ნოვაციები ფორმალიზმად ინათლებოდა და თანდათანობით მზარდი იდეოლოგიური კრიტიკის ობიექტად იქცეოდა, ოცდაათიანის დასაწყისიდან, ’’პროლეტარული მწერ-ლობის მომძლავრების’’ შემდეგ ეს ყოველივე უკვე გადაჭრით იქნა მიჩნეული ბურჟუაზიულ-წვრილბურჟუაზიული მტრული სამყაროს ვერაგულ კულტურულ-იდეოლოგიურ დივერსიად და უშეღავათო ბრძოლის ერთ-ერთ სამიზნედ გადაიქცა. ცხადია, ამ რეპრესიაში უპირველესად მოექცა თავისუფალი ლექსიც, რომელიც ევროპული ლიტერატურიდან გაიცნო და შეითვისა ჯერ რუსულმა და მის კვალად ქართულმა პოეზიამ. ეს კი არა მხოლოდ ვერლიბრისა და ქართული ტრადიციული ლექსის განვითარების პროცესთა ხანგრძლივ კონსერვაციას, არამედ ქართული ევროპეიზმის დასასრულსაც მოასწავებდა.
’’ რაკი უკვე არსებობენ რუსთველი და გალაკტიონი — ერის პოეტური ბიბლია — ქართული სმენისთვის ყოველთვის საჩოთირო იქნება უმეტრო, ურიტმო, ურითმო ლექსის აღქმა, როგორც მუსიკალურად მწირი მხატვრული აქტისა.’’ (ნიშნიანიძე 1978: 112). - წერდა შ. ნიშნიანიძე გასული საუკუნის 70-იან წლებში თავისუფალი ლექსის გამო გამართულ პოლემიკის დროს.
რეალობა კი ასეთია:
‘’რიტმი დედაენისა მოცემულია თავისუფალი ლექსით, თავისუფალი ლექსის დაფუძნებისათვის დაწერილია ჩემმიერ მთელი რიგი ნაწარმოებები:’’ჯონ რიდი’’, ადგილები ’’პაციფიზმში’’, ’’რევოლუციონურ საქართველოში’’ და ’’ეპოქაში.’’ (ტაბიძე 1975:178). — წერდა გალაკტიონი .
მისი თავისუფალი ლექსები დაახლოებით თხუთმეტი წლის მანძილზე იქმნებოდა (1915-1931) და ევოლუციის გზით მივიდა იმ სახეობამდე, რასაც ლექსმცოდნეთა ერთი ნაწილი ’’ნამდვილ ვერლიბრს’’ უწოდებს. გალაკტიონის პირველი ნაბიჯები ამ მხრივ, კონვენციური ლექსის გარეგნულ ფორმას, მის გრაფიკას მიემართებოდა და 1914 წლით თარიღდება. თანდათანობით იგი ქმნის ვერლიბ რის არაერთ გარდამავალ სახეობას, რომლის რიტმული მდინარებაც თავისუფალი და კონ-ვენციური მონაკვეთების ნაირგვარ კომბინაციებს ეყრდნობა. (1916 წლით დათარიღებული ’’ სხვები ჩხავიან, როგორც ყვავები’’,’’ შემოდგომა’’ ). ექვსი თავისუფალი ლექსი შეტანილია ’’არტისტულ ყვავილებში’’(1919): ’’სამრეკლო უდაბნოში’’, ’’ღრუბლები ოქროს ამურებით’’, ’’ვინ არის ეს ქალი’’, ’’ფარდების შრიალი’’, ’’ჩვენი საუკუნე’’ და ’’შიში’’). ოციან წლებში გალაკტიონს , გარდა მის მიერვე დასახელებული ნაწარმოებებისა, შექმნილი აქვს გარდამა-ვალი ვერლიბრის არაერთი სახეობის ნიმუში: ’’ზღვის ეფემერა’’ (1922), ’’ქიმიურ საგნებთან’’ (1924), ’’ ეს ლექსი’’ (1924), ’’დედოფალა ’’, ’’ნანა, მხოლოდ ნანა’’ (1927), ’’შენ ყოველთვის კარგი ხარ’’ (1927), რომელიც სხვადასხვაგვარი პოლიმეტრიისა და თავისუფალი მონაკვეთების კომბინირებით შექმნილ რიტმს ეყრდნობა.
აღნიშნულ ნაწარმოებთა ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნება ცხადყოფს, რომ თავისუფალ ლექსს გალაკტიონი მოიაზრებს არა ჟანრად, არამედ ლექსის სახეობად და მისი იმანენტური ნიშანი რიტმიკაში ეგულება. ეს გარემოება საყურადღებოა იმ მხრივ, რომ მოგვიანებით საბჭოთა ლიტერატურათმცოდნეობაში გაჩნდა წარუმატებლობისთვის განწირული ცდები თავისუფალი ლექსის ჟანრობრივი მახასიათებლების გამოკვეთისა. ამ ცდებს 70-იან წლებში მხარს უჭერდა ქართველ მკვლევართა ერთი ნაწილიც, (ა.ვასაძე და სხვანი), რომელსაც მხედველობიდან გამორჩა ამ მხრივ არა მხოლოდ გალაკტიონის, არამედ ცისფერყანწელ-თა და სხვა პოეტთა 10-20-იანი წლების გამოცდილება. მაგრამ დრო გადის და პოეტს ახალი ეპოქა ახალ მოთხოვნებს უყენებს
... ვარშავა. პოლონელ პროლეტარიატის ომის წინააღმდეგ მიტინგზე სიტყვას ამბობს სეიმის წევრი. ის მიუთითებს იმ საშიშროებაზე, რომელსაც აწყობენ სახელმწიფონი დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით. ეს საშიშროებაა ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. იგი მიუთითებს პოლონეთის მთავრობის აგრესიაზე ლიტვის მიმართ...
ეს არის ფრაგმენტი გალაკტიონის ერთ-ერთი უკანასკნელი უსათაურო ვერლიბრიდან ’’ეს იყო ცხრაას ოცდა ექვს წელში’’ (1930), რომელიც მე განგებ, პროზაული ფორმით წარმოვადგინე. აღვუდგინოთ ტექსტს თავისუფალი ლექსის გრაფიკა:

ვარშავა
პოლონელ პროლეტარიატის
ომის წინააღმდეგ
მიტინგზე
სიტყვას ამბობს
სეიმის წევრი,
ის მიუთითებს
იმ საშიშროებაზე,
რომელსაც აწყობენ
სახელმწიფონი
დიდი ბრიტანეთის
ხელმძღვანელობით.
ეს საშიშროებაა
ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.
იგი მიუთითებს
პოლონეთის მთავრობის
აგრესიაზე ლიტვის მიმართ.(ტაბიძე 1966: 259)

საგაზეთო-ინფორმაციული ენის პირდაპირი ტრანსპორტაცია პოეზიის ენაში, მზა ტექსტზე ძალისხმევის მინიმუმი: გრაფიკის მეშვეობით დანაწევრება, აქცენტებითა და პაუზებით გაჯერება, ამის შედეგად მიღწეული რიტმულ-ინტონაციური დინამიკა - აი ზღვარი, რომ-ლამდეც გალაკტიონი თავისუფალი ლექსის ათვისების გზაზე მივიდა. დღევანდელი მონაცემებით, გალაკტიონის უკანასკნელი ვერლიბრები 1931 წლით თარიღდება. მას შემდეგ პოეტს თავისუფალი ლექსისთვის აღარ მიუმართავს, თუ არ ჩავთვლით დაუმთავრებელ პოემას ’’პუშკინი’’, რომელსაც იგი ორმოცდაათიან წლებში ქმნიდა და ძნელი სათქმელია, როგორ ფორმას მისცემდა საბოლოოდ, კონვენციურ ლექსად ’’გარდათქვამდა’’ თუ ვერლიბრის ფორმას შეუნარჩუნებდა.

***
თუ ვინმე ითავებს ქართული ვერლიბრის ანთოლოგიის შედგენას, რაც, ჩემი ფიქრით, ძალზე საჭირო საქმეა, მეტისმეტად გაუჭირდება, ამოავსოს ის დიდი თეთრი ლაქა, 30-იანი წლების დასაწყისიდან 50-იანებამდე პერიოდს რომ მოიცავს, რადგან თავისუფალი ლექსები, რომელიც იმ პერიოდში იქმნებოდა, ბეჭდურად ნაკლებად ფიქსირდებოდა და ამის გამო კარგა ხნით ლიტერატურის განვითარების პროცესს მიღმა იყო დარჩენილი. მათმა მნიშვნე-ლოვანმა ნაწილმა კი გაცილებით გვიან იხილა დღის სინათლე.
აქ უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობშოთა ჩანტლაძის შემოქმედებას, სადაც ვერლიბრს უპირატესი ადგილი უჭირავს. დანარჩენი მასალა - ძირითადად, თავისუფალი გრაფიკით წარმოდგენილი პოლიმეტრული ლექსებია. მხატვრულ-ესთეტიკურთან ერთად, რა სოციო-პოლიტიკურ ფაქტორებს უნდა განეპირო-ბებინა ვერლიბრითა და სხვა სალექსო ფორმებით ხელახალი დაინტერესება ორმოცდაათი-ანი წლებიდან?
II მსოფლიო ომში ერთმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა დაამარცხა მეორე, მაგრამ ეს გამარ-ჯვება არა მარტომ, არამედ უწინ დაუძინებელ მტრად გამოცხადებულ, აწ უკვე მოკავშირედ ქცეულ წამყვან კაპიტალისტურ სახელმწიფოთა დახმარებით მოიპოვა. მტრადვე მიჩნეული მეზობელი ქვეყნების ფაშიზმისაგან განთავისუფლების შედეგად კი შემოიმტკიცა სოცი-ალისტური ბანაკი. ლოგიკურად გამოდიოდა, რომ ტოტალიტარული რეჟიმის სიმტკიცისა-თვის მუდმივად აუცილებელი, 20-30-იან წლებში დამკვიდრებული,’’საბჭოეთის მტრის’’ ხატი უკვე ძნელი შესანარჩუნებელი იქნებოდა და მინიმუმ, მოდერნიზაციას მაინც საჭიროებდა. ’’გამარჯვების ეიფორიის’’ დაცხრომიდან ახალ, ’’ცივი ომის’’ რიტორიკაზე გადასვლის პარალელურად, მანამდე ჰერმეტული საბჭოთა სივრციდან ამ ქვეყნების კულტურებისკენ ფანჯარა გაიჭრა, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ომისა და ერთობლივი გამარჯვების შედეგად გაჭრილი ეს ფანჯარა მჭიდროდ უკვე ვეღარ იხურებოდა.რედუცირებადი ტოტალიტარიზმის პირობებში ’’თანამედროვე მსოფლიო რეალისტური ლიტერატურის საუკეთესო მონაპოვარის’’ ნიშნით დაიწყო შემოდინება იდეოლოგიურად მისაღები, სელექტირებული მასალისა, რომლის ნაწილი თავისუფალი ლექსიც იყო. ეს ყოველივე საგრძნობლად აფართოებდა ადრე იძულებით შეზღუდულ შემოქმედებით თვალსაწიერს და საშუალებას იძლეოდა, დაძლეულიყო იმდროინდელ საბჭოთა პოეზიაში მომწიფებული თემატურ-ჟანრობრივი და ფორმობრივი კრიზისი: ომში გამარჯვების შემდეგ პატრიოტული, გმირულ-ჰეროიკული პათოსით აღსავსე პოეტური ნარატივი, უკიდურესად გამღერებულ-გახალხურებული ლექსი, მისი ადაპტირებული, კლიშეობრივი იმაგინაციური სისტემა და მეტ-ნაკლებად უნიფიცირებული ფორმა, რომელიც ადრე საბჭოთა მკითხველ-მსმენელი მასების გულისაკენ მსწრაფლ იკვალავდა გზას, უკვე არააქტუალური ხდება, მკვეთრ ვარდნას იწყებს მისი ტონუსი. ამ კრიზისულ ფონზე, მანამდე იდეურად ’’ერთიან’’ საბჭოთა პოეზიაში ჩნდება დისინტეგრაციის პირველი ფრთხილი, მოსინჯვითი სიგნალები, რომელზეც საბჭოთა იდეოლოგია, ცენზურის მეშვეობით მწვავედ, (თუმცა უკვე - არა ფატალურად), რეაგირებს. თანდათანობით იგი უკვე მოთვინიერებული მწერლობისადმი(ა.ბაქრაძე) ლოიალურიც ხდება, მაგრამ 50-იანელთა ახალთაობას ჯერ მაინც დანაღმული ველი აქვს გასავლელი.
იმდროინდელი ახალი თაობა პოეტებისა ორიენტირებულია მხატვრულ-ესთეტიკური სიახლისაკენ, მაგრამ დეზორიენტირებულია იდეოლოგიურად: საუკუნის დასაწყისის პოეტთა გამოცდილება ოფიციალურად დაგმობილია. მათგან ვინც ცოცხალი გადაურჩა 30-იანი წლების რეპრესიებს, იძულებულია, მუდამ ახსოვდეს, რა დიდსულოვნად ეპატია ხელისუფლებისაგან ’’წარსულის შეცდომები’’ და მოუფრთხილდეს ამის სანაცვლოდ მიღებულ კლიშე-ინდულგენციას: ’’მან ხარკი მოუხადა სიმბოლიზმს, მოდერნიზმს ’’და ა.შ, თუმცა არაპროგნოზირებად გარემოში ეს უსაფრთხო არსებობის გარანტიას მაინც არ იძლევა.
ამ თვალსაზრისით სიმპტომატურია 1952 წელს შოთა ჩანტლაძის მიერ თავისუფალ ლექსად დაწერილი პოეტური ’’მანიფესტი’’ ეს არის ტექსტი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რარიგ ამაოდ ცდილობს სიახლისმაძიებელი ახალგაზრდა პოეტი, მოარიგოს თავისუფალ ლექსთან, როგორც შემოქმედებითი თავისუფლების გამოვლინების ფორმასთან, ’’ჭეშმარიტი შემოქმედებითი თავისუფლების’’ საბჭოური გაგება, და სოციალისტური რეალიზმის პრინციპები. ლექსი, რომელშიც კვლავ ლუნაჩარსკის, გორკისა და სხვა იდეოლოგთა სიტყვების ექო ისმის, გაჯერებულია ’’წინაპრების’’ - გალაკტიონისა და ცისფერყანწელთა პოეზიისა და ბიოგრაფიის ალუზიებით, ოღონდ ეს ალუზიები ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურ პლანშია წარმოდგენილი. (რაკი განსხვავებით კონვენციური ლექსისაგან, ვერლიბრის ფრაგმენტული ციტირება ძნელია, თან ამჯერად ამ ვრცელი ტექსტის მხოლოდ შინაარსი გვაინტერესებს და არა ფორმა, გადმომაქვს პროზის სახით):

’’ბატონებო და ქალბატონებო,ეს გახლავთ ჩვენი უკანასკნელი სიტყვა,ჩვენი პირველი და უკანასკნელი სიტყვა გახლავთ ეს პოეტები დაეშვნენ ოლიმპოდან. იმათთვის, ვინაც წინ მიგვიძღვოდა ჩვენ, პოეზია გახლდათ ფუფუნება; ჩვენთვის კი იგი — პური და წყალია და წარმოუდგენელია ცხოვრება უმისოდ. პატივისცემით უნდა მოგახსენოთ - წინაპრებისგან განსხვავებით - ჩვენ მიგვაჩნია:ალქიმიკოსი როდია პოეტი .იგიც სხვასავით ადამიანია,იგი კალატოზია სახლის მშენებელი, იგია მშენებელი, რომელიც კედელში ფართო კარებს და ფანჯარას ჰკვეთს.ჩვენ ერთმანეთში ვლაპარაკობთ ჩვენი დღეების უბრალო ენაზე, კაბალისტიკის არ გვწამს არაფერი. და კიდევ ერთი დედამიწაზე იმისათვის არსებობს პოეტი,რათა ხე მრუდედ არ ამოიზარდოს აროდეს. ჩვენ ამით მოგმართავთ თქვენ და ვდგებით გზაზე პოეტ-დემიურგის,იაფი პოეტის,წიგნთსაცავის ვირთხას რომ გავს. პატივისცემით მოგახსენებთ —ყველა ეს ვაჟბატონი უნდა გასამართლდეს,რამეთუ აგებენ ჰაეროვან კოშკებს და უმოწყალოდ ფლან-გავენ სივრცესა და დროს. უძღვნიან სონეტებს მთვარეს, სიტყვებს აწყობენ ალალბედზე, იცავენ პარი-ზის უკანასკნელ მოდას, ხოლო ჩვენებურად კი ასე არ არის: აზრი იბადება არა ბაგეებზე, არამედ გუ-ლისგულში იბადება აზრი. გადაჭრით უარვყოფთ — მზის სათვალეების პოეზიას, პლაშჩის და ხანჯ-ლის, ფრთიანი შლიაპის პოეზიას. სამაგიეროდ, გთავაზობთ — ნათელი თვალის პოეზიას, გაშიშვლე-ბული სულის,შიშველი თავის პოეზიას.არ გვწამს არაფერი ალის და ფერიების.პოეზია არის ასული, ერთი იღლია მწიფე თავთავებით ანდა პოეზია საერთოდ არ არის. სად არიან ისინი, ვინც წინ მიდი-ოდნენ, ჩვენი კეთილი და უახლოესი წინაპრები... მე ვიცი ერთი: მათგან მხოლოდ ცოტანი აღწევდნენ ხალხის გულამდე და ცხოვრობენ ამ გულში.სხვები კი მუდამ, როცა კი შეეძლოთ, გამოდიოდნენ სიტყვით და საქმით პოეზიის არსის წინააღმდეგ...მით უფრო მწარეა აღიარება,რომ მათი პოეზია — კატასტროფაა, ზეიმი მეორეხარისხოვანი სიურ-რეალიზმის, დეკადენტობა მესამე ხარისხის, ნაპირზე ზღვისაგან მოგდებული ძველი ფიცრები, ზედსართავი ლექსები, ცხვირისა და ხორხის პოეზია, თვითნებური, წიგნებიდან გადმოწერილი, რომლის საფუძველში ძევს სიტყვის რევოლუცია. თუმცა, პირობის თანახმად, იგი უნდა დადგეს გრძნობისა და იდეის რევოლუციის საფუძველზე. ნახევარდუჟინი რჩეულების მოჯადოებული წრე: აბსოლიტურად თავისუფალი სიტყვა! და დღეს ჩვენ ვიკითხავთ გაოცებით: რისთვის იწერებოდა ყოველივე ეს? იმისთვის, რომ დაეშინებინათ წვრილი ბურჟუაზია? რა ტყუილა დაკარგულა დრო! ბურჟუა რეაგირებს მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ეხება საჭმლის მონელებას. შეეცადეთ შეაწუხოთ იგი ლექსებით! ასეთია ვითარება: სანამ ისინი აფუ-ძნებდნენ შებინდების პოეზიას, ღამის პოეზიას, ჩვენ ვიცავდით განთიადის ლექსებს, ცისკრის პოე-ზიას პოეზიის სინათლე უნდა უნათებდეს ყველას დედამიწაზე, ყველგან დედამიწაზე, ყველამდე აღწევდეს. . .’’ (ჩანტლაძე 1984: 84)

ვფიქრობ, ტექსტის საერთო ლოგიკიდან გამომდინარე, აქ სიტყვები : ’’და ვდგებით გზაზე პოეტ-დემიურგის’’- უნდა გავიგოთ, როგორც გზაზე გადავუდგებით, ვეღობებით, გზას ვუკეტავთ პოეტ-დემიურგს. ცხადია, ხანგრძლივი დროითი წყვეტის შემდგომ თავისუფალი ლექსის ათვისების ახალი ცდისას ქართული ვერლიბრის პირველშემომტანი ’’წინაპრების’’ ამგვარი რეცეფცია უკვე გამორიცხავს მათი პოეტური გამოცდილების გაზიარებისა და ტრადიციის აღდგენის ალბათობას. გალაკტიონისა და ცისფერყანწელთა გამოცდილებას ნაკლებად იზიარებენ ვერლიბრის შედარებით გვიანდელი ავტორებიც. ყოველ შემთხვევაში, ეს დასტურდება ბესიკ ხარანაულის სიტყვებში : ’’ მე როცა ვიწყებდი,თავისუფალი ლექსები იმ სახით, გულზე რომ მომხვედროდა, არ მინახავს.პირადად ჩემს შემოქმედებაზე გალაკტიონის ვერლიბრებს უშუალო გავლენა არ მოუხდენია. თქვენ კი გეგულებათ ვინმე, ვინც ტრადიციად გალაკტიონის ვერლიბრი აიღო? ’’(ხარანაული 2002: 133 ) .

***
50-იან წლებში გამოქვეყნებული თავისუფალი ლექსებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა მუხრან მაჭავარიანის ’’მიწურული მეცხრამეტე საუკუნისა ანუ იმერული ქელეხი’’ (1951-1953):

ასწლოვან მუხებში გაშლილია მდიდარი სუფრა.
გარდაიცვალა ცნობილი თავადი ფრიდონ!...
— ჩინებული აღაპია!
ღატაკი აზნაური — კოწია — თავაზიანობს ნამეტანს:
—კარტოფილს არ მიირთმევთ, ქალბატონო აგრაფინა?!

მანდილოსანმა გადმოიღო მცირედი ულუფა —
ღიმილით ნაზით...
მამაკაცები ეწაფებიან უშველებელ ყანწებს...
კოწია — არწივი ბახტრიონის,
აგრაფინა — ვარდი შირაზის,
ეარშიყებიან ურთიერთს;
მოდგენ ხასიათზე — რაღაი გაძღენ.

(ო... ეს კი აღარ ვარგა):
კოწიამ ყელი მოიღერა სამღერლად.
დაიჟინა: — ქორწილში ვართო!
არწმუნებს აგრაფინას:
— მე... ვარ იადონი...
და დღეს შენზე ვიწერ ჯვარს, ქორფა ვარდო! (მაჭავარიანი 1979: 39)

ამ ვერლიბრს, რომელიც სპორადულად არის გარითმული და თავისუფალი გრაფიკა აქვს, ქართულ პოეზიაში თავისი ე.წ. იდენტური ტყუპისცალი ჰყავს.(თუმცა იგი გაცილებით გვიან იშვა). არა მხოლოდ მსგავსი სათაური, არამედ, უკიდურესი მსგავსება ყველა დონეზე: თემა, ნარატიული სიტუაცია, ამ სიტუაციის ირონიულ-პაროდიული ხედვა, კომპოზიცია, თავისუფალი გრაფიკა, თავისუფალი რიტმი, იმერული დიალაქტიზმებით გაჯერებული სასაუბრო მეტყველება, სპორადული რითმები სტრიქონების ბოლოს და ა.შ. ... ოღონდ მუხრან მაჭავარიანის ლექსში თუ თავადი ფრიდონის გარდაცვალების ამბავია, შოთა ნიშნიანიძის ’’იმერული სატირალი’’ მინადორა ბიცოლას ამბავს გადმოგვცემს:

ტირიან დეპეშები,
მოთქვამენ დეპეშები,
თმა-წვერს იგლეჯენ და ლოყებს იხოკავენ:
მოდიან ზუზუნით,
მორბიან კივილით სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა კილოკავით.
ტირიან ასი წლის მინადორას —
მამიდას,
ბიცოლას,
დეიდას,
`აღმზრდელს და საყვარელს~,
`ძვირფასს და დაუვიწყარს~,
— დევიღუპეთ,
დავობლდით დღეიდან,
ბაზარია,
დოღია,
ცირკი თუ სტადიონი?
ერთ ეზოში დატეულა მთელი რაიონი.
გადი-გამოდიან,
გადი-გამოდიან,
გარბი-გამორბიან ბებრუხანა მაშვლები:
— ე, ბეჩა, რას შვები?!
ულვაშებზე ხელს ისვამენ იერემია წარბები
და ბუღის თვალებით ფურირემს `არბევენ. (ნიშნიანიძე 1989: 448-449)

რატომ გავამახვილეთ ყურადღება ტოტალიტარიზმისა და შემოქმედებითი თავისუფლების შესახებ საუბრისას კერძოდ, ამ ორი ლექსის ურთიერთმიმართების მაგალითზე ?
საქმე ის გახლავთ, რომ 70-იან წლებში ვერლიბრის გამო გამართულ პოლემიკაში შოთა ნიშნიანიძე ვერლიბრის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგედ და კონვენციური ლექსის დამცველად გამოდიოდა, მეორე მხრივ კი, თავადვე ეძებდა გზებს, გამომსახველობით საშუალებებს თავისუფალი ლექსის შესაქმნელად. უთუოდ ამ წინააღმდეგობის ასახსნელად განმარტავდა იგი პოლემიკისას, რომ ებრძოდა არა ზოგადად ამ სალექსო ფორმას , არამედ მოძალებას უმწეო ,’’უცეცხლო’’ პოეტური ტექსტებისა, რომელიც თავისუფალი ლექსის ეგიდით მკვიდრდებოდა ქართულ პოეზიაში, მაგრამ ხელისუფლებისა და მკითხველთა მიერ ერთობლივად აღიარებული ამ პოეტის სოციალური სტატუსი იმდენად მაღალი იყო, რომ ეს ყოველივე თავისუფალი ლექსისა და შემოქმედებითი თავისუფლებისადმი ლიტერატურული ოფიციოზის პოზიციად ფიქსირდებოდა. შოთა ნიშნიანიძე წერილში ’’პაწაწკინტელა სოფიზმები და დიდი რეალობა’’ ასე სვამდა საკითხს: ჰქონდა თუ არა უფლება მის საპირისპირო პოზიციაზე მდგარ მოკამათეს, რომელიც სულ ახალი დანიშნული იყო ალმანახ ’’კრიტიკის’’ მდივნად, გამოეთქვა საკუთარი აზრი ვერლიბრის დასაცავად: ’’მაშინ, როცა ნამდვილი მედროშეები ჩუმად არიან. მოულოდნელი იყო რომაული მახვილი, ლიქტორის წკეპლა, სჯულმდებლის მანტია ... ყოვლისმცოდნის პოზა... საიდან გაუჩნდა ოპონენტს საკუთარ თავზე ასეთი წარმოდგენები? როცა კაცს სხვაზე მეტი არ გაუკეთებია, ხმაც არ ამოეღება, თორემ დაუმსახურებელი პოზა მასვე ხდის სასაცილოს’’( ნიშნიანიძე 1978: 114 ).- პასუხობდა შ. ნიშნიანიძე მამუკა წიკლაურს ალმანახ ’’კრიტიკაში’’ გამოქვეყნებულ წერილზე ’’კრიტიკული ლაშქრობა უფაქტებოდ’’.
ცხადია, დიალოგურობის პრინციპებზე დაყრდნობილ, დემოკრატიულ საზოგადოებრივ -კულტურულ სივრცეში საკითხის ამაგვარად დაყენება - უბრალოდ, ნონსენსი იქნებოდა და ეს კვლავ ტოტალისტური ცნობიერების გამოხატულება იყო, ისევე როგორც იმდროინდელი უკიდურესი მითიზაცია თავისუფალი ლექსისა.
გასული საუკუნის ქართული ვერლიბრის ისტორიის პრობლემატიკაზე მუშაობისას არ არის ადვილი, არა მხოლოდ ამ, არამედ პოლემიკის სხვა მასალებიდან გაიმიჯნოს ლიტერატურათმცოდნეობითი და სოციალური ასპექტები, მხარეთა ურთიერთსაპირისპირო არგუმენტებიდან მოიხელთებული იქნეს საკუთრივ ლექსმცოდნეობითი თვალსაზრისით საყურადღებო მომენტები, დაფიქსირდეს მათ შორის ლოგიკური კავშირები.
1978 წლის ჟურნალ ’’ცისკარის’’ მეოთხე ნომერში გამოქვეყნებული ანკეტა კი ღირსე-ბებთან ერთად, ლექსმცოდნეობითი თვალსაზრისით, იმ ნაკლით ხასიათდებოდა,რომ შემდგენელთა მიერ სიღრმისეულად არ იყო გააზრებული პრობლემა, რომლის თაობაზეც აზრის გამოთქმას სთხოვდნენ ქართველ მწერლებსა თუ ლიტერატურათმცოდნეებს. ეს ჩანს შემდეგი კითხვის ფორმულირებაში: ’’რომელი ლექსის წაკითხვა გირჩევნიათ, რითმიანისა თუ ვერლიბრის და რატომ?’’ აქ პრინციპული ხასიათის შეცდომა იყო დაშვებული, რადგან ანტონიმურ წყვილად მოიაზრებოდა ვერლიბრი და რითმიანი ლექსი, რომელიც შეიძლება იყოს კონვენციურიც და არაკონვენციურიც ანუ თავისუფალი, როგორც ეს ვნახეთ მუხრან მაჭავარიანისა და შოთა ნი-შნიანიძის ლექსების მაგალითზე, ხოლო ვერლიბრი, ანუ თავისუფალი ლექსი, რომელიც რითმასთან დამოკიდებულებაში შეუზღუდავია, გაიგივებული იყო ვერბლანთან ანუ ურითმო, თეთრ ლექსთან. ამ ანკეტის პასუხებში გამოიკვეთა ტენდენცია,დასაბუთებულიყო, რომ ვერლიბრს ჩვენშიც ისეთივე ძველი მრავალსაუკუნოვანი (და შესაძლოა — უფრო ძველი) ტრადიცია აქვს, როგორც კონვენციურ ლექსს (ჯ. აჯიაშვილი, გ. ბაქანიძე). ახალ მოვლენად მიიჩნევენ მას გ. გაჩეჩილაძე, ა. გაწერელია, ნ. კაკაბაძე, გ. კანკავა, ჯ. ღვინჯილია, ვ. ჯავახაძე და გ. ასათიანი. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ა. გაწერელიას აზრი: ’’ვერლიბრის თავისებურება ისაა, რომ მისი უხმო კითხვის თუ ზეპირი წარმოთქმის დროს საზომი მკაფიოდ არ ვლინდება სისტემის სახით, თავისუფალ ლექსში იგი (მეტრი) მონაწილეობს პოტენციალურად და მეტწილად აუნაზღაურებელი მოლოდინის სახით’’ (გაწერელია 1978: 118), თუმცა, ეს აზრი ესადაგება გარდამავალი ვერლიბრის ერთი, კერძო სახეობას და მისი განზოგადება ვერ-ლიბრის მრავალ სახეობაზე, თუნდაც გალაკტიონის მრავალფეროვან თავისუფალ ლექსებზე - შეუძლებელია. და რაც მთავარია, პოლემიკასა და ანკეტაშიც კვლავ მივიწყებული იყო მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული ტრადიცია, რომელიც არა მხო-ლოდ გალაკტიონის, არამედ ცისფერყანწელების, ფუტურისტების, ზოგადად ქართული მოდერნიზმის წარმო-მადგენელთა სახელებს უკავშირდებოდა თუმცა ამას ერთი ახსნა მაინც ეძებნება. მათ ესეისტიკაში დაფიქსირებული მასალები, რომელიც ვერლიბრის რაობას, ისტორიას და ა.შ. შეეხებოდა, ლიტერატურულ აზროვნებაში ძირითადად ოთხმოციანი წლებიდან აქტუალიზდება მანანა ხელაიას მიერ გამოცემული კრებულის ’’ქართული ლიტერატურული ესსე’’(ხელაია 1986) წყალობით. და რაკი იმდროინდელი კულტურული მეხსიერებიდან ხელოვნურად მოხსნილია თავისუფალი ლექსის პრაქტიკული და თეორიული ათვისების სიმბოლისტურ-მოდერნისტული გამოცდილება, იქმნება რუსული გზით შემოსული უცხოური თავისუფალი ლექსების შუალედური თარგმანები, ძირითადად ათმარცველედით ან თოთხმეტმარცვლედით. ამ პრაქტიკას ისიც უმაგრებს ზურგს, რომ თარგმანის თეორიაში დამკვიდრებულია აზრი , რომ თავისუფალი ლექსი ’’ქართულად შესაძლებელია, მხოლოდ მტკიცე მეტრის საზღვრებში არსებობდეს.’’ (გაჩეჩილაძე 1959: 310)
ოთხმოციანი წლების დასაწყისიდან ვერლიბრის დამკვიდრების პროცესი პოლემიკურიდან დიალოგურ ფაზაში გადადის, ქვეყნდება თეიმურაზ დოიაშვილის საუბარი ტარიელ ჭანტურიასთან,სათაურით’’ჯერი ახლა პოეტებზეა!’’ (დოიაშვილი 1989:90) სადაც 70-იანი წლების ლიტერატურული პროცესების ფონზე გამოკვეთილია ძირითადი კანონზომიერებანი და ტენდენციები ქართული ლექსის განვითარებისა. ეს არის იმ დროისათვის პირველი შემთხვევა ვერლიბრის პრობლემის გადატანისა პროფესიონალური დიალოგის სფეროში და მიუხედავად იმისა, რომ მხარეები საკითხთა წყების შესახებ განსხვავებულ პოზიციებზე დგანან და თანაც, როგორც ასეთ შემთხვევებშია მოსალოდნელი, დიალოგი კრიტიკოსის ლოგიკურ-ანალიტიკური დისკურსისა და პოეტის ასოციაციურ-სახეობრივი დისკურსის კოორდინირების პირობებში ვითარდება, მასში უკვე შემოწერილია ის სააზროვნო არე, რომელშიც თავსდება თავისუფალი ლექსის პრობლემატიკა.

განვითარებული სოციალიზმის პირობებში, რაც რედუცირებადი ტოტალიტარიზმის ფაზაში თავსდება, კომუნისტური ხელისუფლება საგარეო-კულტურული პოლიტიკის ახალ კურსს ისახავს - საკუთარი კულტურული მონაპოვრის რეპრეზენტირებას მსოფლიოს წინაშე. ეს ითვალისწინებს ორმხრივი კულტურული ურთიერთობის გაფართოებას არა მხოლოდ ’’მოძმე სოციალისტურ ქვეყნებთან’’, არამედ კაპიტალისტურ სახელმწიფოებთან, რასაც გარე სამყაროდან ლიტერატურის სფეროშიც მრავალი სიახლე შემოაქვს, იდეოლოგიური ცენტრის ლოიალური დამოკიდებულების პირობებში საბჭოურ მენტალობაში შესამჩნევი ცვლილებები ხდება. სიტყვა ’’თავისუფლება’’ იფართოებს კონოტაციურ არეს. 60- 70 -იან წლების მიჯნაზე მოსულ პოეტთა ახალი ნაკადი სარგებლობს იდეოლოგიური ცენტრიდან სანქცირებული ამ თავისუფლებით და მისი ერთი ნაწილი სწორედ რითმას, როგორც თავისუფლების შემზღუდავ ნიშანს უპირისპირდება. ეს საერთო პათოსი მოგვიანებით ამგვარად გამოიხატა დალილა ბედიანიძის ლექსში:

ვათავისუფლებ ოთხ სტრიქონზე ჯვარცმულ რითმებს და
მარცვალდათვლილ სიტყვებს ლექსში ვათავისუფლებ,
ვათავისუფლებ დარაჯებს და არადარაჯებს
და მერე თვითონ თავისუფლებას ვათავისუფლებ.

გადამწყვეტი შეტევა რითმაზე,როგორც უწინ შემოქმედებითი თავისუფლების ამკრძალავ, აწ კი შემზღუდავ ნიშანზე, 60-70-იანი წლებიდან ერთდროულად ორი განსხვავებული მიმართულებით ხდება: ერთია პაროდირება, ანუ ირონიულ-პაროდიულ ლირიკაში მისი მახვილგონივრული გამოყენება; მეორე - მისი ნეგაცია, ანუ მოძალება ვერლიბრად სახელდებული ურითმო ლექსისა, რომელსაც თავისუფალი გრაფიკა აქვს და რეალურად პოლიმეტრულ (5/4/5) (5/5) საზომთა კომბინაციას წარმოადგენს. აღნიშნული პერიოდიდანვე შეინიშნება ერთი მოვლენა -’’კლასიკური ’’ გრაფიკის მქონე კონვენციური ლექსების არათანაბარ ’’ სტრიქონებად დატეხვა’’ ხელახალი გამოქვეყნებისას, რაც თავისუფალი ლექსის ილუზიას ქმნის და თითქოს აუქმებს საზღვარს ვერლიბრსა და ვერბლანს შორის. ლექსმცოდნეობითი კუთხით, ეს იქნებ ლექსის რიტმული მონოტონიიდან განთავისუფლების, ინტონაციური აქცენტებითა და პაუზებით გამდიდრების ცდადაც მიგვეჩნია,, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ,რომ გამოქვეყნებული ლექსის საზღაური იმ დროს სტრიქონთა რაოდენობით განისაზღვრებოდა, ვფიქრობ, კვლავ ჩნდება მოტივი, სალექსო ფორმის განვითარებაზე სოცია-ლური ფაქტორის გავლენის შესახებ სამსჯელოდ.
პოსტსაბჭოური თაობის მიერ წინამორბედთა კონვენციური და თავისუფალი ლექსიც უკ-ვე საბჭოურ, ტრადიციულ მოცემულობად მოიაზრება და მათდამი დამოკიდებულებაც არა-ერთგვაროვანია. უშუალო კონტაქტების დამყარება გარე კულტურულ სივრცესთან ხსნის პერსპექტივას ქართული კულტურის ახალი, ვესტერნიზაციით ნიშნით წარმართვისა-თვის.
საბოლოოდ ,თუ ქართული ვერლიბრის ისტორიას ერთდროულად სოციოლოგიური თვალთახედვითაც მივუდგებით, იძულებითი წყვეტადობის ფაქტორის გათვალისწინებით შესაძლოა საუბარი მასში სამი ფაზს არსებობაზე :
1. მეოცე საუკუნის 10-იანიდან 30-იანის დასაწყისამდე ე.წ. ევროპეიზაციის ფაზა, რომლის დროსაც ქართული თავისუფალი ლექსი ფორმობრივად მრავალფეროვანია.
2. 50-იანიდან 80-იანის ბოლომდე - თანდათანობით რედუცირებადი ტოტალიტარიზმის ფაზა, როდესაც თავისუფალი ლექსი რაოდენობრივად თანდათანობით მატულობს, მაგრამ ფორმობრივი თვალსაზრისით მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა.
3. 90-იანი წლების დასაწყისიდან, ე.წ. პოსტსაბჭოური პერიოდიდან დღემდე - ვესტერნიზაციის ფაზა, რომელშიც, ისევე როგორც წინა ფაზებში, რამდენიმე ქვეფაზის გამოყოფაა შესაძლებელი, ტრადიციულ და დასავლურ კულტურათა კონტექსტებთან მიმართების გათვალისწინებით და თავისუფალი ლექსი მკვეთრად პრევალირებს რაოდენობრივად და სახეობათა მრავალფეროვნების მხრივ.
მესამე ფაზის განვითარების შემდგომი ქვეფაზების შესახებ ჯერჯერობით პროგნოზირება თუ შეიძლება. ზოგადად კი უნდა ითქვას, რომ არ გამართლდა აზრი,თითქოს თავისუფალი ლექსის ფორმა შეუთავსებელია ქართული ლექსის ბუნებასთან , რასაც ქართული ვერლიბ-რის საუკეთესო ნიმუშების არსებობა თვალნათლივ ადასტურებს.

- - - - - - - - - -- - - - -- -
დამოწმებული ლიტერატურა

გაჩეჩილაძე 1959: გაჩეჩილაძე გ. მხატვრული თარგმანის თეორიის საკითხები თბილისი: გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’. 1959.
გაწერელია 1978: გაწერელია ა. საუბარი პოეზიაზე. ’’ცისკრის’’ ანკეტა. ჟ.ცისკარი. 4. 1978. დოიაშვილი 1989: დოიაშვილი თ. გუშინ დღეს , ხვალ.თბილისი: გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’. 1989.
მაჭავარიანი 1979: მაჭავარიანი მ. ერთტომეული.თბილისი: გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო. 1979.
ნიშნიანიძე 1978: ნიშნიანიძე შ. პაწაწკინტელა სოფიზმები და დიდი რეალობა. ჟ.ცისკარი2. 1978.
ნიშნიანიძე 1989: ნიშნიანიძე შ. ლირიკა.თბილისი: გამომცემლობა ’’მერანი’’1989.
ტაბიძე 1966:ტაბიძე გ. თხზულებანი 12 ტომად. ტ. III.თბილისი: გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’. 1966.
ტაბიძე 1975: ტაბიძე გ. თხზულებანი 12 ტომად . ტ.XII.თბილისი: გამომცემლობა’’საბჭოთა საქართველო.1975.
ტაბიძე 2008: ტაბიძე გ. საარქივო გამოცემა ოცდახუთ ტომად. ტXXII.თბილისი: გამომცემლობა ’’ლიტერატურის მატიანე’’. 2008.
ჩანტლაძე 1984: ჩანტლაძე შ. თენდება,ღამდება. თბილისი:გამომცემლობა ’’ლიტერატურის მატიანე’’ . 1984.
ხარანაული 2002: ხარანაული ბ. სანამ ცოცხალია ენა. კრ.’’გალაკტიონოლოგია1’’. თბილისი: შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა. 2002. ხელაია 1986: ხელაია მ. ქართული ლიტერატურული ესსე. თბილისი: გამომცემლობა ’’მერანი’’. 1986.

Saturday, July 11, 2009


ბაბოს სიხარული ! ჩემი ამერიკელი მაუგლი - ადრიანა ჰელენა ჩეფმენი თავის ორ აკელასთან ერთად.

შუაღამური

მკითხა: ამ ღამით ვინ დაგტოვა ქუჩაში მარტო?
მივუგე: რა ვქნა, გავაცილე სტუმარი ღამის.

მკითხა: მეცნობი,სად ცხოვრობო.
მივუგე: ახლო.

მკითხა: არ გინდა,მიგაცილო?
მივუგე: კარგი!

მკითხა: სახელი რა გქვიაო.
მივუგე: ანა.

მკითხა: როდესაც დამინახე,სულ არ შეშინდი?
მივუგე: ცოტა, როცა ჩრდილმა გაიხმიანა.

მკითხა: არ გცივა? მოიხურე ჩემი ჟაკეტი!
მივუგე: გმადლობ.რა თბილია!
როგორ მეამა!

მკითხა: თუ გჯერა, ვარსკვლავების ან ბედისწერის?
მივუგე: მგონი, ვარსკვლავები მუდამ ტყუიან.

მკითხა: ეს არის შენი კარი?
მივუგე: დიახ!

მკითხა: გექნება ჭიქა ჩაი?
მივუგე: არა!

მივკეტე კარი და ჟრჟოლამაც გადამიარა.

Tuesday, July 7, 2009

ედინბურგში,რობერტ ბერნსის ფართიზე


შვიდი კანონიკური ჰაიკუ

დაცემამდე

ზაფხულის დილა.
ბალახის ღერის წკიპზე
კიდია წვეთი.


მიუწვდომლობა

ზამთარი . თოვლი.
კარალიოკი ისევ
ხის წვერზე დარჩა.


სიცოცხლე

მზემ დასცა კაცი.
ძველი სახლი კი დგას,
ხვლიკს მოუხმობს ხვლიკი.


ღამე

მშობლები - ბაღში
დაუკრეფავში.მიწამ
ჩაიკრა ბავშვი.


სიყვარული

გაშლილ მდელოზე
დაგორდა ვაშლი,თავბრუ
დაეხვა ჭიას.


დრო

გათხრილ სამარხში
ძველი ძვლებია,ძაღლო,
გეყოფა ყეფა!


ცივი გრანულა

დადგა ზამთარი.
მიწიდან ხეზე ვეღარ
ფრინდება ჩიტი.

თამაშგარე

ნინო დარბაისელი

ის თამაშიდან გამოაგდეს უხეშობისთვის.
სიბრაზისაგან
თვალის ფერი არ ემჩნეოდა.
დაჯდა მარტოკა,
მოედნისკენ ზურგმიქცეული.


მე - შევცქეროდი,
იმზურგსუკან
როგორ დარბოდნენ ,
როგორ დაობდნენ
უნაპერწკლოდ
დარჩენილები.
უსტვენდა მსაჯი
მოხალისე კალათბურთელებს.
დიდი,
მხტუნავი ფორთოხალი
მზეში ბრუნავდა.
მზეში ბრუნავდა
ფორთოხალი ფარსაცდენილი,
მოედანგარეთ ვარდებოდა,
ახალმწვანეში,
ზოგჯერ ბადეშიც ეხვეოდა…
და არ ხდებოდა საბოლოოდ აღარაფერი.


დაუცხრა მზერა ალესილი,
კისრის ძარღვები დაბერილი
ნელა ჩაუდგა
და ცხელი ქშენაც მიუწყნარდა
ნესტოებიდან
და აღარც ლურჯი მაისური უტოკავდა
ოფლიან მკერდზე,
მაგრამ
უეცრად,
სულისაბერვით აიყარა შუბლიდან თმები ,
როდესაც
გოგომ კაფანდარამ ,
მკერდმოკოკრილმა,
მოუხედავად ჩამოუარა
და სიშორიდან
ერთმანეთი იგრძნეს ტანებმა.

ბიჭმა ენაზე დაისველა მომლაშო ცერი
და გადაყვლეფილ მუხლისთავზე
ბეჭდად დაისვა,
მერე ნებივრად გაიზმორა
და ერთიანად ჩასუნთქული მთელი სამყარო
ამოამთქნარა უდარდელად .

წამოუბერა .
მე ავიტატე შვილიშვილი
შინ გავეშურე ,
იქ კი ,ზურგსუკან
გრძელდებოდა ისევ თამაში.

მზეში ბრუნავდა
ფორთოხალი.
ბრუნავდა მზეში .

კენგურუ

-->
ნინო დარბაისელი

არ მესმის შენი,
არაფერიც არ მესმის შენი.
ერთი,
გაბმული ხმაურია სუყველაფერი,
რაც არ მანიშნებს,
რომ სამალავი სადღაც ,ახლოა,
ანდა საზრდოსკენ არ მიმახედებს..
მე მდედრი ვარ და
დედა ვარ და
სხვანაირად როგორ ვიქნები!


ნიავს მოჰქონდა სუნი შენი ,
გაუგებარი.
გემალებოდი,
გაგირბოდი,
ახლა კი ,
როგორ მიცახცახებს მთელი სხეული…


ნუ შემეხები!
კუდიანი ვარ,
თვალმრუდი ვარ,
თანაც ხელმოკლე
და არც ფეხები მაქვს ჩამოქნილი,
რადგან
ურყევად უნდა ვიდგე
და თუ გაჭირდა,
საკუთარ თავსაც გადავახტე.
მე მდედრი ვარ და
დედა ვარ და
სხვანაირად როგორ ვიქნები!


შვილი?
ა-აა, შვილი?!
იმან თავის ჩანთა აივსო,
მე - იმის ნაცვლად
დილდილობით ვანანავებ
მზეს ახალშობილს,
ღამღამობით კი
მთვარესა და
წვრილ-წვრილ ვარსკვლავებს …

ჩუ-უ,
ბალახებში რაღაც ფაჩუნობს!

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
კენგურუ - როდესაც ბრიტანელმა მოგზაურმა ავსტრალიაში პირველად დაინახა უცნაური ცხოველი,რომელიც უხარმაზარ ბოცვერს ჰგავდა, მაგრამ მუცელზე ჩანთა ჰქონდა , აბორიგენს ინგლისურად ჰკითხა,რა ჰქვიაო.”კენ გუ რუ”- უპასუხა აბორიგენმა,რაც ნიშნავდა ”არ მესმის შენი”.

_ _ _ _ _ _ _ _ _
ექსპლიკაცია

”კენგურუ ” ეროტიკული თემის დამუშავების ახალ ცდას წარმოადგენს.მკითხველთა ერთი ნაწილისათვის ,შესაძლოა, გაუგებარიც აღმოჩნდეს ეროტიკისთვის მისი მიკუთვნების მოტივი.შევეცდები ,ავხსნა ჩემი ჩანაფიქრი:ლექსი ორ პარალელურ ნარატიულ პლანს შეიცავს.პირველი - ფასადური პლანი ეგზოტიკური ცხოველის ,კენგურუს ამბავია,მეორე - რთულ ინტიმურ სიტუაციაში აღმოჩენით დამფრთხალი ქალის აფექტური მონოლოგი,რომელიც ლოგიზაციას ესწრაფვის.ამ ორი ნარატივის კორელაცია ხდება სიმბოლო - ალეგორიის მეშვეობით.სიმბოლურად და ალეგორიულადაც კენგურუ შეესაბამება დედას,ნაყოფიერებას.სიფხიზლესსიფრთხილეს, სიმარდეს.გარდა ამისა ,გამოყენებულია ნარატივთა დაკავშირების ერთი ხერხიც; ქართული იდიომატიკა ,რომელიც აქ ორმხრივ დეკოდირებას ექვემდებარება.სტრიქონებში:
კუდიანი ვარ,თვალმრუდი ვარ,თანაც ხელმოკლედა არც ფეხები მაქვს ჩამოქნილი,რადგანურყევად უნდა ვიდგედა თუ გაჭირდა,საკუთარ თავსაც გადავახტე.
ერთი მხრით, მოცემულია კენგურუს კერძო გარეგნულ ნიშანთა სურათი: ძლიერი კუდი , თვალები/რუს.:”კასოი ზაიაც”- ის ხომ დიდ კურდღელს ჰგავს/ ,მოკლე ხელები და ძლიერი,მაგრამ ჩამოუქნელი ფეხები,რომელშიც მთელი მისი ფიზიკური ძალაა კონცენტრირებული… მეორე მხრივ კი ამავე ნიშნებისათვის ქართულ იდიომთა მორგებასაშუალებას იძლევა, ეს ყოველივე ადამიანურ/თუმცა ნეგატიურ/ თვისებებად მოიაზრებოდეს. კუდიანი ხომ არა მხოლოდ კუდის მქონე ცხოველს ,არამედ ხრიკიან ადამიანსაც ნიშნავს,ასევე: თვალმრუდი არა მხოლოდ ელამ არსებას,არამედ ”ცუდი თვალის ” მქონეს ,ხელმოკლე კი - არა მხოლოდ ხელებმოკლე არსებას,არამედ სოციალურად ,ფინანსურად წარუმატებელ ადამიანს .ამავე რიგისაა ”საკუთარ თავზე გადახტომა” - საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლა და ”ურყევად დგომა” - ნებისყოფის სიმტკიცე.ფინალში კიდევ ერთი პარალელია,მაგრამ ეს უკვე მკითხველის ალღოსა და ინტერპრეტაცისადმია მინდობილი.
კიდევ ერთი მომენტი,რომელიც ლექსის დასაწყისს უკავშირდება:
არ მესმის შენი,არაფერიც არ მესმის შენი.
ეს ფასადურად - ალუზიაა კენგურუს სახელდებისა ,მეორე პლანში კი კონცეპტუალური დატვირთვა აქვს.გამოყენებულია ინტენციალობის თეორია,რომლის თანახმადაც,ადამიანს გარემოდან,როგორც ტექსტიდან მხოლოდ ის ინფორმაცია ესმის,იმას გებულობს,რა ინფორმაციის მისაღებადაც განწყობილია,დანარჩენი კი ,რაკი დეკოდირებას არ ექვემდებარება, ”ხმაურია’.

ბატის ფრთის ფერადი ვარდები

ნინო დარბაისელი


კიდევაც კარგი ვარ! შენ რამდენისა ხარ? ჰო! მე რომ შვიდისა ვიყავი, უკვე სტუდენტიც იქნებოდი . ვზივარ ერთხელ ჩემთვის , მოწყენილი, ხვალის გაკვეთილები უკვე მოვამზადე, გარეთ სათამაშოდ ვერ გავდივარ, ზამთარია, შემოდის მამაჩემი და მეუბნება: - შენთვის კარგი ამბავი მაქვს. ერთმა ლამაზმა დეიდამ დაბადების დღეზე დაგპატიჟა, აბა,გამოიცანი, ვინ! რა გამოცნობა უნდოდა! ახლო-მახლოში სულ ერთი ლამაზი დეიდა იყო - ჩვენი ელამი ფოსტალიონის ცოლი - წოწია ტომა . ამბობდნენ, ბიძამ ყაზახეთიდან გამოუგზავნაო.ზაფხულში სულ ვარდისფერი შარვლით დადიოდა , მაღალქუსლიანები ეცვა, დანაჩოსებულ ქერა თმაზე ნაირ-ნაირ პლასტმასის პეპლებს იკეთებდა და ლურჯ თვალებზე გრძელი, შავი წამწამები ჰქონდა მიწებებული , მუქი წითელი პომადა ისე ესვა, იფიქრებდი, ბნელში უჭამია და სიჩქარისაგან პირის მოწმენდა დავიწყებიაო. იმათი ’’ხრუშოვკა’’-კორპუსი ჩვენი სახლის წინ, ერთ გადარბენაზე იდგა. მდგმურები წინა ეზოში, გრძელ სკამზე გროვდებოდნენ. ბიჭები თან გოგოებს ელაპარაკებოდნენ, თან სულ იმისკენ გაურბოდათ თვალი , ერთი, როდის გამოვიდოდა თავის პატარა აივანზე , რეცხვისგან უფრო გათეთრებულ მკლავებს როგორ აიქნევდა ჰაერში სარეცხის გასაფერთხად, მერე ძუძუებშუიდან როგორ ამოიღებდა სამაგრებს და თოკებზე კოხტად მიამაგრებდა. რაც ზამთარი დადგა, აივანზე იშვიათად ჩანდა, ფანჯრის რაფაზეც დიდი ქილებით სულ ფერად-ფერადი წნილები ჩაამწკრივა. ხანდახან თუ გამოიხედავდა, უკვე ვიცოდი, მე მეძებდა, ხელის დაქნევას როგორ დავაცლიდი! კორპუსის ქვეშ მივირბენდი, ქაღალდში შეხვეულ ფულს გადმომიგდებდა და მეოთხე სართულზე პურს წუთში ავურბენინებდი. ჰოდა , დაბადების დღეზეც იმიტომ დამპატიჟა . სტუმარს ლამაზად ხომ უნდა ეცვას! საგარეო კაბა კი ცოტა დასრესილია , მაგრამ არა უშავს , ბებიაჩემივით, სველ ხელს დავისვამ , სანამ იქ მივალთ, თავისით გასწორდება... მამამ ამასობაში პირი გაიპარსა და თმები ბრიოლინით აილაპლაპა, რაც ხელებზე დარჩა, მეც მიმის-მომისვა თავზე, ერთიანად შემათვალიერა და უცებ სახეში სერიოზულად შემომაცქერდა : - ეს კარგი, მაგრამ საჩუქარზე რა ვქნათ? უყვართ უფროსებს ასეთი შეკითხვები.გაფიქრებენ , გაწვალებენ, თითქოს შენ თუ არ უპასუხე, არაფერი გამოვა , პასუხი კი უშენოდაც თავიდანვე კარგად იციან : - რა და, - ვაზაში რომ ბებიაშენის ყვავილებია. დედაშენის გასახარად ბარემ აქედანაც მოვაშორებთ. დედა ჯერ ცოცხალ ყვავილებსაც ვერ იტანდა, ალერგიული ვარო , ეს ხელოვნური ყვავილები ხომ მოთმინებას აკარგვინებდა, თავისიანებში ამბობდა, სულ ჩემს დედამთილს მაგონებს, რასაც ვაკეთებ, მგონია, ჩუმად მითვალთვალებსო. ბებიაჩემს კი , თითქოს ჯინაზე, შუა ოთახში, მრგვალ მაგიდაზე ედგა. ოდესღაც ვიღაცას რუსეთიდან ჩამოუტანია, მოკლე, შინდისფრად შეღებილი ბატის ბუმბულები მავთულით ვარდის კოკრებად იყო შეკრული, გრძელი მწვანე ბუმბულები - ვითომ ღერები და ფოთლები იყო. ეს დამტვერილი ყვავილები ვაზიდან ამოვიღეთ, ნაზად დავბერტყეთ და სანამ მამაჩემი ცელოფანის შავ პარკსაც მოძებნიდა, რომ გარეთ არ დაენახათ, რა გვეჭირა, მე, როგორც საზრიანმა ბავშვმა , საჩუქარი გავაკეთილშობილე , ანუ ადეკოლონი ’’შიპრის’’ ჩემი საკუთარი, პატარა ბოთლი დაუნანებლად ზედ დავაცალე. გამოსვლისას მამამ ნოტების ჩანთაც დამაკავებინა. მივდივართ და მიგვიხარია! გზაში არავინ შეგვხვედრია. ერთი პირველსართულელი კი დავინახე , მაგრამ ფარდის უკან მიმალული მოთვალთვალე ხომ შეხვედრილებში არ ითვლება! სადარბაზოში საჩუქარი ამოვიღეთ, მივასწორ- მოვასწორეთ, რომ ავედით, მამამ კარის თვალს მიუშვირა, თვითონ გვერდითა კედელს აეკრა და მეც უკან დამმალა , მერე სამჯერ ფრთხილად დააკაკუნა. - ოი, კაკიე ცვეტი, ა კაკ პახნუტ!- ამ სიტყვებზე წოწია ტომამ ვარდები ჯერ მამაჩემის ხელიანად და მერე მთლად მამაჩემიანად თითქოს შიგნით შეისრუტ-შეისრიალა, კარი ცხვირზე მომაკეტა და დავრჩი ასე. რაღა ვქნა! გარეთ ყინავს, ქარია. სახლის გასაღები მამას უდევს ჯიბეში. დედა გვიან მოდის, ბებია ხომ საერთოდ სოფელში წავიდა , და ! მეზობლებთან შესვლაც არ შეიძლება, რაღაცეებს შემეკითხებიან , მაინც გამომტეხავენ , მერე დედაჩემს მიუტანენ ამბავს, მერე დედა მამას ეჩხუბება, მერე მამა სახლიდან გავარდება, მერე , როგორც ’’მამაილას’’, მაგრად მომხვდება, მერე დედა იტირებს... საერთოდ, რატომ გამოვყევი... - ყელი ჩამეკეტა . კიბეები დასაჯდომად ცივია, კიდევ კარგი, ეს ჩანთა წამოვიღე, საფეხურზე დავდებ და დავჯდები, მაგრამ ესეც ცივია. ფეხებიც გამეყინა, თანაც უკვე მეფსია! ავდექი, ჯერ მამაჩემივით სამჯერ დავაკაკუნე, მერე ორივე მუშტი წავუშინე . მამამ გამიღო: -სუ-უ! წოწია ტომა ძალიან ცუდად გახდა, კვდებოდა, ძლივს გადავარჩინე . შემოდი და აი, აქ, სამზარეულოში დაჯექი, მე კიდევ მივხედავ, იქნებ დავაძინო , აჰა, ნამცხვარი და ატმის კამპოტიც ზედ დააყოლე . გაზზე წყალს დავადგამ და შენ კარგად უყარაულე, რომ ადუღდება, დამიძახე, თუ არ დაიძინა, სხვა გზა არ არის, ფეხები ცხელ წყალში უნდა ჩავაყოფინოთ! შემოსვლისას ოთახის შეღებულ კარში თვალი მოვკარი, წოწია ტომა მართლა იწვა . მოსალევი მოვილიე, შესაჭმელი - შევჭამე, დასალევი- დავლიე , წყალიც მზადაა , მივდივარ ოთახის კართან . - მა-მა-ა, მა-მი-კო-ო , ადუღდა! - მინდა , ხმა ისე მივაწვდინო, წოწია ტომა თუ უკვე ჩაძინებულია, არ გავაღვიძო. იქიდან რაღაც ბრაგა-ბრუგი და კვნესა ისმის . ეტყობა , ტკივილებისგან კვნესის , ვერა და ვერ იძინებს, მაგრამ აგე! მამაჩემი ისეთია, დიდ საწოლსაც აკვანივით ურწევს. ფიქრით კი ამას ვფიქრობ, მაგრამ, სინამდვილეში, შიგნით იდუმალი , საშიში, თან სასიამოვნო ფორიაქი მივლის. წყალი კი დუღს და დუღს.უკვე მთელი ვეებერთელა ჩაიდანი ამოშრა და ძირმაც ტკაცა-ტკუცი დაიწყო. მოცუცქნული სამზარეულო ორთქლშია, ფანჯრებზეც უკვე წვეთები ღვარად ჩამოდის. კარგად დაღამდა და ვხედავ, ჩვენთან შუქიც აინთო, მერე ჩაქრა, მერე აინთო. ვიღაც უკვე მოვიდა, დედაჩემის მეტი ვინ იქნება. ბებია ხომ სოფელშია, მაგრამ შეიძლება დაბრუნდა. სულ ასე არ ამბობს? - მე სადაც მინდა და როცა მინდა , მაშინ წავალ და მოვალ , ეგღა მაკლია, სხვებს შევეკითხოო.. ახლა უკვე გამეტებით ვუკაკუნებ ექიმ-ავადმყოფს. - მა-მა-ა, ჩვენთან ვიღაც მოვიდა ! - კატორი ჩას? - ავადმყოფი უცებ წამოფრინდა - .ოი, ოი, ბოჟე მოი, ბისტრა ! მამაჩემმაც უცებ მოიგდო ქურთუკი, მკლავში ჩატანებული კაშნე არც გამოუძრია, პალტო ისე შემომაცვა, ქუდი თვალებზე ჩამომაფხატა და მოვცოცხეთ. სადარბაზოს აქეთ რომ გამოვცდით, გალეული ფოსტალიონი იქიდან უკვე კორპუსის კუთხისკენ მოლასლასებდა. მამა ხელის აწევით , შორიდან მიესალმა და ამოისუნთქა : -აუჰ, გადავრჩით! ჯერ სადა ხარ! მთავარი წინაა. ნეტა , ვინ გაგვიღებს კარს? არც არავინ. უბრალოდ მოხურულია. შუშაბანდში , დივანზე დედა ზის, უკვე გრძელი ხალათიც აცვია , ტელევიზორს ზერელედ უყურებს და კი არ გველაპარაკება, თითქოს სხვის დაწერილს ხმამაღლა გვიკითხავს: -არ მაინტერსებს არაფერი. კეთილი ინებეთ და საიდანაც გნებავთ, როგორც გნებავთ , ის ყვავილები აქ გააჩინეთ და თავის ადგილზე დადეთ . სოფლიდან დარეკეს. ამაღამ ქალბატონი ჩამობრძანდება. ჰო, გაბრაზებულზე სულ ასეთი ლაპარაკი იცის. ხანდახან იმასაც დაუმატებს, რომ ამ ოჯახში თვითონ - ერთი შემომტანია, სხვა ყველა - გამტანი,მაგრამ ახლა იქამდე ვეღარ აღწევს: - გეყოთ! ამჯერად აქედან მე წავალ და რაც გინდათ, ქენით. ხალხისა შენ არ გერიდება ,ბავშვისაც არა გრცხვენია, ყველანი ერთი ჯიშისა ხართ. ყველანი... ბოლო სიტყვები აღარ მესმის, უკვე გარეთ ვართ და ქარი შიგ ყურებში მიბერავს. კიდევ კარგი, შორს მაინც არა ვართ წასასვლელები! -შენ უნდა ახვიდე. მე არ მახსენო! ეტყვი : იზვინიტე, ია უ ვას ცვეტი ასტავილა.მოჟნა იხ ზაბრაც? აბა , გაიმეორე! რას გავიმეორებდი! - კარგი! იცი , როგორ უთხარი? - პაჟალუსტა,... არა, პაჟალუსტა არ გინდა, პირდაპირ :ია ხაჩუ მაი ცვეტი. თუ კარი ფოსტალიონმა გაგიღო, ეტყვი : წოწია ტომა დომა? გაიმეორე! ეს უფრო ადვილი იყო. ისევ კიბეზე ასვლა, ისევ კაკუნი...გაიღო, ორივე ერთად დგას.ამაზე ხომ მამას არაფერი უთქვამს,არადა მიყურებენ, მელოდებიან ! დავიწყე: - წოწია ტო-მა-მა-პა-პა-პაჟა-ცვე-ტი! სრული სიჩუმე . ჯერ ფოსტალიონი იწყებს. მერე რუსულად ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობენ. ისე აუჩქარეს და აუჩქარეს, რას ყვირიან, მე კი არა,თვითონაც აღარ ესმით, ერთი გავარჩიე: ’’დურაკ ტი’’. ქმარი გაბრაზებული შევარდა, წოწია ტომას პომადა და სახე ერთი ფერი აქვს, თან ვითომ მიცინის , უკვე ცრემლები ჩამოსდის. წამწამები ნახევრად აეშვა. სულ იგლეჯს და შიგნით ისვრის. მერე ნესტოებზე ხელს იჭერს , ჯერ ისევ რაღაც გაუგებარს მეუბნება, მერე: - პადაჟდი , უ აკნა, აკნო, აკოშკა!- ჰაერში თითით ოთხკუთხედს ხაზავს და კარს ხურავს. - ყვავილები? - ცარიელ ხელებში მიყურებს მამა - რა, არ მოგცა? - არა! --გაგიბრაზდა? - არა! - მარტო იყო? -არა! - რამე ზედმეტი ხომ არ უთხარი? -არა! -აბა, რა გითხრა? - აკოშკასთან პადაჟდიო. - კარგი, დაველოდოთ! სხვა რა გზაა! ვიცდით და ვიცდით. თან კორპუსის ძირში , აქეთ-იქით დავსეირნობთ . ცოტა ხანში ფანჯარა იღება, მოჩანს ქერა, დანაჩოსებული თავი, გავრბივართ და უკვე ვხედავთ, ბინებიდან გამომავალ ოქროსფერ შუქში სართულ-სართულ როგორ ნარნარად მოფრინავს ჩვენი თაიგული , მამაჩემი აღარც მელოდება, თითქმის აფრენილია, რომ ჰაერშივე გააბას , საცაა, დაიჭერს კიდეც... მაგრამ უეცრად წამოუქროლა ქარმა სასტიკმა და აიტაცა ჩვენი ვარდები და ნაძვის ტოტზე წკიპით დაკიდა. -ჩქარა,ქვა ! ...ერთიც!... ვახ, აცდა!... კიდევ... კიდევ მომიტანე...უფრო დიდი ! ირგვლივ ქვების მეტი რა ყრია, რაღა ახლა გამოილია! უფრო შორს მივრბივარ. იქიდან ვხედავ, მეორე სართულიდან ვიღაც იატაკის ჯოხს ყოფს , ხის ტოტს არხევს , არის! თაიგული დაბლა ეშვება , ჯოხიანი მოხუცი ქალი ჩვენკენ ფრთხილად იხედება , მამა სასწრაფოდ ჰაეროვან კოცნას უგზავნის, ყვავილებისთვის იხრება და უცებ მეოთხედან : - სვოლაჩ ! ამ ხმას ხელნაკრავი წნილის დიდი ქილა მოსდევს, თხლაშ-დგუფ -ლაწ ! - და შიგ ფეხებში უფეთქდება. ვაი, მამა, ვაი , ვარდები! წამიც და, მამა უკვე ფეხზე დგას გაჭიმული , ხელში დაშლილი თაიგული უჭირავს, მთელ ტანსაცმელზე, თმებზე წვრილად დაჭრილი კომბოსტოები და სტაფილოები ჰკიდია და ბედნიერად მიღიმის, მერე ჩემკენ იხრება, სველ, მომჟაო-მომლაშო ლოყაზე ვკოცნი , ვეხუტები ... რა? შენ ამბობ , რომ ამას , ყველაფერს მამაილა იგონებს, არა? მერამდენედ მომიყევი და ყოველთვის - სხვადასხვანაირადო. დიახაც, ეს ჩემი ამბავია! რა მნიშვნელობა აქვს, მართლა მოხდა თუ არა, მე ხომ , რამდენჯერაც მოვიგონებ, ახლიდან ვხედავ, მესმის და განვიცდი , გინდ ნაღვლიანად ვყვებოდე, გინდ მხიარულად , და სხვა რაღაა ადამიანის ნამდვილი წარსული!

სამარხვო ტორტი

ნინო დარბაისელი

არა,რა! ეს მარხვა-აღსარება-ზიარება ამისი საქმე არ იყო. ღმერთისა როგორ არა სწამდა, სახარებასაც კითხულობდა ხანდახან, სანთლებსაც ანთებდა. არც მაინცადამაინც ცუდი საქმეების ჩადენზე იყო დაგეშილი , მაგრამ , რაღაცნაირად, თან ეღიმებოდა , თან სული ეხუთებოდა , თავსაფრიანი ნამეტანი მორწმუნეები ყველა ’’ძნელ’’ კითხვაზე ერთნაირად რომ პასუხობდნენ, ჩემს მოძღვარს შევეკითხები და მერე გეტყვიო. ეკლესიაში ,,შეტყუება,, ბევრჯერ დაუპირეს დაქალებმა. ეშმაკი გიბორკავს ფეხებს , რომ მადლს აგარიდოს, უნდა სძლიოო. ამ ერთხელ წაჰყვა. ჯერ წირვას დავესწროთ, მერე კარგ სამარხვო მარწყვის ტორტზე ვართ დაპატიჟებულიო. - ეს სამარხვო ტორტი რაღა უბედურებაა, თუ მარხულობ - იმარხულე, თუ არა და... ალბათ კრემი მცენარეულ მარგარინზეა, მაგრამ ბისკვიტი ხომ კვერცი, ფქვილი და შაქარია, იქნებ ქათმებმაც სამარხვო კვერცხების დადება დაიწყეს...იცით,რა, წავიდეთ ეკლესიაში , მერე იქაც გაგიყვანთ, მაგრამ ვერ ამოვალ , ჩემი საქმე მაქვს. შეთანხმდნენ. იდგა, იდგა ეკლესიაში. აღარ დამთავრდა წირვა. მერე : ამდენი დგომით დავიღალე, ბეჭებში ჩხვლეტა დამეწყო . არ შეიძლება , უკვე წავიდეთო? - შეაპარა. - არა უშავს, თავიდან ყველა ეგრეა. მერე მიეჩვევი. - ჩასჩურჩულა ერთმა . - აი, ხომ გითხარი, ეშმაკი არ გასვენებს-მეთქი, ბეჭებზე გაზის, კლანჭით გჩხვლეტს, რომ აქაური მადლი ვერ მიიღო. - მეორემ სასწრაფოდ პირჯვარი გადაიწერა. იმდენი ჩხვლიტა ამ ეშმაკმა, ვიდრე არ ათქმევინა, თქვენ რაც გინდათ, ქენით, მე წავედი, მანქანა ცუდად მიყენია , რომ მორჩება, ზარი გამოუშვითო და იქვე, ,,ჰაინეკენის,, ბარში არ შეიყვანა.ჯერ გრეიფრუტის წვენი ააღებინა, მერე ,,ცეზარის სალათი,, , ბოლოს - ყინულებიანი ,,ბეილიზიც,, , ყავიან-სიგარეტიანად. აქ უფრო ადვილი იყო ღმერთზე ფიქრი. ღმერთთან თავისი ,,კერძო გარიგება ,, ჰქონდა: ადამიანს რაც სხვისი გაუხარდება, ის მოუვა. კარგი გამიხარდება? - კარგს ვემთხვევი, ცუდი გამიხარდება?- ცუდი არ ამცდება! ვინც მე უსამართლოდ მაწყენინოს , რაც მე დარდი მაქვს, სულ იმას! თუ მე ვინმეს უსამართლოდ ვაწყენინო, იმის დარდი - მე! ძილის წინ, ვიდრე უცნობ-ნაცნობი ადამიანები და ხმები ნელ-ნელა მოგროვდებოდნენ და აირეოდნენ, რომ სიზმარი დაეწყოთ, ,,მამაო ჩვენოს,, სამჯერ ზეპირად იტყოდა, თავის ამინ-ამინ-ამინებიანად . ეს ჩვევა ბავშვობიდანვე დასჩემდა . ლოცვას აზრს კი არ ატანდა, ჩქარ -ჩქარა, ერთი ამოსუნთქვით მოიშორებდა. ხანდახან სიტყვებს არც ამბობდა , გულიდან მთელ სხეულში, თავიდან ფეხებამდე აიტარ-ჩაიტარებდა და გაუშვებდა. საიქიოზე ბევრი ფიქრითაც არ იტანჯავდა თავს. სამოთხე სხვებისთვის იყო. იქ რა უნდოდა, სადაც ყველა ერთნაირი და ერთნაირად ბედნიერია! ერთნაირობას აქაც ვერ იტანდა. ქალი კი არა, ცოდვების ბუკეტი იყო. რაც არ უნდა ეწვალა , ჯოჯოხეთი მაინც არ ასცდებოდა, , მაგრამ სჯეროდა, სათავისო საქმე იქაც არ მოაკლდებოდა, ან საპატრონო იქნებოდა ვინმე, ან დასალაგებელი იქნებოდა იქაურობა, ან დასახვეტი. კუპრის ქვაბს მაინც მისცემდნენ გამოსახეხად ან ..რა ვიცი, კიდევ რა აქვთ იქ... მერე, მაგ ქვაბში შენ თვითონ რომ ჩაგაგდონო? რა ვუყოთ, მარტო მაინც არ ვიქნები, სადაც ყველა - იქაც მეო. - პასუხობდა. ეს მორწმუნე დაქალები მაინც არ შორდებოდნენ, ურწმუნოებიც ხომ ბევრი ჰყავდა.თუმცა ვინ იცის, სინამდვილეში, ვინ მორწმუნეა, ვინ - ურწმუნო. გუშინ კი მაგრად იცინა . უი, იცი, რა გავიგე? - ეუბნება ერთი - ვინც აქ ჯვარდაწერილი ცოლ-ქმარია, საიქიოშიც ერთად იქნებიანო. - და, უი - რატომ? -რატომ და , ოცდასამი წელია, ჩემს ქმარს აქ ძლივს ვუძლებ , მეგონა, იქ მაინც დავისვენებდი . რა აიტანს მაგას სამარადისოდ! ან შარშანწინ ის ჯვრისწერა რას ავიტეხე! სამი შვილი ჰყავთ. მე - არც ერთი. და რომ მყოლოდა, - რა! გააჩინე, გააჩინე! თავის გაჩენილს ღმერთი არ დაკარგავს, საარსებოსაც მოაყოლებსო. ასეა, ჯერ გააჩენენ და მერე პამპერსის ყიდვის თავი არა აქვთ. წელებზე ფეხს იდგამენ, ვალებს იღებენ ... წინასწარ ხომ უნდა იცოდე, ბავშვის შენახვა რა ღირს, მკურნალობა რა ღირს, სწავლა რა ღირს? ჩაცმა? დასვენება აღარ უნდა? აი, რომ გამეჩინა... ახლა რამდენისა იქნებოდა? ჰო, თორმეტისა. რამდენი რამე ენდომებოდა! მერე მაგ ასაკში უკვე ისეთი კითხვების დასმა იციან , დამიწყებდა:მამაჩემი ვინ არის, სად არის, რატომ არ მოდის ...მერე , ნაბიჭვარს რომ დაუძახებდნენ ისინი, ნაგავი მამები რომ უყრიათ შინ და მაინც მამიანები რომ ჰქვიათ, ან უნდა ჩაეყლაპა ან უნდა ეჩხუბა . არ იჩხუბებდა ? - ვისაც არ დაეზარებოდა, ყველა თავში წამოარტყამდა , იჩხუბებდა? - ხან დაიჭერდნენ, ხან გამოუშვებდნენ და ბოლოს , ვინ იცის, რა გამოვიდოდა, იქნებ წამალზეც შემჯდარიყო. ეგ კი არა , კაი ოჯახისშვილები ხდებიან ნარკომანები... არა მგონია, გოგო ყოფილიყო. რომ ყოფილიყო? მოიჩიტებოდა თუ არა, ყველა მგელს გასაგლეჯად მოუნდებოდა, დასწრებაზე იქნებოდნენ. მით უმეტეს, თუ მამამისს დაემგვანებოდა, სულ კუდში უნდა მედევნა, ვიღაც დეგენერატი გამიუბედურებდა, მერე მეორე დეგენერატი გამოჩნდებოდა, უპატრონოა, შემრჩებაო; მერე კიდევ მესამე ... დეგენერატებს რა გამოლევს! როგორ დავფეხმძიმდი?! რა ვიცი, თავს ვიცავდი. თებერვალი ხან მოკლეა, ხან გრძელი . ეტყობა, რაღაც ამერია . რომ გადამიცდა, ჯერ ციკლის დარღვევა მეგონა, მერე ტესტერმა ორსულობა აჩვენა. რა! არ ვუთხარი იმ ბედოვლათს, ფეხმძიმედ ვარ-მეთქი თუ რა? და , რა გააკეთა? ჯერ რაღაც მომენტში სახეზე კმაყოფილებამ გადაურბინა, მერე - ჩემი არ იქნება, მე რა ვიცი, ვისიაო. თანაც, ჩემები არ ვიცი, სად გადავყაროო, ვითომ ხუმრობით. ძალიანაც კარგად იცოდა, მაგის მეტი არავინ მყავდა, მაგრამ კაცი - ოხერია. შენ ჭკვიანი ქალი ხარ, რამეს მოიფიქრებო. ჰო,როცა უნდოდა, ჭკვიანი ვიყავი,როცა უნდოდა - სულელი. მერე ვითომ ქალაქგარეთ საქმეები ჰქონდა , ერთი კვირა არც მოსულა, არც დაურეკავს. რამდენი ხანი მეცადა! აბორტი კერძოდ გავიკეთე. მარტო წავედი. არ მქონდა ამ კლინიკების თავი. ვითომ ანალიზებს გიკეთებენ, რეაქტივები მაგათ არა აქვთ და არაფერი . ტყუილად სხვადასხვა კაბინეტებში დაგარბენინებენ , რომ, რაც შეიძლება, მეტი შეგაწერონ, ტყუილ დიგნოზებს გისვამენ , მერე ძვირიან წამლებს გაყიდინებენ , მაინცადამაინც იმ აფთიაქში მიდი, სხვის წამალს არ ვენდობითო , აფთიაქებს წილში უსხედან....მოკლედ,რა! - პირველია?- მეკითხება გინეკოლოგი - შვილები გყავთ? მერე ჰაერის ჩაუსუნთქავად უბერავს: - დედობა ქალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.დედობის უფლება აქვს ყველა ქალს და თუ მცირეოდენი საშუალება მაინც არსებობს, ქალმა ნაყოფი უნდა შეინარჩუნოს. გარდა ამისა , ფეხმძიმობა დადებითად მოქმედებს ქალის ფიზიოლოგიაზე და სიმსივნური წარმონაქმნების ბლოკირებას , შემთხვეევათა უმრავლესობაში კი საერთოდ გაქრობას უწყობს ხელს, ხოლო შეწყვეტილი ფეხმძიმობა, მითუმეტეს ქირურგიული ჩარევით, ... ბლა, ბლა, ბლა... უცხოურ ფილმებში დამნაშავეს რომ ბორკილის დადებამდე უფლებებს აცნობენ, ისეა, მაგრამ აქ ტონი ვითომალერსიანია და სადღაც, სიტყვებსიქიდან გრძნობ , ეშინია , ნათქვამი მართლა ჭკუაში არ დაგიჯდეს და კარზე შენი ფეხით მოსული კლიენტი არ დაეკარგო. ადგილობრივი ანესთეზიის პირველი ნემსი მწარედ ვიგრძენი, სარკის ჩადგმაც , ყელის გახსნაც , ვითომ ძალიან არ უნდა მტკენოდა,მაგრამ მეტკინა. -დედიკო, გეხვეწები, ეს გამისინჯე, რა! -კარი იღება. ჯამიანი გოგო შემოდის, ასე, თორმეტი წლისა, ცოტა მობიჭო, ეტყობა, მამას ჰგავს. - რამდენჯერ გითხარი, როცა ვმუშაობ, ხელს ნუ მიშლი... კარგი, შემოდი - თან წითელპომადიან პირს უფჩენს. ტყაპ!- და გაწვდილი კოვზიდან ვარდისფერი კრემის ნახევარი თეთრი ხალათის გულისპირზე ეცემა. - ოოხ, ფეთხუმო , მომშორდი, მომშორდი! - რეზინის ხელთათმანიანი ხელი აუქნია - მარწყვი შიგ ჩაათქვიფე? უხდება სიმჟავე , მაგრამ მეტი აღარ უყო, ძალიან გაგითხელდება და ბისკვიტს ვერ დაიჭერს, ცოტა ხანს მაცივარში შედგი, უფრო კარგად წაესმება......და მათემატიკას მიხედე, ხვალ გაგიძახებს, იცოდე ! - მიაწია კარში გასულს. - აი, ბედნიერი! - ვფიქრობ მე - გაიზრდება, რამდენი დაფეხმძიმდება, მოვა სახლში, დედამისი აქვე, მუქთად გაუკეთებს აბორტს, ალბათ ამხანაგებსაც დაპატიჟებს საღამოობით აბორტზე, როგორც ტორტზე... ო-ო, რა შვებაა ასეთი სულელური ფიქრი გამოუვალ მომენტებში! იმის მერე მარწყვის ტორტს ხომ დასანახავად ვერ ვიტან, მგონია, ზედ მარწყვები კი არა, კოლტებია. აღარ დამთავრდა და აღარ დამთავრდა ეს ფხეკა. კი ამბობდა, ხუთ წუთში მოვრჩებიო, მაგრამ გეგონება ,ო პერაციას კი არ ატარებს, სადგურის მოსაცდელში ზის და ლაპარაკით ერთობა: - ნოემბრიდან მოყოლებული, ზამთარი მკვდარი სეზონია , /ნამშობიარევი ყელი ნაკლებად სპაზმურია და უფრო ადვილია, ნუ იძაბები,ღრმად ისუნთქე,გენაცვალე!/, ყველაზე მეტი სამუშაო მარტ-აპრილში მომაწყდება ხოლმე , ვერ ავუდივარ , / ცოტაც და, მოვრჩებით/ , კაცი ხომ სულ ძაღლია და ძაღლია, მაგრამ ამ დროს ქალი და კატა ერთია... მე კი კბილები და ღრძილები ერთიანად მეტკინა და მაგრად დაჭერისაგან ყბა მიკანკალებს, მომუშტულ ხელისგულებში ფრჩხილების ჩანარჭობები მტკივა, არათითზე ფრჩხილიც მომტეხია. ერთი ჭიქა მინერალური დამალევინა, კარის შუშაში ჩავიხედე , ჭიქაში ცხვირსახოცის წვერი ჩავასველე და ყბამდე ჩამოსული ტუშის შავი ნიაღვარი მოვიწმინდე. ცხვირიც ზედ მივაყოლე. - კარგი გოგო ხარ. - მეუბნება - დღეს-ხვალ-ზეგ ათი აბი ანტიბიოტიკი დალიე! რომელი?! რა ვიცი, რომელიც უფრო გიხდება . თუ პრობლემა გექნა, რა დროც იქნება, დამირეკე ! - შემდეგი, მობრძანდით ! - მომაყოლა ხმა, ბინის ჰოლში მომლოდინე ქალებიდან ერთი წამოდგა , ღრმად ჩაისუნთქა და საქმიანი სახით ჩამიარა. ეტყობოდა, ახალი არ იყო იქ. წვიმდა. მუცელში სიმჩატეს და სიფუღუროვეს ვგრძნობდი. აფთიაქთან გავაჩერე. უცებ იქვე ცარიელი , ღია საპარიკმახერო დავინახე , შევედი, თმა პირდაპირ ბიჭურად შევაჭრევინე. იმის მერე აღარც გამიზრდია. შუაღამემდე მთელ გულ-მუცელში დაუსრულებლად მიმეორდებოდა გადატანილი . დროდადრო მუხლი მიხტოდა , სახსრები და ბარკლის უკანა მყესებიც ყრუდ მტკიოდა . მერე როდის-როდის ჩამეძინა . შუა ძილში რაღაც წარმოუდგენელი სიამოვნება, არა, ნეტარება ვიგრძენი, სითბო შემომეხვია თავიდან-ფეხებამდე. მერე თითქოს ვიღაცამ უკმეხად ხელი მკრა. გამეღვიძა და კისრამდე სისხლში ვწოლილვარ! ორი კვირა ლოგინში ვეგდე. გადასხმებს სახლში მიკეთებდნენ. ამასობაში გარეთ ნამდვილი გაზაფხულიც დადგა... /მობილურმა დარეკა.უპასუხოდ გათიშა. არა უშავს, ცოტა დამიცადონ! ,, ბეილიზის,, განიერ ჭიქაში ჩარჩენილი ყინულები ერთი აკვრით პირში შეიყარა, გააკნატუნა, ბოლო სიგარეტს მოუკიდა და ღრმად ჩაისუნთქა/ . ის ჩემი კაცი?! გამოჩნდა. გამოჩნდა და მოუნდა ისევ ძველი ამბები. სცენებიც მომიწყო, ხან შემაშინა, ხან იტირა, ერთი შანსი კიდევ მომეცი, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთო. ცხოვრებაში სუფთა ფურცელი არ არსებობს. ყველაფერი თავიდანვე ერთგან იწერება, მერე გინდა გადახაზე, გინდა ჩაასწორე, გინდა იქვე გადაათეთრე , წაშლით კი , არაფერი იშლება.. ჰო, ის მერე სულ გაფუჭდა . საქმეებიც უკან-უკან წაუვიდა . მიხვდა, რომ კარგი ტოტი ჩამოუტყდა, მაგრამ მორჩა! ღმერთი?! სულ ასეა . თუ ღმერთზე ფიქრს გაჰყვები, როგორც არ უნდა იარო, ბოლოს მაინც ადამიანამდე მიხვალ; თუ ადამიანზე ფიქრს - ღმერთამდე. ან იქნებ ეს, სულაც, ერთი და იგივეა?

Saturday, June 6, 2009

ფერადი ბუშტის სიმღერა

როგორი კარგი ვარ!
როგორი მსუბუქი!
ვითომც არაფერი,
ქარს ისე მივყვები.

სავსე ვარ სურვილით,
ჩუმად რომ ჩამითქვი
და მერე გულდაგულ
პირი მომიკარი.

აბა, კოჭისძაფი
როგორ გამიძლებდა?
გაწყდა
და წავედი.

ღირს ქვეყნად გაჩენა,
რომ ერთხელ გაფრინდე,
ისე,
არსაითკენ.

ვაი!
ქარი ჩადგა
თუ მხარი მეცვალა?
ძირს რატომ ვეშვები?

თვალი შემასწარი,
ვიდრე
ნაძვისწვერი
ლახვარს მომაგებებს,

ბუხ! - გავთქვამ ყველაფერს
და
ხეზე
დაკიდულ
ნაფლეთად
ვიქცევი!

1986

Monday, June 1, 2009

ნინო დარბაისელი

''გარდაუვალი სიყვარული ქალების წყევლით''

(ესმა ონიანის პოეზიის ზოგიერთი ასპექტი)


,,ჩემთვის მეგობრებს უთქვამთ, თითქოს ჩემს ლექსებს ემჩნევა, რომ მათი ავტორი მხატვარია და როდესაც დაუსახელებიათ საამისო ნიშნები, გამორკვეულა, რომ გარეგანი, ზერელე მსგავსება აძლევთ ამის საბაბს. სინამდვილეში საგნობრიობა, კონკრეტულობა, დეტალების სიყვარული, ფერული ნიუანსების ზედმიწევნით დაზუსტების ცდა (განსაკუთრებით ეს ფეროვნების გამუდმებული არდავიწყება-გადმოცემა ახსენებთ ფერწერას). ეს არ არის სწორი; მათ ავიწყდებათ, რომ ფერს საერთოდ აქვს უდიდესი მნიშვნელობა ადამიანურ ყოფიერებაში. ჩვენთვის სამყაროს ხილულობა-გაცხადებაში''— წერდა ესმა ონიანი 1982 წელს, ალმანახ `კრიტიკაში~ გამოქვეყნებულ ესსეში `ფიქრები პოეზიაზე~ (ონიანი ე:301).მართლაც, ვინ არის ესმა ონიანი: მხატვარი, რომელიც ამავე დროს პოეტი იყო? (მსოფლიო ხელოვნების ისტორიამ არაერთი ამგვარი ბედნიერი ნიმუში შემოგვინახა, თუმცა საკუთრივ ქართული ხელოვნება, ამ მხრივ, სულ რამდენიმე შემთხვევას იცნობს); იქნებ, მისი სახით, სრულიად სხვა რიგის მოვლენასთან გვიხდება შეხება?
გარდაცვალების შემდეგ გამოცემული მისი კრებულის გარეკანის ბოლო გვერდზე ნაზი კილასონიას სიტყვებია: `შეიძლება, ყველა მხატვარმა არ იცის, რომ იგი პოეტია. შეიძლება, ყველა პოეტმა არ იცის, რომ იგი მხატვარია... ესმა ონიანი კი ის ფენომენია, პოეზიაც და მხატვრობაც რომ თანაბრად ხელეწიფება. მისთვის სიტყვა და ფერი საშუალებაა სულიერი სამყაროს გამოვლენისა~.*
ესმა ონიანის ლექსების უმრავლესობა 60-80-იან წლებშია შექმნილი, იმ დროს, როდესაც შემოქმედს მეტი თავისუფლება ენიჭება და უკვე მისი გადასაწყვეტია, დასჯერდეს ჩრდილში ყოფნას თუ გახდეს იდეოლოგიურად ანგაჟირებული და შესაბამისად, მიითვალოს ყველა ის ყოფით-სოციალური უპირატესობა, რასაც ხელისუფლება ამისათვის გაიღებს. ეს არ არის ალტერნატიული არჩევანი, რადგან შესაძლებლობის ამ ორ პოლუსს, მიზიდულობის ორ ცენტრს შორის დიდი სივრცე რჩება სხვადასხვაგვარი ლავირებისთვის. და ამ დიდ სივრცეში ეწერება იმდროინდელი ქართული ლიტერატურის ერთი დიდი კორპუსი.ესმა ონიანი კი ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც ჩრდილში რჩება, თუმცა, როგორც მისი წერილების გაცნობა გვარწმუნებს, ადამიანურად მაინც მუდმივად უჭირს, შეურიგდეს უყურადღებობას, იგნორაციას კრიტიკის მხრიდან. (ონიანი ე.: 375-376) თითქოს ამის საკომპენსაციოდ, წერილბსა თუ ჩანაწერებში იგი არაერთგზის მსჯელობს პოეზიის რაობის, პოეზიისა და ფერწერის ურთიერთმიმართების, ლექსის იმ გამომსახველობით საშუალებათა შესახებ, რომელსაც თავად იყენებს; ადარებს თავისუფალ ლექსსა და ტრადიციულ, კონვენციურ ლექსს: `თავისუფალი ლექსი, მისი თავისუფლება ჩემთვის არის — `თავისუფლების მკაცრი საკანი~, გამუდმებულად მაკონიტროლებელ-წარმმართავი ნების ბატონობა~... (ონიანი ე: 297)მართლაც, თუ კონვენციურ ლექსებში მისი პოეტური `ტეხნე~ შორს არის სრულყოფილებისაგან, თავისუფალ ლექსებს გამორჩეულობის ტვიფრი აზის და ,ფორმის მხრივ, ორი ძირითადი სახისაა. ერთია დისმეტრული ლექსი, მეორე კი დისმეტრული ლექსი კონვენციური ჩანართებით, ანუ გარდამავალი სახეობა.
ამთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ე. ონიანი არ არის თავის თანამედროვეთაგან ერთადერთი, რომელმაც თავისუფალ ლექსში პოეზიისა და სახვითი ხელოვნების დაახლოება სცადა.ყველაზე მკვეთრი, თუმცა ფასადური მსგავსება, ამ მხრივ, მას ლია სტურუასთან აქვს, მათ შორის სხვაობას კი ძირითადად ორი რამ ქმნის. პირველია შემოქმედებითი ინტენცია.
თუ ლია სტურუას ინტიმურ პოეტურ სივრცეში, რომელიც ყოფით-ურბანისტული ანტურაჟით არის შევსებული, ღერძად წამომართულა ავტორის ლირიკული მე, ესმა ონიანის სივრცე არგაერთღერძოვანია, უკიდეგანო და ამ სივრცეში პოეტი-მედიუმი დაუსრულებლად იცვლის სამყოფელს, დაუსრულებლად გადაადგილდება შიდა და გარე, ყოფითსა და ყოფისმიღმიერ გარსებში.
მეორე სხვაობა ენასთან დამოკიდებულებაში მჟღავნდება. ლია სტურუს ნაკლებად იზიდავს სალიტერატურო-პოეტურ ენასთან იმგვარი რისკიანი ჭიდილი, რომელიც ყოველთვის როდია მხატვრული ეფექტის, წარმატების მომტანი, ეს კი ესმა ონიანის პოეტური სტიქიის მუდმივი თანამდევია, იგი თითქოს საგანგებოდ ახდენს ლექსის ჟღერადი პლანის რედუცირებას, თვით რითმასაც კი, რომლის ღირსებაზეც წერილებში საგანგებოდ მსჯელობს ,მის კონვენციურსა თუ თავისუფალ ლექსებში ორიგინალობა ნაკლებად ახასიათებს, ეს უფრო ან `საყოველთაო მოხმარების~ სარითმო წყვილებია, ან მინიშნება რითმაზე, რათა, ერთი მხრით, `პოეტური ინფორმაციის მოწოდება-ელვისმიერობას~ შეუწყოს ხელი, (ონიანი ე: 298) მეორე მხრით კი, აღმქმელის, რეციპიენტის ყურადღებას, იმაგინაციურ პლანზე კონცენტრირებისას, მეტი დაძაბულობისაკენ უბიძგოს. შესაძლოა ეს — რეაქციაც იყოს გალაკტიონის ლირიკის ინერციით გაკეთილხმოვანებული ტრადიციული ქართული ლექსის გავლენისაგან თავის დასაღწევად.
ასეა თუ ისე, თანამედროვე მკითხველს ესმა ონიანის პოეზიასთან შეხვედრისას დაძაბული, რთული სამუშაო ელის და ამ სირთულეს ერთდროულად ენობრივი წინაღობებიც ამძაფრებს და ის გარემოებაც, რომ მისი მეტნაკლებად სრულყოფილი აღქმისათვის საჭიროა ავტორისეულ იმაგინაციურ ნაკადთა ინტენსიური წარმოსახვის საგანგებო უნარიც.

*
ესმა ონიანი პოეტი -დესკრიპტორიც არის და კრეატორიც. ამის მიხედვით მისი ლექსების დაჯგუფებაც კი არის შესაძლებელი.მისი დესკრიფციური ლექსები ძირითადად პოეზიის ენაზე სახვითი ხელოვნების სპეციფიკური `სათქმელის~ ტრანსფორმირების პირობებში იქმნება და ამ ამოცანის დასაძლევად იგი ფერის, პლასტიკის, ხასიათის გადმოსაცემად კომპოზიტთა წარმოებას ხშირად მიმართავს. ასე ჩნდება ახალი ზედსართავი სახელები, ზმნიზედები, რომელიც ძირითადად ვნებითი და საშუალო-ვნებითი ზმნებით გადმოცემულ მდგომარეობასთან ერთად ქმნიან პოეტურ სინტაგმებს, მეტაფორულ სახეებს.ლექსი `შავი~ თითქმის ყველა ამ ნიშანს აერთიანებს:

გამოხმობილია ფხვნილიანი დაპრესილი მოკვდინებიდან
დამწვარი ძვლების, ყურძნის დამწვარი ძგიდეების
ჰაერუკმარი, შავი ნახრუკი;
(`გუდრონის~ სუნი — ქუჩაში ჩანან თეთრ წინსაფრებით
მოწყენილი მოწაფეები,
ცხელია შავ-თიმთიმა ახლად სხმული ასფალტის ფაფა -
— ბაბუას ფარნის, რკინიგზების, შავისა და სუნის კავშირი)
ატმის კურკების, ნაჭუჭების შავი გურგური,
გადამჭვარტლული ოთახების ლამფის ყელის შავი არშია.
და ჩემს ბებიას, ღაბუას და ღაბაბიანს, შავ-ჭრელ თავშლიანს,
ხელმოცახცახეს ცრემლებით ვნატრობ.
(ონიანი ე: 47-48)

რაც შეეხება მის კრეაციულ ლექსებს, აქ ძირითადად მოქმედებითი ზმნების სიჭარბე განაპირობებს სახეთა დინამიკას. ამ შემთხვევაში მისი, როგორც სუბიექტი-პერსონაჟის მეტყველება გამორჩეულად თავისუფალია; ინტონაციაც ამ დროს მძლავრობს, თუმცა მკვეთრად აღმავალია, (ზოგჯერ აგრესიულობის ზღვრამდე მისულიც) წრფელი, აფირმაციული, თვითკონფირმაციულიც კი, და როგორც, ალბათ, თავად იტყოდა, ურყევი, უღალატო, მედგარი...დაყვავების, ორჭოფობის, უმწეობის, შეთავაზების, შეცხადების და ა.შ. ინტონაციებით ამ კრეაციულ ლექსებში სხვათა ხმებია შეფერილი და ეს სხვები ძირითადად მისი პოეტური ფანტაზიით ხორცშესხმული ის პერსონაჟები არიან, რომელთაც ქართული ზეპირსიტყვიერების სამყაროდან, უძველეს ხალხთა მითოსიდან, ისტორიიდან თუ ხელოვნებიდან ახალ პოეტურ სივრცეში დასამკვიდრებლად გამოიხმობს ავტორი.

*
მინი-პოემაში — `გარდაუვალი სიყვარული ქალების წყევლით~, კომბინირებულია ნიშანთა მთელი წყება, რომელიც ზოგადად მის კრეაციულ ნაწარმოებებს ახასიათებს:ნაწარმოების ნარატიული ჩარჩო-მონახაზი ასეთია: ქმრებისგან უარყოფილი, სიყვარულით გაუხარელი ოთხი ქალი სოფლის გარეთ, ერთ კლდოვან ალაგას მიდის, რათა შეასრულოს შურისძიების მაგიური რიტუალი და ქვის სულთან დაამყაროს კავშირი. თითოეულს შესაწირად კვერი აქვს წამოღებული:

ეს კვერი საზიზღარი —ქვიშა,
ფეტვი და ჭინჭარი ნახარში
გახმა და ჩაბრტყელდა ცეცხლსა და ღადარში
მიიღე, ქვის სულო!

ამ სიტყვების შემდგომ თითოეული ყვება თავისი მწარე სიყვარულის ამბავს. ერთი მათგანი ასე გამოხატავს გულისთქმას:

`შავი ფრთებივით გავშალე თმები ქარსა და მზეში!
თვალებს გამიფატრავს სხივი რისხვისა,
მბრწყინავი ეშვი!
ჩემი სიყვარული, დღემდე მდუღარი,
შეაწყდა კედელს,
ძველი გაშმაგებით,
წალეკვის მუქარით მიყვარხარ დღემდე!
ტანს შემოვიგლეჯ სამოსს,
ყრუსა და ჩამშრალს,
ჩემი სხეული ნახონ,მზესავით მახლავს!
ჩემი თეთრი მკერდი — თასი,
ცისფერი ბზარით,
მისი სიმთვრალე გასვი —
ტკბილიც და მწარიც.
ღელვა ჩემი ტანის არხევს
მრგვლად მცურავ მუცელს,
მას თეთრად ავსილი მთვარე
ტყუპსავით უცქერს.
მეღვრება ქაფშეკრულ ჩანჩქერად მაღალი ყელი,
მზესავით სხეული გაჩვენეთ,
სიშმაგის მგვრელი,
მოვვარდი მძიმე ქვებთან სურვილგანათელი!
სხეული ავმართე ურვით, გააფთრებით.
(ონიანი ე: 113-114)

ყოველი ქალი ქვის სულს შესთხოვს, ისე გამოფიტოს თავისი გამამწარებელი, როგორც საზიზღარი კვერი. წყევლის დასრულებისას ამ მწარე კვერს ქვის ქვეშ დებენ, ზურგით კლდეს მიეხლებიან და გულშემსუბუქებულნი ბრუნდებიან შინ.ყოველივე ეს განცდილ-დანახულია აქტორად ტექსტში წარმოდგენილი ავტორის მიერ, რომელიც დასაწყისიდანვე შემოდის თავისი სასიყვარულო აღსარებით:

მიყვარხარ!
ქალები ჩამოსხდნენ თავშალჩამოშვებით
(მიყვარხარ),
მშრალი გულისპირით
(იცოდნენ წინასწარ,
ჯერ მეც არ ვიცოდი,რომ მიყვარხარ, მიყვარხარ),
ახლა დაიწყებენ წესსა და შელოცვას
შენი განდევნისა და მოშორებისთვის,
—მათი მხრების რიგი მოხრილად ირწევა,
მათი სურვილები ამ წუთს დაელოდა,
რომ დაუმალავად გულწამღებ სიშიშვლით
ეთხოვა ქვებისთვის.(ონიანი ე: 110)

მინი-პოემაში ბოლომდე აუხსნელი რჩება, ვის მიემართება ეს აღსარება და რაკი შინმიმავალი ოთხი ქალის გზაზე გამოჩნდება თავისი სახლის ბჭესთან მჯდომი, ხორციელად დაძაბუნებული ბებერი კაცი, რომელმაც უთქმელად იცის ამ ქალთა ამბავი და უფრო მეტიც, — რა მოჰყვება მათ მაგიურ წყევლას, სავარაუდოა, რომ სწორედ მას უნდა გულისხმობდეს ავტორ-აქტორის, მჭვრეტელის აღსარება — ბებერ კაცს, რომელსაც ხორციელი არსებობის წვენი დაშრობია, მაგრამ რაღაც, სხვაგვარი არსებობის ვნება კვლავ ძალუმად უფეთქავს.მინი-პოემის სათაურიც `გარდაუვალი სიყვარული ქალების წყევლით~, ამას უნდა მიგვანიშნებდეს, რადგან ამ უჩვეულო სიტყვათშეთანხმებას სხვა ახსნა არ ეძებნება. გარდაუვალი სიყვარულის წრე აქ სწორედ ბებრად წარმოსახული, ქარის სიმღერად ქცეული კაცის სახეში იკვრება:

ხან სიზმრად ვხედავ
ჩემი სიცოცხლის ქარად გახდომას.
—სხეულს მიკოცნის წლებით ნაოხარს
ქარის სიმღერა,
და დავიჯერებ ამას იმდენად,
თვითვე ვიქცევი ქარის სიმღერად:
`ვაპობ ბაგეებს,ვარ ქარი, ქარი!
წყურვილი შორით
გადამაგელვებს,გახსნილ ბაგეებს
ვაწებებ თრთოლვით,
რასაც შევხვდები —
მთებს თუ ვაკეებს!
მზე ვერ მაკავებს!
( ონიანი ე:116)

ლირიკულ აღსარებას, რომელიც მინი-პოემის დასაწყისში — ქალის ხმით გაისმა, ეს ბებერი კაცი შორეულ ექოსავით ეხმიანება:
ვთვლემ,
ვთვლემ და ფიქრებს,
დიდხნის ნაფიქრალს,
ნადუღ თაფლისფერს,
ისევ ვაღვიძებ:
მიყვარხარ!
იცოდნენ წინასწარ,
ჯერ მეც არ ვიცოდი,
რომ მიყვარხარ,
მიყვარხარ!
შენი სიშორე ხელშეუხები
უქმად ჩამოჰყრის:
ქალების ბუტბუტს,
მშრალად გამოცლილ შრიალს სამოსის,
ღვარძლიან წყევლას,
სიავის ურჩხულს.
(ონიანი ე:118)

არაფერი ქმნის ისეთ მკაფიო წარმოდგენას პოეტის შესახებ, როგორც ადამიანურ ღირებულებათა სისტემისადმი მიმართება , ღირებულებათა საკუთარ იერარქიაში სიყვარულისთვის მიჩენილი ადგილი და რეცეფციის თავისებურება.ამ მინი-პოემაში სიყვარულის პოეტისეული კონცეპტის ექსპლიცირება ესმა ონიანის ლექსებისათვის ტიპობრივი სახით ხდება.
ეს კონცეპტი, რომელიც ქართული პოეტური აზროვნების ტრადიციის ჩარჩოებს ერთგვარად არღვევს, ზოგადად პოეზიის უძველესი ძირებიდან მომდინარეობს და, თუკი დიდ, ფართო პოეტურ კონტექსტში მოვიაზრებთ, დღესდღეობით იქნებ ტრივიალურიც კია მაგრამ იმ დროისათვის,, როცა მინი-პოემა იქმნებოდა, იგი უჩვეულო სიახლის ნიშანს ატარებდა.
კონცეპტი დაახლოებით ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:
სიყვარული — ეს არსებათა მიმართებების იმგვარი კომპლექსია, რომელშიც ყოველივე: სული და სხეული, გრძნობა და გონება ურთიერთგანმსჭვალვის, შერწყმის, სრული და ჰარმონიული ერთობისაკენ ისწრაფვის და ეს სწრაფვა ძალმოსილია მაშინაც კი, თუ ფატალური გარდუვალობა არსებათაგან რომელიმეს რიგით მოკვდავთათვის გაუღწეველ//შეუღწეველ, სხვა მიღმიერ სამყაროში არგუნებს ყოფნას, რადგან უკიდეგანო სამყარო, რომელიც თვალს დაშლილი, ქაოტური ეჩვენება, სინამდვილეში ერთიანი და ჰარმონიულია, ჰარმონიულობის შეგრძნებას, მიგნებას კი პოეტური სენსორები სჭირდება. პოეზიას, როგორც გზას სამყაროს ერთიანობისა და ჰარმონიულობის წვდომა-აღდგენისა, ესმა ონიანი არაერთგზის ეხება თავის ესსეებში. ამ გზაზე მრავალი წინაღობაა გადასალახი, მაგრამ `მით უფრო სრულქმნილია ნაწარმოები, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობათა, მძაფრად დაპირისპირებულთა მოხელთებას შეძლებს, [...] მოურიგებელ წინააღმდეგობათა ერთ მთელად, `სრულად~ მოწოდება არის სწორედ ჭეშმარიტი ნაწარმოების წარმოშობის პირობა~ (ონიანი ე: 307)
კვლავ სიყვარულს მივუბრუნდეთ. თუ მზერას მივაპყრობთ მრავალსაუკუნოვან ქართულ პოეტურ გამოცდილებას და გავიხსენებთ, რარიგ დაბალ საფეხურზე ათავსებდა შოთა რუსთაველი ხორციელ ვნებას; რარიგ იმპერატიული იყო საუკუნეთა მანძილზე შეგონება, რომელიც მამუკა ბარათაშვილმა მოგვიანებით, პოეტებისადმი რჩევის სახით ,ასე გამოხატა : `თუ სიყვარულზედ იტყვი, ცოლ-ქმრულს სიყვარულზედ სთქვი, და რომ არა ბესიკის, საიათნოვას, მეტადრე დ. გურამიშვილის, უფრო გვიან კი ალ. ჭავჭავაძის პოეზია, რა ძალით მოქმედებდა ჩვენს სიტყვაკაზმულ მწერლობაში შორით წვისა და დაგვის ინსტიტუტი, ვფიქრობ, ესმა ონიანის მიერ სიყვარულის ამგვარი პოეტური გააზრება მნიშვნელობას შეიძენს, მით უფრო, რომ მეოცე საუკუნის პოეზიაშიც მას ამ მხრივ, წინამორბედი თითქმის არ დახვედრია.
გ. ტაბიძის პოეზიაში არათუ სულიერ-ხორციელი სიყვარულის ერთიანობის ნიმუში, ეროტიზმის — ხორციელი ტრფობის ორიოდე გამოვლინებაა, ისიც — ადრეულ ლირიკაში. მოგვიანებით ქალი-სატრფოს გრძნობად-კონკრეტული სახე მასთან პრაქტიკულად არ გვხვდება.
ცისფერყანწელებთან ეროტიკული განცდები და წარმოსახვანი ისეა გადმოცემული, რომ თითქმის მთლიანად მოხსნილია სპირიტუალური პლანი.აღარას ვიტყვი ხორციელი სიყვარულის, ვნების მიმართ იმ შემფასებლურ-ნეგატიური დამოკიდებულების გამომხატველი უკვე მრავალსაუკუნოვანი ირონიულ-პაროდიული ტრადიციის შესახებ, რომელიც მკვეთრად გამოიხატა აკაკი წერეთლის პოეზიაში და შემდგომი თაობები დაეყრდნო... (ეს ყოველივე ცალკე კვლევისა და მსჯელობის თემაა).
ეროტიზმი ესმა ონიანის პოეზიაში ხან მკაფიო, დინამიური იმაგინაციების სახით არის წარმოდგენილი, ხან კი ისე ავლენს საკუთარ ძალმოსილებას, რომ არ ჩანს, მაგრამ მოქმედებს, კვალს ტოვებს, როგორც ქარი.
მისტიციზმისა და ეროტიზმის სიახლოვე მის კრეაციულ ლექსთა ერთ წყებაში აჩენს ვარაუდს, რომ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ეს ლექსები ყველაზე მეტად ეხმიანება ძველ აღმოსავლურ მოძღვრებებს, რომელშიც მისტიკურ-ეროტიკული ერთობის საიდუმლოა ჩაუნჯებული, თუმცა მათში უპირველესად ძლიერია წარმართობისა და ქრისტიანობის გავლენა. ამ და სხვა რელიგიათა შერწყმისა და არა დაპირისპირების ნაყოფია ესმა ონიანის პოეტური კონფესია.
,,მწამს, რომ არს ენა რამ, საიდუმლო უასაკოთ და უსულთა შორის’’ — წერდა ნ. ბარათაშვილი.ესმა ონიანმა პოეზიაში ამ ენის მიგნება სცადა და შექმნა საკუთარი იდიოლექტი: გამსჭვალული, გაჯერებული მშობლიური ენის ლექსიკური და ფრაზეოლოგიური წიაღისეულით და ენის ბუნებრივ სიტყვათწარმოებასთან მორგებული თუ მოურგებელი, ზოგჯერ დაპირისპირებული, ოკაზიონური ნეოლოგიზმებით, რათა საკუთარ პოეტურ ველში აღედგინა უხსოვარი დროიდან გაწყვეტილი კავშირი, ერთობა საგნებსა და მოვლენებს, თვალითხილულ და მიღმიერ სამყაროებს შორის.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
დამოწმებული ლიტერატურა:ონიანი ე: ონიანი ე. ლექსები,ესსეები,წერილები: გამომცემლობა ‘’საარი’’.თბ. 2000

Tuesday, May 26, 2009


მათე-პამპულა

- ბავშვებს ბაღიდან ვინ მოიყვანს?! ბარგს ვინ ჩაზიდავს?!
დალაგებაში ვინ გვიშველის?! ვინ და, პამპულა!
- პამპულ, სადა ხარ? აჰა - ფული, აფთიაქიდან
მომირბენინე ანალგინის ორი ამპულა!
- სულ აღმა-დაღმა რას დარბიხარ, შე დაჩაგრულო!
- პამპულ, გვიმღერე “ოროველა” ანდა “ჩაკრულო”!
- გილოცავ, პამპულ! ვინ გაჩუქა ლურჯი კედები?
ცოლი არ მოგყავს? იმდენ ლამაზს ეიმედები...
- პამპულ, ეს ჭიქა დაგვილიე, ერთი დაგვლოცე!
ნეტა მაგ ჩანთას რას დაათრევ, სავსეს წიგნებით?

- თქვენ გაიხარეთ, გაგიმარჯოთ! ...აი, დავცალე.
მაცხოვრის მადლი შეგეწიოთ, სადაც იქნებით!

ამ გაზაფხულზე ერთი აღარ გამოიდარა,
წვიმდა და წვიმდა, მარტის ქარში წვიმა გაბმულა.
დიდხანს გდებულა მომაკვდავი და გალუმპული,
ბიჭებს ქუჩაში უპოვიათ, თურმე, პამპულა.
უგონოდ იყო. ვერ უცნია, თურმე, ვერცერთი,
კრიჭაშეკრული მერე სიცხით სულ გათანგულა.
როგორ უარეს! იმ სარდაფში ღამეც უთიეს,
მაგრამ დილისთვის დაღუპულა მაინც პამპულა.
მერე მეზობლებს გაუშლიათ ეზოში სეფა,
ისმოდა ერთი ჟრიამული, ძაღლების ყეფა.
ბრძანა თამადამ, რომ პამპულა ყველას დააკლდა,
და რომ ცხოვრება არის ერთი მასხარაობა,
შემოსწრებულმა, ”ეჰ, ყველანი პამპულები ვართ”-
- თქვა ხელჩაქნევით და სმა-ჭამას მხარი აუბა.
გამოთვრა ყველა, აირია მერე ქელეხი,
მამაპაპური გაიმართა მღერა-ღრეობა.

ოთახს მინათებს კენტი სანთლის ჩუმი პარპალი.
ღიმილ-ნაღველი ერთმანეთში გადალამბულა.
სიკვდილის მერე გაუგიათ თურმე სახელი,
მათე რქმევია, ბავშვობიდან შერჩა “პამპულა”.
ისმის გალობა, კაბადონი მრავალხმიანობს,
თეთრი ღრუბლებით სხივოსანი ცა დაბამაბულა.
სანთლის კვამლივით მიირწევა, ღრუბლეულს ასცდა,
ადის მსუბუქი, მოღიმარი ადის პამპულა,
სამოთხის კართან შესციცინებს ყველას თვალებში,
ვინც შეიფარა, ვინც შეიტკბო ან დააპურა,
- მათე, ცოცხლებში ჩაიფრინე! - ეტყვიან, ვიცი,
და ანგელოზებს
არ დაზარდება
ჩვენი პამპულა.

ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ დარბაზში ახალგაზრდა პოეტებთან შეხვედრა გაიმართა

13:26 10.12.08 - ჟურნალი „ჩვენი მწერლობის“ დარბაზში ახალგაზრდა პოეტებთან შეხვედრა გაიმართა


ჟურნალი „ჩვენი მწერლობის" დარბაზში ახალგაზრდა პოეტებთან - ნატა ვარადასთან, ქეთი თუთბერიძესთან, დიანა ანფიმიადთან და გიორგი კეკელიძესთან - შეხვედრა გაიმართა.
ნატა ვარადას ლიტერატურული დებიუტი „ჩვენ მწერლობაში" შედგა, ქეთი თუთბერიძის ლექსები თავდაპირველად ჟურნალ „ლიტერატურულ პალიტრაში" დაიბეჭდა, დიანა ანფიმიადსა და გიორგი კეკელიძეს კი უკვე საკუთარი ლექსების კრებულები აქვთ გამოქვეყნებული.
როგორც „ჩვენი მწერლობის მთავარმა რედაქტორმა როსტომ ჩხეიძემ განაცხადა, ოთხ ახალგაზრდა პოეტს ერთმანეთთან, უპირველესად, ის აკავშირებს, რომ ისინი ახლა იმკვიდრებენ ადგილს ქართულ მწერლობაში.
ამასთან, ახალგაზრდებს მაძიებლის სულიც აერთიანებთ, ურომლისოდაც შემოქმედის ნაწერები უსიცოცხლო დარჩება.
მისივე თქმით, ახალგაზრდა პოეტების ლექსები „ჩვენი მწერლობი" ფურცლებზე თანმიმდევრობით დაიბეჭდა. ისინი მკითხველს პოეტმა გივი ალხაზიშვილმა წარუდგინა. მათგან ქეთი თუთბერიძის ლექსებმა ერთი მხრივ, ქება, მეორე მხრივ კი, კრიტიკა დაიმსახურა.
„ახალგაზრდები დღევანდელი შეხვედრისთვის ნიმუშად შეირჩნენ. ვეცდებით, სხვა ახალგაზრდა პოეტებიც მკითხველს ჩვენი ჟურნალის მეშვეობით თანდათან გავაცნოთ", - აღნიშნა როსტომ ჩხეიძემ.
ლიტერატურათმცოდე ნინო დარბაისელმა ოთხივე ახალგაზრდა პოეტის შემოქმედება ცალ-ცალკე შეაფასა. მისი თქმით, უპირველესი ნიშანი, რომელიც გიორგი კეკელიძის პოეზიას სხვათაგან გამოარჩევს, არის კრეაციული, შემოქმედებითი დამოკიდებულება ქართული ენისა და პოეტური მეტყველებისადმი.
„გიორგის შემოქმედებას ორი ძირითადი მიმართულება გამოარჩევს: ქართული იდიომატიკის მხატვრული გადამუშავება და ზმნა, რომელიც სრულიად ტრანსფორმირებული სახით შემოდის მის ლექსებში", - აღნიშნა ნინო დარბაისელმა.
მისივე შეფასებით, გიორგი კეკელიძის მსგავსად, ლექსის შინაარსობრივ მხარეს შემოქმედებითად დიანა ანფიმიადიც უდგება. პოეზია მისთვის სიტყვიერი ხელოვნების დარგია. მის ლექსებში ფორმა და სათქმელი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
მისი შეფასებითვე, ქეთი თუთბერიძე უდავოდ მზარდი შემოქმედია.
აქვს როგორც წარმატებული, ისე სუსტი ლექსები. ამდენად, იგი „არათანაბარი", თუმცა, „დიდი შინაგანი ვნების" პოეტია.
რაც შეეხება ნატა ვარადას, მის ლექსებს მითოპოეტური აზროვნების ტრადიციასთან დამოკიდებულება გამოარჩევს.
„ნატა ფარადა ცდილობს, ჩაწვდეს პოეტურ არქეტიპებს, რომელსაც არა მარტო ქართული პოეზია, არამედ, ზოგადად, პოეზია ეფუძნება. იგი შესანიშნავად ახერხებს, ერთ ლექსში შეუხამოს ერთმანეთს პოეტური არქეტიპები და თანამედროვე მოდერნისტული ხედვა", - აღნიშნა ნინო დარბაისელმა და დასძინა, რომ ოთხივე პოეტი მეტაფორას წარმატებით იყენებს.
ნატა ვარადამ, ქეთი თუთბერიძემ, დიანა ანფიმიადმა და გიორგი კეკელიძემ შეხვედრის მონაწილეებს თავიანთი ლექსები წარუდგინეს. მათი პოეზია პროფესიულად შეაფასეს ლევან ბრეგაძემ, თეიმურაზ დოიაშვილმა, მაკა ჯოხაძემ, რენე კალანდიამ, თემურ ნადარეიშვილმა და სხვებმა.

‘მედიანიუსი"

მადლობა...

მადლობა ჩემს მეგობარ მიხო მოსულიშვილს ამ ჟურნალის გახსნაში დახმარებისთვის.

ლიტერატურა ინტერნეტის ვირტუალური სარკმლიდან

გაზეთ 24 საათში გამოქვეყნებული ეს ინტერვიუ , იმედია, საინტერესო აღმოჩნდება მკითხველებისთვის. ინტერვიუს უძღვება პოეტი და ჟურნალისტი ბელა ჩეკურიშვილი

რევიუ - 2008-07-07 11:50 


ლიტერატურა ინტერნეტის ვირტუალური სარკმლიდან 

ქართულ სინამდვილეში 4 ლიტერატურული ინტერნეტფორუმი არსებობს, და თუ ამ საიტებზე არმყოფ ძველი თაობის პოეტებსაც გავითვალისწინებთ, გასაკვირი არ იქნება დათო ჩიხლაძის სიტყვები, რომ დღეს მკითხველი რევანშს იღებს ავტორზე, ანუ, ლექსის წერა და შესაბამისად, ინტერნეტსივრცეში განთავსება დაიწყო ყველამ, ვისაც კი პოეზია უყვარდა.

რა სახე აქვს თანამედროვე ქართულ პოეზიას, როგორ აღიქმება იგი ლიტერატურის კრიტიკოსთა თვალით, რა ტენდენციები შეიმჩნევა ინტერნეტსივრცეში განთავსებულ ლიტერატურულ საიტებზე, სადაც შემფასებელიც და ნორმების დამდგენიც მკითხველია?

ამ საკითხებზე გვესაუბრება პოეტი და ლიტერატურისმცოდნე ნინო დარბაისელი, რომელიც ოჯახთან ერთად ამჟამად აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში ცხოვრობს და აქტიურად თანამშრომლობს ქართულ ლიტერატურულ ფორუმებთან.

ნინო დარბაისელი: \\\"როგორც ლიტერატურათმცოდნე მუდმივად ვცდილობ, ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესების საქმის კურსში ვიყო. ამის კარგ საშუალებას კომპიუტერი იძლევა. ვწერ და ინტერნეტ გამოცემებში ვაქვეყნებ ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს. გულდასაწყვეტია, რომ ფორუმ \\\"ებლიტფოზე\\\" შექმნილი პრობლემების გამო დამეკარგა თითქმის დამთავრებული ნაშრომი \\\"როგორ ვიყავი პოეტი\\\". პრაქტიკულად, ეს იყო კრიტიკული თვითანალიზი, სადაც შეჯამებული მქონდა საკუთარი შემოქმედება\\\".

- რა შეიცვალა თანამედროვე პოეზიაში?

- ქართული ცნობიერების ვესტერნიზაცია ფორსირებულად მიმდინარეობს და დღევანდელი ქართველის ცნობიერება დიდად განსხვავდება თუნდაც 10 წლის წინანდელისაგან. ეს ცხოვრების ყველა ასპექტში შეინიშნება და მათ შორის - ხელოვნებაშიც. თემები, რაც საბჭოთა დროს ტაბუირებულობის გამო ფასეული იყო, დღეს აქტუალური აღარ არის. ეს ეხება როგორც ზოგადად ქართულ ხელოვნებას, ასევე პოეზიას. ეს იმაშიც აისახა, რომ ეროვნული ცნობიერების ნაცვლად ნელ-ნელა მკვიდრდება მოქალაქეობრივი აზროვნება. დღეს აღარ არის მკითხველის მოთხოვნა პატრიოტულ ლექსზე და ძალიან ძნელია ასეთი ლექსის დაწერა. თანამედროვე გლობალურ სივრცეში ინტეგრირება ეროვნული ნიშნით კი არა, სახელმწიფოებრივი ნიშნით უნდა შევძლოთ.

ის ჟანრობრივი მრავალფეროვნება, რაც დასავლური, მაგალითად, ამერიკული თანამედროვე პოეზიისთვისაა დამახასიათებელი, ქართულში უბრალოდ არ არსებობს. მიჩნეულია, რომ ქართული აზროვნება ეთნოფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ბინარულია, აქედან გამომდინარე, ჩვენი ფსიქოლოგია ორ პოლარულ წერტილს შორის განფენილ მრავალფეროვნებას ვერ ჰგუობს: ან კარგი ხარ, ან ცუდი. შესაბამისად, თუ პოეტი ხარ, უნდა პირველი იყო. ერთ-ერთ ჩემს ამერიკელ კოლეგას ვთხოვე, შეერჩია 10 საუკეთესო თანამედროვე ამერიკელი პოეტი, რომ მეთარგმნა და ძალიან გაუკვირდა: საუკეთესო, რის მიხედვით - მიმდინარეობების, გამოქვეყნების თუ გაყიდვების? მენეჯმენტი, მათ შორის პოეზიისაც, დღეს უკვე მართვადია და შეიძლება, რომ არაფრისგან შექმნა პოპულარული სახე, ასე რომ პოპულარობაც დღეს ნაკლებად გამოდგება პოეტის საზომად.

ზოგადად, ქართული პოეზიის განვითრებაში დადგა მომენტი, როცა მას მიეცა შესაძლებლობა იყოს წმინდა ლირიკა. დღეს შეგიძლია, რაც გინდა გააკეთო, აღარ არსებობს ინსტანცია, რომლის წინაშეც პოეტს მოუწევს პასუხისმგებლობა. იგი თითქოს თავისუფალია, მაგრამ რა ღირებულებებს სძენს და შესძენს ჩვენს პოეზიას ეს თავისუფლება, ცალკე მსჯელობის საგანია.

- პოეტის როგორ ტიპს მივიღებთ ბოლოს?

- საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ პოეტისა და კრიტიკოსის იმგვარ ტიპს, როგორც დასავლეთშია. იქ ტერმინი \\\"პროფესიონალი\\\" გამოიყენება ისეთ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს თავისი საქმიანობა ხელობად, საარსებო საშუალებად გაუხდია. ამ სახით, პროფესიონალი პოეტი არ არსებობს დასავლეთში, ვინაიდან ლექსით თავს ვერავინ ირჩენს. პოეტის რეგულარული, წლიური შემოსავალი იქ 0,000 000 დოლარის, ანუ არაფრის ტოლია. კრიტიკოსისა - მეტია, რადგან მისთვის არსებობს საკონტრაქტო სამუშაო ადგილები სხვადასხვა გამომცემლობებში. ვფიქრობ, საქართველოში იმის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებული ეკონომიკის პირობებში პოეტებს დააფინანსებს.

- ხომ არ არის ანაქრონიზმი საქართველოში პოეზიის ამგვარი ბუმი, მაშინ როცა მთელ მსოფლიოში პოეზია ძალიან არააქტუალურია?

- იყო დრო, საუკუნეებიც კი, როცა ლიტერატურის გვართა შორის პოეზია იყო წარმმართველი, დასავლეთში კარგა ხანია, პოეზიამ ადგილი დაუთმო პროზას. ფანტასტიკა, პოლიტიკური დეტექტივი და დოკუმენტური პროზა ყველაზე პუპულარული ჟანრებია და რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, თანამედროვე ქართულ პროზაშიც უფრო მკვეთრი სახეებია, ვიდრე პოეზიაში.

- თანამედროვე ქართული პოეზიის ყველაზე დიდ ნაკლად რა შეიძლება მივიჩნიოთ?

- თანამედროვე ქართული პოეზიის ყველაზე დიდი ნაკლი თემატური სიმწირე, გამომსახველობით ფორმათა ერთფეროვნებაა და მეტადრე, რიტმული მონოტონურობაა. ზოგადად, რიტმი წარმმართველია ხელოვნებაში.

გამიხარდება ხოლმე, როცა ლიტერატურულ საიტზე განსხვავებულ ინტონაციას, რიტმს შევხვდები. მეჩვენება, რომ ახალგაზრდა პოეტების ერთი ნაწილის წარმოდგენით, არსებობს მხოლოდ ორი ლექსი: ათმარცვლიანი კონვენციური და ვერლიბრი, ისინი ნაკლებად ეძიებენ სიახლეებს ლექსის წერისას. უარყოფენ ან არ იცნობენ ტრადიციას, სამაგიეროდ ბაძავენ ერთმანეთს. მათში ნაკლებია ნებისმიერი შემოქმედისთვის ბუნებრივი სურვილი, შექმნას რაიმე ორიგინალური, გამორჩეული. შეიძლება ექსპერიმენტი არ გამოგივიდეს, მაგრამ ხომ უნდა სცადო მაინც.

- ქართულ ლიტერატურაში მწვავედ დგას კრიტიკოსის და რედაქტორის პრობლემა. როგორც ლიტერატურათმცოდნე, ამას რით ახსნიდით?

- წესისამებრ, ხელოვნების ნებისმიერ სფეროში, ვიდრე ისტორია დაიწერება, თავის სიტყვას ამბობენ კრიტიკოსები, თუ ავტორი კრიტიკის ხედვის არეში ვერ მოხვდება, იგი დარჩება ლიტერატურული პროცესების მიღმა. 90-იანი წლების საქართველოში ლიტერატურული კრიტიკის ადგილი დაიკავა სოციალურმა კრიტიკამ, რომლის შეწავლის ობიექტი იყო არა პოეზია, არამედ, პოეტი, როგორც სოციალური ინდივიდი, ამ ტალღამ ჩაიარა, ახალ თაობაში ჯერჯერობით არ ჩანან კრიტიკოსები. საბედნიეროდ, გვყავს წინათაობელი საუკეთესო პროფესიონალი კრიტიკოსები თეიმურაზ დოიაშვილი და ლევან ბრეგაძე, მათი მომდევნო თაობიდან - როსტომ ჩხეიძე, თამაზ ვასაძე, გია არგანაშვილი, ნუგზარ მუზაშვილი და სხვანი. საინტერესოდ მუშაობს მარსიანი, თუმცა ბევრ რამეში არ ვეთანხმები.

ბეჭდვით ლიტერატურულ საშუალებებში, მათი სიმცირის გამო, პოეტის დაფიქსირება ნაკლებად ხდება. ლიტერატურულ პერიოდიკაში რედაქტირებული, სელექციაგავლილი ავტორები ხვდებიან და არსებობს გარკვეული ნორმები და შეფასების კრიტერიუმები. რასაკვირველია, ჩემთვის როსტომ ჩხეიძის ჟურნალში ერთი პუბლიკაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლიტერატურულ საიტზე დადებული 100 ლექსი. ლიტერატურული საიტი მოწოდებულია, დააკმაყოფილოს პოეზიის მოყვარულთა ფართო და მრავალფეროვანი საზოგადოების მოთხოვნილება, და ამგვარი საიტები პროფესიონალი ავტორებისათვის ნაკლებად არის განკუთვნილი, თუმცა კი, ქართული სივრცე იმდენად პატარაა, ბეჭდვითი გამოცემები კი იმდენად მცირე, რომ პროფესიონალიც და დილეტანტიც ერთად არის ამ საიტებზე თავმოყრილი. ნაწარმოებზე კომენტარს იმის მიხედვით ვტოვებ ხოლმე, პროფესიონალთან მაქვს საქმე, თუ დილეტანტთან.

- ლიტერატურული საიტებზე თავმოყრილი ნაწარმოებების ხარისხზე არცთუ დადებითი მოსაზრებები არსებობს, თუმცა კი, თქვენც თანამშრომლობთ მათთან.

- ლიტერატურული საიტი არ არის პროფესიონალთა ვირტუალური თავშესაფარი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ პროფესიონალმა მას არ უნდა შეხედოს. თუნდაც იმიტომ, რომ იცოდეს, რა ტენდენციებია და კიდევ, მას აქვს ალბათობა იქ თავის მკითხველს შეხვდეს. საიტი მკითხველთა ფართო სპექტრს მოიცავს და ვისურვებდი, უფროს თაობას დაეძლიოს კომპიუტერის ბარიერი, რათა თაობებს შორის წყვეტილობის ამგვარი ილუზია არ იქმნებოდეს.

როდესაც ვსაუბრობთ ქართულ პოეზიაში მაგისტრალურ და მარგინალურ დინებათა ურთიერთობაზე, უნდა ვაღიაროთ, ეს ორი დინება ჩვენთან მაინც მუდმივად პარალელური და ჩანაცვლებადია და მათ შორის გადამწყვეტი კონფლიქტი არასოდეს მომწიფებულა. დღევანდელი პროცესების დინამიკაზე დააკვირვება მაფიქრებინებს, რომ დადგა მომენტი, როცა მარგინალური დინება მზადაა, დაიკავოს მაგისტრალის ადგილი და თავის ზურგზე იწვნიოს ის სიმძიმე, რაც მაგისტრალს მოჰქონდა.

-ახალმა თაობამ რა ახალი ღირებულებები მოიტანა?

-ტრადიციულად, ქართული პოეზიის ღირებულებათა შკალაზე პირველ ადგილზე იდგა პარტიოტული ლირიკა, მეორეზე - სატრფიალო. პატრიოტულმა აქტუალობის ხარისხი დაკარგა, სამოქალაქო და ყოფითი ლირიკით ჩანაცვლდა, ხოლო სიყვარულის ერთი ნარატივი ჩაანაცვლა მეორემ, რომელიც გარეგნულად ეროტიული პლანის გამძაფრებით გამოირჩევა, არსობრივად კი თითქმის იგივეა. ლიტერატურულ საიტს ასეთი ლოგოც კი შეიძლება დავურთოთ: \\\"ადამიანს აქვს თვითგამოხატვის უფლება. პოეტი-ადამიანია!\\\"

ლექსი გახდა მეტად გულწრფელი, გულწრფელობის გამო აღარავინ ფერხდება, აღარავინ ისჯება. რასაკვირველია, ხელოვნებას ნორმალურზე მეტად ანომალური მოვლენები აინტერესებს, ამიტომ მიეცა რა თავისუფლება თანამედროვე ხელოვანს, იგი საუბრობს თავის ტკივილზე, ცოდვაზე და დანაშაულზე, და აღარ სჭირდება წარმოადგინოს საკუთარი თავი გმირად, ანუ \\\"მე\\\" - იდეალად. ტრადიციულად, მთელი ქართული ხელოვნების ნაკლი იყო ქალის იდეალიზაცია. დღეს ეს პრობლემა აღარც დგას, მაგრამ თანამედროვე ქართულ პოეზიაში გულწრფელობა, როგორც მხატვრულ-ესთეტიკური თამაში რეალურმა, სოციალურმა გულწრფელობამ ჩაანაცვლა. მაგრამ დგება პრობლემა: რამდენად ღირებულია პროდუქტი, რომელიც ამის შედეგად მიიღება? რას მატებს იგი პოეზიას-სიტყვიერი ხელოვნების დარგს?

ასე გამოიყურება ჩემთვის დღევანდელი ქართული პოეზიის პრობლემატიკა ინტერნეტის ვირტუალური სარკმლიდან და ეს ცხადია, სრული სურათი ვერ იქნება.