Tuesday, July 7, 2009

ბატის ფრთის ფერადი ვარდები

ნინო დარბაისელი


კიდევაც კარგი ვარ! შენ რამდენისა ხარ? ჰო! მე რომ შვიდისა ვიყავი, უკვე სტუდენტიც იქნებოდი . ვზივარ ერთხელ ჩემთვის , მოწყენილი, ხვალის გაკვეთილები უკვე მოვამზადე, გარეთ სათამაშოდ ვერ გავდივარ, ზამთარია, შემოდის მამაჩემი და მეუბნება: - შენთვის კარგი ამბავი მაქვს. ერთმა ლამაზმა დეიდამ დაბადების დღეზე დაგპატიჟა, აბა,გამოიცანი, ვინ! რა გამოცნობა უნდოდა! ახლო-მახლოში სულ ერთი ლამაზი დეიდა იყო - ჩვენი ელამი ფოსტალიონის ცოლი - წოწია ტომა . ამბობდნენ, ბიძამ ყაზახეთიდან გამოუგზავნაო.ზაფხულში სულ ვარდისფერი შარვლით დადიოდა , მაღალქუსლიანები ეცვა, დანაჩოსებულ ქერა თმაზე ნაირ-ნაირ პლასტმასის პეპლებს იკეთებდა და ლურჯ თვალებზე გრძელი, შავი წამწამები ჰქონდა მიწებებული , მუქი წითელი პომადა ისე ესვა, იფიქრებდი, ბნელში უჭამია და სიჩქარისაგან პირის მოწმენდა დავიწყებიაო. იმათი ’’ხრუშოვკა’’-კორპუსი ჩვენი სახლის წინ, ერთ გადარბენაზე იდგა. მდგმურები წინა ეზოში, გრძელ სკამზე გროვდებოდნენ. ბიჭები თან გოგოებს ელაპარაკებოდნენ, თან სულ იმისკენ გაურბოდათ თვალი , ერთი, როდის გამოვიდოდა თავის პატარა აივანზე , რეცხვისგან უფრო გათეთრებულ მკლავებს როგორ აიქნევდა ჰაერში სარეცხის გასაფერთხად, მერე ძუძუებშუიდან როგორ ამოიღებდა სამაგრებს და თოკებზე კოხტად მიამაგრებდა. რაც ზამთარი დადგა, აივანზე იშვიათად ჩანდა, ფანჯრის რაფაზეც დიდი ქილებით სულ ფერად-ფერადი წნილები ჩაამწკრივა. ხანდახან თუ გამოიხედავდა, უკვე ვიცოდი, მე მეძებდა, ხელის დაქნევას როგორ დავაცლიდი! კორპუსის ქვეშ მივირბენდი, ქაღალდში შეხვეულ ფულს გადმომიგდებდა და მეოთხე სართულზე პურს წუთში ავურბენინებდი. ჰოდა , დაბადების დღეზეც იმიტომ დამპატიჟა . სტუმარს ლამაზად ხომ უნდა ეცვას! საგარეო კაბა კი ცოტა დასრესილია , მაგრამ არა უშავს , ბებიაჩემივით, სველ ხელს დავისვამ , სანამ იქ მივალთ, თავისით გასწორდება... მამამ ამასობაში პირი გაიპარსა და თმები ბრიოლინით აილაპლაპა, რაც ხელებზე დარჩა, მეც მიმის-მომისვა თავზე, ერთიანად შემათვალიერა და უცებ სახეში სერიოზულად შემომაცქერდა : - ეს კარგი, მაგრამ საჩუქარზე რა ვქნათ? უყვართ უფროსებს ასეთი შეკითხვები.გაფიქრებენ , გაწვალებენ, თითქოს შენ თუ არ უპასუხე, არაფერი გამოვა , პასუხი კი უშენოდაც თავიდანვე კარგად იციან : - რა და, - ვაზაში რომ ბებიაშენის ყვავილებია. დედაშენის გასახარად ბარემ აქედანაც მოვაშორებთ. დედა ჯერ ცოცხალ ყვავილებსაც ვერ იტანდა, ალერგიული ვარო , ეს ხელოვნური ყვავილები ხომ მოთმინებას აკარგვინებდა, თავისიანებში ამბობდა, სულ ჩემს დედამთილს მაგონებს, რასაც ვაკეთებ, მგონია, ჩუმად მითვალთვალებსო. ბებიაჩემს კი , თითქოს ჯინაზე, შუა ოთახში, მრგვალ მაგიდაზე ედგა. ოდესღაც ვიღაცას რუსეთიდან ჩამოუტანია, მოკლე, შინდისფრად შეღებილი ბატის ბუმბულები მავთულით ვარდის კოკრებად იყო შეკრული, გრძელი მწვანე ბუმბულები - ვითომ ღერები და ფოთლები იყო. ეს დამტვერილი ყვავილები ვაზიდან ამოვიღეთ, ნაზად დავბერტყეთ და სანამ მამაჩემი ცელოფანის შავ პარკსაც მოძებნიდა, რომ გარეთ არ დაენახათ, რა გვეჭირა, მე, როგორც საზრიანმა ბავშვმა , საჩუქარი გავაკეთილშობილე , ანუ ადეკოლონი ’’შიპრის’’ ჩემი საკუთარი, პატარა ბოთლი დაუნანებლად ზედ დავაცალე. გამოსვლისას მამამ ნოტების ჩანთაც დამაკავებინა. მივდივართ და მიგვიხარია! გზაში არავინ შეგვხვედრია. ერთი პირველსართულელი კი დავინახე , მაგრამ ფარდის უკან მიმალული მოთვალთვალე ხომ შეხვედრილებში არ ითვლება! სადარბაზოში საჩუქარი ამოვიღეთ, მივასწორ- მოვასწორეთ, რომ ავედით, მამამ კარის თვალს მიუშვირა, თვითონ გვერდითა კედელს აეკრა და მეც უკან დამმალა , მერე სამჯერ ფრთხილად დააკაკუნა. - ოი, კაკიე ცვეტი, ა კაკ პახნუტ!- ამ სიტყვებზე წოწია ტომამ ვარდები ჯერ მამაჩემის ხელიანად და მერე მთლად მამაჩემიანად თითქოს შიგნით შეისრუტ-შეისრიალა, კარი ცხვირზე მომაკეტა და დავრჩი ასე. რაღა ვქნა! გარეთ ყინავს, ქარია. სახლის გასაღები მამას უდევს ჯიბეში. დედა გვიან მოდის, ბებია ხომ საერთოდ სოფელში წავიდა , და ! მეზობლებთან შესვლაც არ შეიძლება, რაღაცეებს შემეკითხებიან , მაინც გამომტეხავენ , მერე დედაჩემს მიუტანენ ამბავს, მერე დედა მამას ეჩხუბება, მერე მამა სახლიდან გავარდება, მერე , როგორც ’’მამაილას’’, მაგრად მომხვდება, მერე დედა იტირებს... საერთოდ, რატომ გამოვყევი... - ყელი ჩამეკეტა . კიბეები დასაჯდომად ცივია, კიდევ კარგი, ეს ჩანთა წამოვიღე, საფეხურზე დავდებ და დავჯდები, მაგრამ ესეც ცივია. ფეხებიც გამეყინა, თანაც უკვე მეფსია! ავდექი, ჯერ მამაჩემივით სამჯერ დავაკაკუნე, მერე ორივე მუშტი წავუშინე . მამამ გამიღო: -სუ-უ! წოწია ტომა ძალიან ცუდად გახდა, კვდებოდა, ძლივს გადავარჩინე . შემოდი და აი, აქ, სამზარეულოში დაჯექი, მე კიდევ მივხედავ, იქნებ დავაძინო , აჰა, ნამცხვარი და ატმის კამპოტიც ზედ დააყოლე . გაზზე წყალს დავადგამ და შენ კარგად უყარაულე, რომ ადუღდება, დამიძახე, თუ არ დაიძინა, სხვა გზა არ არის, ფეხები ცხელ წყალში უნდა ჩავაყოფინოთ! შემოსვლისას ოთახის შეღებულ კარში თვალი მოვკარი, წოწია ტომა მართლა იწვა . მოსალევი მოვილიე, შესაჭმელი - შევჭამე, დასალევი- დავლიე , წყალიც მზადაა , მივდივარ ოთახის კართან . - მა-მა-ა, მა-მი-კო-ო , ადუღდა! - მინდა , ხმა ისე მივაწვდინო, წოწია ტომა თუ უკვე ჩაძინებულია, არ გავაღვიძო. იქიდან რაღაც ბრაგა-ბრუგი და კვნესა ისმის . ეტყობა , ტკივილებისგან კვნესის , ვერა და ვერ იძინებს, მაგრამ აგე! მამაჩემი ისეთია, დიდ საწოლსაც აკვანივით ურწევს. ფიქრით კი ამას ვფიქრობ, მაგრამ, სინამდვილეში, შიგნით იდუმალი , საშიში, თან სასიამოვნო ფორიაქი მივლის. წყალი კი დუღს და დუღს.უკვე მთელი ვეებერთელა ჩაიდანი ამოშრა და ძირმაც ტკაცა-ტკუცი დაიწყო. მოცუცქნული სამზარეულო ორთქლშია, ფანჯრებზეც უკვე წვეთები ღვარად ჩამოდის. კარგად დაღამდა და ვხედავ, ჩვენთან შუქიც აინთო, მერე ჩაქრა, მერე აინთო. ვიღაც უკვე მოვიდა, დედაჩემის მეტი ვინ იქნება. ბებია ხომ სოფელშია, მაგრამ შეიძლება დაბრუნდა. სულ ასე არ ამბობს? - მე სადაც მინდა და როცა მინდა , მაშინ წავალ და მოვალ , ეგღა მაკლია, სხვებს შევეკითხოო.. ახლა უკვე გამეტებით ვუკაკუნებ ექიმ-ავადმყოფს. - მა-მა-ა, ჩვენთან ვიღაც მოვიდა ! - კატორი ჩას? - ავადმყოფი უცებ წამოფრინდა - .ოი, ოი, ბოჟე მოი, ბისტრა ! მამაჩემმაც უცებ მოიგდო ქურთუკი, მკლავში ჩატანებული კაშნე არც გამოუძრია, პალტო ისე შემომაცვა, ქუდი თვალებზე ჩამომაფხატა და მოვცოცხეთ. სადარბაზოს აქეთ რომ გამოვცდით, გალეული ფოსტალიონი იქიდან უკვე კორპუსის კუთხისკენ მოლასლასებდა. მამა ხელის აწევით , შორიდან მიესალმა და ამოისუნთქა : -აუჰ, გადავრჩით! ჯერ სადა ხარ! მთავარი წინაა. ნეტა , ვინ გაგვიღებს კარს? არც არავინ. უბრალოდ მოხურულია. შუშაბანდში , დივანზე დედა ზის, უკვე გრძელი ხალათიც აცვია , ტელევიზორს ზერელედ უყურებს და კი არ გველაპარაკება, თითქოს სხვის დაწერილს ხმამაღლა გვიკითხავს: -არ მაინტერსებს არაფერი. კეთილი ინებეთ და საიდანაც გნებავთ, როგორც გნებავთ , ის ყვავილები აქ გააჩინეთ და თავის ადგილზე დადეთ . სოფლიდან დარეკეს. ამაღამ ქალბატონი ჩამობრძანდება. ჰო, გაბრაზებულზე სულ ასეთი ლაპარაკი იცის. ხანდახან იმასაც დაუმატებს, რომ ამ ოჯახში თვითონ - ერთი შემომტანია, სხვა ყველა - გამტანი,მაგრამ ახლა იქამდე ვეღარ აღწევს: - გეყოთ! ამჯერად აქედან მე წავალ და რაც გინდათ, ქენით. ხალხისა შენ არ გერიდება ,ბავშვისაც არა გრცხვენია, ყველანი ერთი ჯიშისა ხართ. ყველანი... ბოლო სიტყვები აღარ მესმის, უკვე გარეთ ვართ და ქარი შიგ ყურებში მიბერავს. კიდევ კარგი, შორს მაინც არა ვართ წასასვლელები! -შენ უნდა ახვიდე. მე არ მახსენო! ეტყვი : იზვინიტე, ია უ ვას ცვეტი ასტავილა.მოჟნა იხ ზაბრაც? აბა , გაიმეორე! რას გავიმეორებდი! - კარგი! იცი , როგორ უთხარი? - პაჟალუსტა,... არა, პაჟალუსტა არ გინდა, პირდაპირ :ია ხაჩუ მაი ცვეტი. თუ კარი ფოსტალიონმა გაგიღო, ეტყვი : წოწია ტომა დომა? გაიმეორე! ეს უფრო ადვილი იყო. ისევ კიბეზე ასვლა, ისევ კაკუნი...გაიღო, ორივე ერთად დგას.ამაზე ხომ მამას არაფერი უთქვამს,არადა მიყურებენ, მელოდებიან ! დავიწყე: - წოწია ტო-მა-მა-პა-პა-პაჟა-ცვე-ტი! სრული სიჩუმე . ჯერ ფოსტალიონი იწყებს. მერე რუსულად ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობენ. ისე აუჩქარეს და აუჩქარეს, რას ყვირიან, მე კი არა,თვითონაც აღარ ესმით, ერთი გავარჩიე: ’’დურაკ ტი’’. ქმარი გაბრაზებული შევარდა, წოწია ტომას პომადა და სახე ერთი ფერი აქვს, თან ვითომ მიცინის , უკვე ცრემლები ჩამოსდის. წამწამები ნახევრად აეშვა. სულ იგლეჯს და შიგნით ისვრის. მერე ნესტოებზე ხელს იჭერს , ჯერ ისევ რაღაც გაუგებარს მეუბნება, მერე: - პადაჟდი , უ აკნა, აკნო, აკოშკა!- ჰაერში თითით ოთხკუთხედს ხაზავს და კარს ხურავს. - ყვავილები? - ცარიელ ხელებში მიყურებს მამა - რა, არ მოგცა? - არა! --გაგიბრაზდა? - არა! - მარტო იყო? -არა! - რამე ზედმეტი ხომ არ უთხარი? -არა! -აბა, რა გითხრა? - აკოშკასთან პადაჟდიო. - კარგი, დაველოდოთ! სხვა რა გზაა! ვიცდით და ვიცდით. თან კორპუსის ძირში , აქეთ-იქით დავსეირნობთ . ცოტა ხანში ფანჯარა იღება, მოჩანს ქერა, დანაჩოსებული თავი, გავრბივართ და უკვე ვხედავთ, ბინებიდან გამომავალ ოქროსფერ შუქში სართულ-სართულ როგორ ნარნარად მოფრინავს ჩვენი თაიგული , მამაჩემი აღარც მელოდება, თითქმის აფრენილია, რომ ჰაერშივე გააბას , საცაა, დაიჭერს კიდეც... მაგრამ უეცრად წამოუქროლა ქარმა სასტიკმა და აიტაცა ჩვენი ვარდები და ნაძვის ტოტზე წკიპით დაკიდა. -ჩქარა,ქვა ! ...ერთიც!... ვახ, აცდა!... კიდევ... კიდევ მომიტანე...უფრო დიდი ! ირგვლივ ქვების მეტი რა ყრია, რაღა ახლა გამოილია! უფრო შორს მივრბივარ. იქიდან ვხედავ, მეორე სართულიდან ვიღაც იატაკის ჯოხს ყოფს , ხის ტოტს არხევს , არის! თაიგული დაბლა ეშვება , ჯოხიანი მოხუცი ქალი ჩვენკენ ფრთხილად იხედება , მამა სასწრაფოდ ჰაეროვან კოცნას უგზავნის, ყვავილებისთვის იხრება და უცებ მეოთხედან : - სვოლაჩ ! ამ ხმას ხელნაკრავი წნილის დიდი ქილა მოსდევს, თხლაშ-დგუფ -ლაწ ! - და შიგ ფეხებში უფეთქდება. ვაი, მამა, ვაი , ვარდები! წამიც და, მამა უკვე ფეხზე დგას გაჭიმული , ხელში დაშლილი თაიგული უჭირავს, მთელ ტანსაცმელზე, თმებზე წვრილად დაჭრილი კომბოსტოები და სტაფილოები ჰკიდია და ბედნიერად მიღიმის, მერე ჩემკენ იხრება, სველ, მომჟაო-მომლაშო ლოყაზე ვკოცნი , ვეხუტები ... რა? შენ ამბობ , რომ ამას , ყველაფერს მამაილა იგონებს, არა? მერამდენედ მომიყევი და ყოველთვის - სხვადასხვანაირადო. დიახაც, ეს ჩემი ამბავია! რა მნიშვნელობა აქვს, მართლა მოხდა თუ არა, მე ხომ , რამდენჯერაც მოვიგონებ, ახლიდან ვხედავ, მესმის და განვიცდი , გინდ ნაღვლიანად ვყვებოდე, გინდ მხიარულად , და სხვა რაღაა ადამიანის ნამდვილი წარსული!

No comments:

Post a Comment