Tuesday, May 4, 2010

ნინო დარბაისელი

ბეშ პარმაკი


გვერდიგვერდ ვწევართ,
ცივა ცაშიც და მაძაგძაგებს,
ვგრძნობ, რომ ირყევი,
და თვალებიც დახუჭული გაქვს.
გარედან ვხედავ
მაგ პირშეკრულ გვამის ტომარას,
ჟანგბადს ვისუნთქავ და
უცნაურად მოლურჯო და მოჟოლოსფრო ფერებში ვახვევ
თვალწინ არეულ საგნებსა და ადამიანებს.
ამ საკაციდან დავინახე თუ მომელანდა,
ნარინჯისფერი ხარი როგორ გაიზლაზნა,
ვერტმფრენის კართან
ლურჯ მედდას როგორ გამოედო ნდომით გავაზე.
ქალმაც ხუმრობით გაჰკრა ხელი და
როგორც რკინის შედუღებისას,
მიმოიფანტნენ ირგვლივ წითელი ნაპერწკლები და უცებ ჩაქრნენ.

შეიძლებოდა, მაგ ტომარაში ვწოლილიყავი,
ალბათ დაბაში მიმიტანდნენ
და ჩემიანებს
ღრმა მწუხარებით აუწყებდნენ გარდაცვალებას
და იქნებ ფულიც გადაეხადათ,
საჭირო ფული,
ბევრი ფული, - კომპენსაცია.
დამიტირებდნენ,
დაბის სახლსაც მიაყიდიდნენ
და ახალ, ფერად კორპუსებში მოძებნიდნენ სხვებივით ბინას,
აბაზანაში ცხელი წყლისაგან ბუღი რომ დგება
და ცივ ზამთარში ისე შრება თურმე ჰაერი,
რომ ღამღამობით
წყლიან ჯამებს დგამენ რაფებზე .
და აღარც შეშა ექნებოდათ დასაპობი,
წყალი - საზიდი.

აბა, რა არის ჩვენს დაბაში გოგოს ცხოვრება:
წმენდა-ლაგება, ვითომ-სკოლა ანდა ნახირი!
გრძელ ჟაკეტებქვეშ მინი-კაბები,
ტუფლები - მუდამ იღლიაში,
შებინდებულზე - ფეხაკრეფით - დისკოტეკაზე
და გულმოხსნილი ტოპიკების აბრჭყვიალება.
ცეკვა, ქუსლების დაცვენამდე უცხოელებთან,
უცხოზე უცხო ოთახები,
დილას კი ისევ...

და იცის დაბის ყველა გოგომ, რა ელოდება,
მის დანახვაზე
მამა ანდა მამინაცვალი
წელიდან ქამარს როცა შეიხსნის.

მეც დამსაჯეს და სოფლის ნახირს გამომაყოლეს
და ქსოვა-ქსოვით მივღიღინებდი,
ისიც ვიცოდი,
ადგილობრივებს იქით გასვლა გვეკრძალებოდა,
მაგრამ ვიღაცას გადაეჭრა მავთულხლართები.
მაინც, რამდენი ბალახი იცის შემოღობილში,
ისე მაღალი, ისე ხასხასებს მზის სხივებში!
ჩვენს გადაძოვილ მინდვრებს, აბა, რა ხეირი აქვს,
ძროხას ბალახი თუ არ ეყო, რას მოიწველის!

ჩაგვჩურჩულებდნენ გულახდილად ევროპელები,
ნავთობისათვის ჭაბურღილის ამომჭრელები:
ჩვენ არა გვიჭირს, ფილიპინელებს მოერიდეთო,
ეგენი სანდო არ არიან, ჩვენც არ გვინდობენ
დანები მუდამ ჯიბით დააქვთ, დალესილები,
თანაც ერთმანეთს იცავენო
და ჩასაფრებაც იციანო ბნელ კუთხეებში.
ან რად გვინდოდა ეს ამდენი გაფრთხილებები,
ფილიპინელებს ზედ ისედაც არ ვუყურებდით,
ასე ვამბობდით:
ფილიპინელი - ყველა ერთია!

პოლიციელი ეხმარებოდა გამომძიებელს.
გაიხსენეო, მაძალებდნენ, გაიხსენეო.
ისიც არ ვიცი, რანაირად ამიცდა ფეხი.
ვარდნა-ღა მახსოვს სიბნელეში
და სიმაგრეზე დანარცხება,
უჰაერობა,
და კიდევ წამი:
როგორც ვიდეო კასეტაზე ფირს დაახვევენ,
ისე უეცრად ჩამიქროლა მთელმა ცხოვრებამ.
და დავინახე ანგელოზი, ნათელს ჩამოჰყვა,
შუბლიდან ნათელს ასხივებდა, სახე არ ჩანდა,
ჩემკენ დაიძრა ხუთი თითი სხივგამდინარე,
მკერდზე წნეხივით მაწვებოდი,
შენი პირი კი სველი, მძიმე, უზარმაზარი
ჩემსას ეკვროდა
და ჰაერი, რომ მიბერავდი,
ყელის ძირში მეხერგებოდა.

დაბლა ამბობდნენ,
რომ ყველაფერი შენი ბრალია.
რომ დაარღვიე ინსტრუქცია,
ჟანგბადის ნიღაბს როცა იხსნიდი და მე მაცვამდი.
მაშინაც, თოკს რომ გამომაბი, სამჯერ მოქაჩე,
და მარტო დარჩი ჭის სიღრმეში
უჰაეროდ, ფარნის ამარა.
ვიღაც დაობდა, სულ კომპანიის ბრალიაო ,
რომ მუშახელის სიიაფეს დახარბებულნი
გაჭირვებული ქვეყნებიდან ეზიდებიან
ამ სიშორეზე კადრებს არაკვალიფიციურს,
რომ ტრენინგები არ გაგივლია,
რომ უკეთესად უნდა დაიცვან
საცდელი ბურღვის ადგილები მიტოვებული,
რომ ვიღაც უნდა დაისაჯოს აუცილებლად.

ფილიპინელებს თვალები ჰქონდათ ისეთი ბასრი!
ჩვენს სიახლოვეს არ უშვებდნენ ფილიპინელებს.

რა მოხდებოდა, ინსტრუქცია არ დაგერღვია,
როგორც გადამრჩენს, მოგიწვევდით მაშინ დაბაში,
მოგროვდებოდნენ ძველებურად აქსაკალები
დიდ ხალიჩაზე დაგიდებდით სასტუმრო ბალიშს,
გავშლიდით სუფრას,
დაგისხამდი ქაფქაფა ჩაის
და ფიანდაზით ბეშ პარმაკი დაიდგმებოდა;
როცა არავინ შემოგვხედავდა, დროს ვიხელთებდით
და ცხენის ხორცის ცხელ-ცხელ ნაჭრებს
ხუთივე თითით დასწვდებოდი, გამომიწვდიდი,
პირს გაგიღებდი და თითებსაც გაგილოკავდი, გიკბენდი კიდეც ...

შენ სამშობლოში გადაგაფრენენ,
მე კი ალბათ უნდა შემშურდეს
სამუდამოდ ყველა გოგოსი,
რომელმაც იცის, რა ელოდება,
მის დანახვაზე
მამა ანდა მამინაცვალი
წელიდან ქამარს როცა შეიხსნის.
რაღას დავეძებ,
ოღონდ ისევ ასე ვისუნთქო,
ნეტარად ვიწვე ასე,
ტკივილებგაყუჩებული,
ძრავის გრუხუნში
მესმოდეს ხმები ანგელოზების
და უცნაურად მოლურჯო და მოჟოლოსფრო ფერებში ვხვევდე
თვალწინ არეულ საგნებსა და ადამიანებს.
-----------
ბეშ პარმაკ -(ხუთი თითი-ყაზახ.) , ცომის მოხარშული ფირფიტებისა და დამარილებული, აქნილი ცხენის ხორცისგან მომზადებული ყაზახური ნაციონალური კერძი.