Saturday, July 11, 2009


ბაბოს სიხარული ! ჩემი ამერიკელი მაუგლი - ადრიანა ჰელენა ჩეფმენი თავის ორ აკელასთან ერთად.

შუაღამური

მკითხა: ამ ღამით ვინ დაგტოვა ქუჩაში მარტო?
მივუგე: რა ვქნა, გავაცილე სტუმარი ღამის.

მკითხა: მეცნობი,სად ცხოვრობო.
მივუგე: ახლო.

მკითხა: არ გინდა,მიგაცილო?
მივუგე: კარგი!

მკითხა: სახელი რა გქვიაო.
მივუგე: ანა.

მკითხა: როდესაც დამინახე,სულ არ შეშინდი?
მივუგე: ცოტა, როცა ჩრდილმა გაიხმიანა.

მკითხა: არ გცივა? მოიხურე ჩემი ჟაკეტი!
მივუგე: გმადლობ.რა თბილია!
როგორ მეამა!

მკითხა: თუ გჯერა, ვარსკვლავების ან ბედისწერის?
მივუგე: მგონი, ვარსკვლავები მუდამ ტყუიან.

მკითხა: ეს არის შენი კარი?
მივუგე: დიახ!

მკითხა: გექნება ჭიქა ჩაი?
მივუგე: არა!

მივკეტე კარი და ჟრჟოლამაც გადამიარა.

Tuesday, July 7, 2009

ედინბურგში,რობერტ ბერნსის ფართიზე


შვიდი კანონიკური ჰაიკუ

დაცემამდე

ზაფხულის დილა.
ბალახის ღერის წკიპზე
კიდია წვეთი.


მიუწვდომლობა

ზამთარი . თოვლი.
კარალიოკი ისევ
ხის წვერზე დარჩა.


სიცოცხლე

მზემ დასცა კაცი.
ძველი სახლი კი დგას,
ხვლიკს მოუხმობს ხვლიკი.


ღამე

მშობლები - ბაღში
დაუკრეფავში.მიწამ
ჩაიკრა ბავშვი.


სიყვარული

გაშლილ მდელოზე
დაგორდა ვაშლი,თავბრუ
დაეხვა ჭიას.


დრო

გათხრილ სამარხში
ძველი ძვლებია,ძაღლო,
გეყოფა ყეფა!


ცივი გრანულა

დადგა ზამთარი.
მიწიდან ხეზე ვეღარ
ფრინდება ჩიტი.

თამაშგარე

ნინო დარბაისელი

ის თამაშიდან გამოაგდეს უხეშობისთვის.
სიბრაზისაგან
თვალის ფერი არ ემჩნეოდა.
დაჯდა მარტოკა,
მოედნისკენ ზურგმიქცეული.


მე - შევცქეროდი,
იმზურგსუკან
როგორ დარბოდნენ ,
როგორ დაობდნენ
უნაპერწკლოდ
დარჩენილები.
უსტვენდა მსაჯი
მოხალისე კალათბურთელებს.
დიდი,
მხტუნავი ფორთოხალი
მზეში ბრუნავდა.
მზეში ბრუნავდა
ფორთოხალი ფარსაცდენილი,
მოედანგარეთ ვარდებოდა,
ახალმწვანეში,
ზოგჯერ ბადეშიც ეხვეოდა…
და არ ხდებოდა საბოლოოდ აღარაფერი.


დაუცხრა მზერა ალესილი,
კისრის ძარღვები დაბერილი
ნელა ჩაუდგა
და ცხელი ქშენაც მიუწყნარდა
ნესტოებიდან
და აღარც ლურჯი მაისური უტოკავდა
ოფლიან მკერდზე,
მაგრამ
უეცრად,
სულისაბერვით აიყარა შუბლიდან თმები ,
როდესაც
გოგომ კაფანდარამ ,
მკერდმოკოკრილმა,
მოუხედავად ჩამოუარა
და სიშორიდან
ერთმანეთი იგრძნეს ტანებმა.

ბიჭმა ენაზე დაისველა მომლაშო ცერი
და გადაყვლეფილ მუხლისთავზე
ბეჭდად დაისვა,
მერე ნებივრად გაიზმორა
და ერთიანად ჩასუნთქული მთელი სამყარო
ამოამთქნარა უდარდელად .

წამოუბერა .
მე ავიტატე შვილიშვილი
შინ გავეშურე ,
იქ კი ,ზურგსუკან
გრძელდებოდა ისევ თამაში.

მზეში ბრუნავდა
ფორთოხალი.
ბრუნავდა მზეში .

კენგურუ

-->
ნინო დარბაისელი

არ მესმის შენი,
არაფერიც არ მესმის შენი.
ერთი,
გაბმული ხმაურია სუყველაფერი,
რაც არ მანიშნებს,
რომ სამალავი სადღაც ,ახლოა,
ანდა საზრდოსკენ არ მიმახედებს..
მე მდედრი ვარ და
დედა ვარ და
სხვანაირად როგორ ვიქნები!


ნიავს მოჰქონდა სუნი შენი ,
გაუგებარი.
გემალებოდი,
გაგირბოდი,
ახლა კი ,
როგორ მიცახცახებს მთელი სხეული…


ნუ შემეხები!
კუდიანი ვარ,
თვალმრუდი ვარ,
თანაც ხელმოკლე
და არც ფეხები მაქვს ჩამოქნილი,
რადგან
ურყევად უნდა ვიდგე
და თუ გაჭირდა,
საკუთარ თავსაც გადავახტე.
მე მდედრი ვარ და
დედა ვარ და
სხვანაირად როგორ ვიქნები!


შვილი?
ა-აა, შვილი?!
იმან თავის ჩანთა აივსო,
მე - იმის ნაცვლად
დილდილობით ვანანავებ
მზეს ახალშობილს,
ღამღამობით კი
მთვარესა და
წვრილ-წვრილ ვარსკვლავებს …

ჩუ-უ,
ბალახებში რაღაც ფაჩუნობს!

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
კენგურუ - როდესაც ბრიტანელმა მოგზაურმა ავსტრალიაში პირველად დაინახა უცნაური ცხოველი,რომელიც უხარმაზარ ბოცვერს ჰგავდა, მაგრამ მუცელზე ჩანთა ჰქონდა , აბორიგენს ინგლისურად ჰკითხა,რა ჰქვიაო.”კენ გუ რუ”- უპასუხა აბორიგენმა,რაც ნიშნავდა ”არ მესმის შენი”.

_ _ _ _ _ _ _ _ _
ექსპლიკაცია

”კენგურუ ” ეროტიკული თემის დამუშავების ახალ ცდას წარმოადგენს.მკითხველთა ერთი ნაწილისათვის ,შესაძლოა, გაუგებარიც აღმოჩნდეს ეროტიკისთვის მისი მიკუთვნების მოტივი.შევეცდები ,ავხსნა ჩემი ჩანაფიქრი:ლექსი ორ პარალელურ ნარატიულ პლანს შეიცავს.პირველი - ფასადური პლანი ეგზოტიკური ცხოველის ,კენგურუს ამბავია,მეორე - რთულ ინტიმურ სიტუაციაში აღმოჩენით დამფრთხალი ქალის აფექტური მონოლოგი,რომელიც ლოგიზაციას ესწრაფვის.ამ ორი ნარატივის კორელაცია ხდება სიმბოლო - ალეგორიის მეშვეობით.სიმბოლურად და ალეგორიულადაც კენგურუ შეესაბამება დედას,ნაყოფიერებას.სიფხიზლესსიფრთხილეს, სიმარდეს.გარდა ამისა ,გამოყენებულია ნარატივთა დაკავშირების ერთი ხერხიც; ქართული იდიომატიკა ,რომელიც აქ ორმხრივ დეკოდირებას ექვემდებარება.სტრიქონებში:
კუდიანი ვარ,თვალმრუდი ვარ,თანაც ხელმოკლედა არც ფეხები მაქვს ჩამოქნილი,რადგანურყევად უნდა ვიდგედა თუ გაჭირდა,საკუთარ თავსაც გადავახტე.
ერთი მხრით, მოცემულია კენგურუს კერძო გარეგნულ ნიშანთა სურათი: ძლიერი კუდი , თვალები/რუს.:”კასოი ზაიაც”- ის ხომ დიდ კურდღელს ჰგავს/ ,მოკლე ხელები და ძლიერი,მაგრამ ჩამოუქნელი ფეხები,რომელშიც მთელი მისი ფიზიკური ძალაა კონცენტრირებული… მეორე მხრივ კი ამავე ნიშნებისათვის ქართულ იდიომთა მორგებასაშუალებას იძლევა, ეს ყოველივე ადამიანურ/თუმცა ნეგატიურ/ თვისებებად მოიაზრებოდეს. კუდიანი ხომ არა მხოლოდ კუდის მქონე ცხოველს ,არამედ ხრიკიან ადამიანსაც ნიშნავს,ასევე: თვალმრუდი არა მხოლოდ ელამ არსებას,არამედ ”ცუდი თვალის ” მქონეს ,ხელმოკლე კი - არა მხოლოდ ხელებმოკლე არსებას,არამედ სოციალურად ,ფინანსურად წარუმატებელ ადამიანს .ამავე რიგისაა ”საკუთარ თავზე გადახტომა” - საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლა და ”ურყევად დგომა” - ნებისყოფის სიმტკიცე.ფინალში კიდევ ერთი პარალელია,მაგრამ ეს უკვე მკითხველის ალღოსა და ინტერპრეტაცისადმია მინდობილი.
კიდევ ერთი მომენტი,რომელიც ლექსის დასაწყისს უკავშირდება:
არ მესმის შენი,არაფერიც არ მესმის შენი.
ეს ფასადურად - ალუზიაა კენგურუს სახელდებისა ,მეორე პლანში კი კონცეპტუალური დატვირთვა აქვს.გამოყენებულია ინტენციალობის თეორია,რომლის თანახმადაც,ადამიანს გარემოდან,როგორც ტექსტიდან მხოლოდ ის ინფორმაცია ესმის,იმას გებულობს,რა ინფორმაციის მისაღებადაც განწყობილია,დანარჩენი კი ,რაკი დეკოდირებას არ ექვემდებარება, ”ხმაურია’.

ბატის ფრთის ფერადი ვარდები

ნინო დარბაისელი


კიდევაც კარგი ვარ! შენ რამდენისა ხარ? ჰო! მე რომ შვიდისა ვიყავი, უკვე სტუდენტიც იქნებოდი . ვზივარ ერთხელ ჩემთვის , მოწყენილი, ხვალის გაკვეთილები უკვე მოვამზადე, გარეთ სათამაშოდ ვერ გავდივარ, ზამთარია, შემოდის მამაჩემი და მეუბნება: - შენთვის კარგი ამბავი მაქვს. ერთმა ლამაზმა დეიდამ დაბადების დღეზე დაგპატიჟა, აბა,გამოიცანი, ვინ! რა გამოცნობა უნდოდა! ახლო-მახლოში სულ ერთი ლამაზი დეიდა იყო - ჩვენი ელამი ფოსტალიონის ცოლი - წოწია ტომა . ამბობდნენ, ბიძამ ყაზახეთიდან გამოუგზავნაო.ზაფხულში სულ ვარდისფერი შარვლით დადიოდა , მაღალქუსლიანები ეცვა, დანაჩოსებულ ქერა თმაზე ნაირ-ნაირ პლასტმასის პეპლებს იკეთებდა და ლურჯ თვალებზე გრძელი, შავი წამწამები ჰქონდა მიწებებული , მუქი წითელი პომადა ისე ესვა, იფიქრებდი, ბნელში უჭამია და სიჩქარისაგან პირის მოწმენდა დავიწყებიაო. იმათი ’’ხრუშოვკა’’-კორპუსი ჩვენი სახლის წინ, ერთ გადარბენაზე იდგა. მდგმურები წინა ეზოში, გრძელ სკამზე გროვდებოდნენ. ბიჭები თან გოგოებს ელაპარაკებოდნენ, თან სულ იმისკენ გაურბოდათ თვალი , ერთი, როდის გამოვიდოდა თავის პატარა აივანზე , რეცხვისგან უფრო გათეთრებულ მკლავებს როგორ აიქნევდა ჰაერში სარეცხის გასაფერთხად, მერე ძუძუებშუიდან როგორ ამოიღებდა სამაგრებს და თოკებზე კოხტად მიამაგრებდა. რაც ზამთარი დადგა, აივანზე იშვიათად ჩანდა, ფანჯრის რაფაზეც დიდი ქილებით სულ ფერად-ფერადი წნილები ჩაამწკრივა. ხანდახან თუ გამოიხედავდა, უკვე ვიცოდი, მე მეძებდა, ხელის დაქნევას როგორ დავაცლიდი! კორპუსის ქვეშ მივირბენდი, ქაღალდში შეხვეულ ფულს გადმომიგდებდა და მეოთხე სართულზე პურს წუთში ავურბენინებდი. ჰოდა , დაბადების დღეზეც იმიტომ დამპატიჟა . სტუმარს ლამაზად ხომ უნდა ეცვას! საგარეო კაბა კი ცოტა დასრესილია , მაგრამ არა უშავს , ბებიაჩემივით, სველ ხელს დავისვამ , სანამ იქ მივალთ, თავისით გასწორდება... მამამ ამასობაში პირი გაიპარსა და თმები ბრიოლინით აილაპლაპა, რაც ხელებზე დარჩა, მეც მიმის-მომისვა თავზე, ერთიანად შემათვალიერა და უცებ სახეში სერიოზულად შემომაცქერდა : - ეს კარგი, მაგრამ საჩუქარზე რა ვქნათ? უყვართ უფროსებს ასეთი შეკითხვები.გაფიქრებენ , გაწვალებენ, თითქოს შენ თუ არ უპასუხე, არაფერი გამოვა , პასუხი კი უშენოდაც თავიდანვე კარგად იციან : - რა და, - ვაზაში რომ ბებიაშენის ყვავილებია. დედაშენის გასახარად ბარემ აქედანაც მოვაშორებთ. დედა ჯერ ცოცხალ ყვავილებსაც ვერ იტანდა, ალერგიული ვარო , ეს ხელოვნური ყვავილები ხომ მოთმინებას აკარგვინებდა, თავისიანებში ამბობდა, სულ ჩემს დედამთილს მაგონებს, რასაც ვაკეთებ, მგონია, ჩუმად მითვალთვალებსო. ბებიაჩემს კი , თითქოს ჯინაზე, შუა ოთახში, მრგვალ მაგიდაზე ედგა. ოდესღაც ვიღაცას რუსეთიდან ჩამოუტანია, მოკლე, შინდისფრად შეღებილი ბატის ბუმბულები მავთულით ვარდის კოკრებად იყო შეკრული, გრძელი მწვანე ბუმბულები - ვითომ ღერები და ფოთლები იყო. ეს დამტვერილი ყვავილები ვაზიდან ამოვიღეთ, ნაზად დავბერტყეთ და სანამ მამაჩემი ცელოფანის შავ პარკსაც მოძებნიდა, რომ გარეთ არ დაენახათ, რა გვეჭირა, მე, როგორც საზრიანმა ბავშვმა , საჩუქარი გავაკეთილშობილე , ანუ ადეკოლონი ’’შიპრის’’ ჩემი საკუთარი, პატარა ბოთლი დაუნანებლად ზედ დავაცალე. გამოსვლისას მამამ ნოტების ჩანთაც დამაკავებინა. მივდივართ და მიგვიხარია! გზაში არავინ შეგვხვედრია. ერთი პირველსართულელი კი დავინახე , მაგრამ ფარდის უკან მიმალული მოთვალთვალე ხომ შეხვედრილებში არ ითვლება! სადარბაზოში საჩუქარი ამოვიღეთ, მივასწორ- მოვასწორეთ, რომ ავედით, მამამ კარის თვალს მიუშვირა, თვითონ გვერდითა კედელს აეკრა და მეც უკან დამმალა , მერე სამჯერ ფრთხილად დააკაკუნა. - ოი, კაკიე ცვეტი, ა კაკ პახნუტ!- ამ სიტყვებზე წოწია ტომამ ვარდები ჯერ მამაჩემის ხელიანად და მერე მთლად მამაჩემიანად თითქოს შიგნით შეისრუტ-შეისრიალა, კარი ცხვირზე მომაკეტა და დავრჩი ასე. რაღა ვქნა! გარეთ ყინავს, ქარია. სახლის გასაღები მამას უდევს ჯიბეში. დედა გვიან მოდის, ბებია ხომ საერთოდ სოფელში წავიდა , და ! მეზობლებთან შესვლაც არ შეიძლება, რაღაცეებს შემეკითხებიან , მაინც გამომტეხავენ , მერე დედაჩემს მიუტანენ ამბავს, მერე დედა მამას ეჩხუბება, მერე მამა სახლიდან გავარდება, მერე , როგორც ’’მამაილას’’, მაგრად მომხვდება, მერე დედა იტირებს... საერთოდ, რატომ გამოვყევი... - ყელი ჩამეკეტა . კიბეები დასაჯდომად ცივია, კიდევ კარგი, ეს ჩანთა წამოვიღე, საფეხურზე დავდებ და დავჯდები, მაგრამ ესეც ცივია. ფეხებიც გამეყინა, თანაც უკვე მეფსია! ავდექი, ჯერ მამაჩემივით სამჯერ დავაკაკუნე, მერე ორივე მუშტი წავუშინე . მამამ გამიღო: -სუ-უ! წოწია ტომა ძალიან ცუდად გახდა, კვდებოდა, ძლივს გადავარჩინე . შემოდი და აი, აქ, სამზარეულოში დაჯექი, მე კიდევ მივხედავ, იქნებ დავაძინო , აჰა, ნამცხვარი და ატმის კამპოტიც ზედ დააყოლე . გაზზე წყალს დავადგამ და შენ კარგად უყარაულე, რომ ადუღდება, დამიძახე, თუ არ დაიძინა, სხვა გზა არ არის, ფეხები ცხელ წყალში უნდა ჩავაყოფინოთ! შემოსვლისას ოთახის შეღებულ კარში თვალი მოვკარი, წოწია ტომა მართლა იწვა . მოსალევი მოვილიე, შესაჭმელი - შევჭამე, დასალევი- დავლიე , წყალიც მზადაა , მივდივარ ოთახის კართან . - მა-მა-ა, მა-მი-კო-ო , ადუღდა! - მინდა , ხმა ისე მივაწვდინო, წოწია ტომა თუ უკვე ჩაძინებულია, არ გავაღვიძო. იქიდან რაღაც ბრაგა-ბრუგი და კვნესა ისმის . ეტყობა , ტკივილებისგან კვნესის , ვერა და ვერ იძინებს, მაგრამ აგე! მამაჩემი ისეთია, დიდ საწოლსაც აკვანივით ურწევს. ფიქრით კი ამას ვფიქრობ, მაგრამ, სინამდვილეში, შიგნით იდუმალი , საშიში, თან სასიამოვნო ფორიაქი მივლის. წყალი კი დუღს და დუღს.უკვე მთელი ვეებერთელა ჩაიდანი ამოშრა და ძირმაც ტკაცა-ტკუცი დაიწყო. მოცუცქნული სამზარეულო ორთქლშია, ფანჯრებზეც უკვე წვეთები ღვარად ჩამოდის. კარგად დაღამდა და ვხედავ, ჩვენთან შუქიც აინთო, მერე ჩაქრა, მერე აინთო. ვიღაც უკვე მოვიდა, დედაჩემის მეტი ვინ იქნება. ბებია ხომ სოფელშია, მაგრამ შეიძლება დაბრუნდა. სულ ასე არ ამბობს? - მე სადაც მინდა და როცა მინდა , მაშინ წავალ და მოვალ , ეგღა მაკლია, სხვებს შევეკითხოო.. ახლა უკვე გამეტებით ვუკაკუნებ ექიმ-ავადმყოფს. - მა-მა-ა, ჩვენთან ვიღაც მოვიდა ! - კატორი ჩას? - ავადმყოფი უცებ წამოფრინდა - .ოი, ოი, ბოჟე მოი, ბისტრა ! მამაჩემმაც უცებ მოიგდო ქურთუკი, მკლავში ჩატანებული კაშნე არც გამოუძრია, პალტო ისე შემომაცვა, ქუდი თვალებზე ჩამომაფხატა და მოვცოცხეთ. სადარბაზოს აქეთ რომ გამოვცდით, გალეული ფოსტალიონი იქიდან უკვე კორპუსის კუთხისკენ მოლასლასებდა. მამა ხელის აწევით , შორიდან მიესალმა და ამოისუნთქა : -აუჰ, გადავრჩით! ჯერ სადა ხარ! მთავარი წინაა. ნეტა , ვინ გაგვიღებს კარს? არც არავინ. უბრალოდ მოხურულია. შუშაბანდში , დივანზე დედა ზის, უკვე გრძელი ხალათიც აცვია , ტელევიზორს ზერელედ უყურებს და კი არ გველაპარაკება, თითქოს სხვის დაწერილს ხმამაღლა გვიკითხავს: -არ მაინტერსებს არაფერი. კეთილი ინებეთ და საიდანაც გნებავთ, როგორც გნებავთ , ის ყვავილები აქ გააჩინეთ და თავის ადგილზე დადეთ . სოფლიდან დარეკეს. ამაღამ ქალბატონი ჩამობრძანდება. ჰო, გაბრაზებულზე სულ ასეთი ლაპარაკი იცის. ხანდახან იმასაც დაუმატებს, რომ ამ ოჯახში თვითონ - ერთი შემომტანია, სხვა ყველა - გამტანი,მაგრამ ახლა იქამდე ვეღარ აღწევს: - გეყოთ! ამჯერად აქედან მე წავალ და რაც გინდათ, ქენით. ხალხისა შენ არ გერიდება ,ბავშვისაც არა გრცხვენია, ყველანი ერთი ჯიშისა ხართ. ყველანი... ბოლო სიტყვები აღარ მესმის, უკვე გარეთ ვართ და ქარი შიგ ყურებში მიბერავს. კიდევ კარგი, შორს მაინც არა ვართ წასასვლელები! -შენ უნდა ახვიდე. მე არ მახსენო! ეტყვი : იზვინიტე, ია უ ვას ცვეტი ასტავილა.მოჟნა იხ ზაბრაც? აბა , გაიმეორე! რას გავიმეორებდი! - კარგი! იცი , როგორ უთხარი? - პაჟალუსტა,... არა, პაჟალუსტა არ გინდა, პირდაპირ :ია ხაჩუ მაი ცვეტი. თუ კარი ფოსტალიონმა გაგიღო, ეტყვი : წოწია ტომა დომა? გაიმეორე! ეს უფრო ადვილი იყო. ისევ კიბეზე ასვლა, ისევ კაკუნი...გაიღო, ორივე ერთად დგას.ამაზე ხომ მამას არაფერი უთქვამს,არადა მიყურებენ, მელოდებიან ! დავიწყე: - წოწია ტო-მა-მა-პა-პა-პაჟა-ცვე-ტი! სრული სიჩუმე . ჯერ ფოსტალიონი იწყებს. მერე რუსულად ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობენ. ისე აუჩქარეს და აუჩქარეს, რას ყვირიან, მე კი არა,თვითონაც აღარ ესმით, ერთი გავარჩიე: ’’დურაკ ტი’’. ქმარი გაბრაზებული შევარდა, წოწია ტომას პომადა და სახე ერთი ფერი აქვს, თან ვითომ მიცინის , უკვე ცრემლები ჩამოსდის. წამწამები ნახევრად აეშვა. სულ იგლეჯს და შიგნით ისვრის. მერე ნესტოებზე ხელს იჭერს , ჯერ ისევ რაღაც გაუგებარს მეუბნება, მერე: - პადაჟდი , უ აკნა, აკნო, აკოშკა!- ჰაერში თითით ოთხკუთხედს ხაზავს და კარს ხურავს. - ყვავილები? - ცარიელ ხელებში მიყურებს მამა - რა, არ მოგცა? - არა! --გაგიბრაზდა? - არა! - მარტო იყო? -არა! - რამე ზედმეტი ხომ არ უთხარი? -არა! -აბა, რა გითხრა? - აკოშკასთან პადაჟდიო. - კარგი, დაველოდოთ! სხვა რა გზაა! ვიცდით და ვიცდით. თან კორპუსის ძირში , აქეთ-იქით დავსეირნობთ . ცოტა ხანში ფანჯარა იღება, მოჩანს ქერა, დანაჩოსებული თავი, გავრბივართ და უკვე ვხედავთ, ბინებიდან გამომავალ ოქროსფერ შუქში სართულ-სართულ როგორ ნარნარად მოფრინავს ჩვენი თაიგული , მამაჩემი აღარც მელოდება, თითქმის აფრენილია, რომ ჰაერშივე გააბას , საცაა, დაიჭერს კიდეც... მაგრამ უეცრად წამოუქროლა ქარმა სასტიკმა და აიტაცა ჩვენი ვარდები და ნაძვის ტოტზე წკიპით დაკიდა. -ჩქარა,ქვა ! ...ერთიც!... ვახ, აცდა!... კიდევ... კიდევ მომიტანე...უფრო დიდი ! ირგვლივ ქვების მეტი რა ყრია, რაღა ახლა გამოილია! უფრო შორს მივრბივარ. იქიდან ვხედავ, მეორე სართულიდან ვიღაც იატაკის ჯოხს ყოფს , ხის ტოტს არხევს , არის! თაიგული დაბლა ეშვება , ჯოხიანი მოხუცი ქალი ჩვენკენ ფრთხილად იხედება , მამა სასწრაფოდ ჰაეროვან კოცნას უგზავნის, ყვავილებისთვის იხრება და უცებ მეოთხედან : - სვოლაჩ ! ამ ხმას ხელნაკრავი წნილის დიდი ქილა მოსდევს, თხლაშ-დგუფ -ლაწ ! - და შიგ ფეხებში უფეთქდება. ვაი, მამა, ვაი , ვარდები! წამიც და, მამა უკვე ფეხზე დგას გაჭიმული , ხელში დაშლილი თაიგული უჭირავს, მთელ ტანსაცმელზე, თმებზე წვრილად დაჭრილი კომბოსტოები და სტაფილოები ჰკიდია და ბედნიერად მიღიმის, მერე ჩემკენ იხრება, სველ, მომჟაო-მომლაშო ლოყაზე ვკოცნი , ვეხუტები ... რა? შენ ამბობ , რომ ამას , ყველაფერს მამაილა იგონებს, არა? მერამდენედ მომიყევი და ყოველთვის - სხვადასხვანაირადო. დიახაც, ეს ჩემი ამბავია! რა მნიშვნელობა აქვს, მართლა მოხდა თუ არა, მე ხომ , რამდენჯერაც მოვიგონებ, ახლიდან ვხედავ, მესმის და განვიცდი , გინდ ნაღვლიანად ვყვებოდე, გინდ მხიარულად , და სხვა რაღაა ადამიანის ნამდვილი წარსული!

სამარხვო ტორტი

ნინო დარბაისელი

არა,რა! ეს მარხვა-აღსარება-ზიარება ამისი საქმე არ იყო. ღმერთისა როგორ არა სწამდა, სახარებასაც კითხულობდა ხანდახან, სანთლებსაც ანთებდა. არც მაინცადამაინც ცუდი საქმეების ჩადენზე იყო დაგეშილი , მაგრამ , რაღაცნაირად, თან ეღიმებოდა , თან სული ეხუთებოდა , თავსაფრიანი ნამეტანი მორწმუნეები ყველა ’’ძნელ’’ კითხვაზე ერთნაირად რომ პასუხობდნენ, ჩემს მოძღვარს შევეკითხები და მერე გეტყვიო. ეკლესიაში ,,შეტყუება,, ბევრჯერ დაუპირეს დაქალებმა. ეშმაკი გიბორკავს ფეხებს , რომ მადლს აგარიდოს, უნდა სძლიოო. ამ ერთხელ წაჰყვა. ჯერ წირვას დავესწროთ, მერე კარგ სამარხვო მარწყვის ტორტზე ვართ დაპატიჟებულიო. - ეს სამარხვო ტორტი რაღა უბედურებაა, თუ მარხულობ - იმარხულე, თუ არა და... ალბათ კრემი მცენარეულ მარგარინზეა, მაგრამ ბისკვიტი ხომ კვერცი, ფქვილი და შაქარია, იქნებ ქათმებმაც სამარხვო კვერცხების დადება დაიწყეს...იცით,რა, წავიდეთ ეკლესიაში , მერე იქაც გაგიყვანთ, მაგრამ ვერ ამოვალ , ჩემი საქმე მაქვს. შეთანხმდნენ. იდგა, იდგა ეკლესიაში. აღარ დამთავრდა წირვა. მერე : ამდენი დგომით დავიღალე, ბეჭებში ჩხვლეტა დამეწყო . არ შეიძლება , უკვე წავიდეთო? - შეაპარა. - არა უშავს, თავიდან ყველა ეგრეა. მერე მიეჩვევი. - ჩასჩურჩულა ერთმა . - აი, ხომ გითხარი, ეშმაკი არ გასვენებს-მეთქი, ბეჭებზე გაზის, კლანჭით გჩხვლეტს, რომ აქაური მადლი ვერ მიიღო. - მეორემ სასწრაფოდ პირჯვარი გადაიწერა. იმდენი ჩხვლიტა ამ ეშმაკმა, ვიდრე არ ათქმევინა, თქვენ რაც გინდათ, ქენით, მე წავედი, მანქანა ცუდად მიყენია , რომ მორჩება, ზარი გამოუშვითო და იქვე, ,,ჰაინეკენის,, ბარში არ შეიყვანა.ჯერ გრეიფრუტის წვენი ააღებინა, მერე ,,ცეზარის სალათი,, , ბოლოს - ყინულებიანი ,,ბეილიზიც,, , ყავიან-სიგარეტიანად. აქ უფრო ადვილი იყო ღმერთზე ფიქრი. ღმერთთან თავისი ,,კერძო გარიგება ,, ჰქონდა: ადამიანს რაც სხვისი გაუხარდება, ის მოუვა. კარგი გამიხარდება? - კარგს ვემთხვევი, ცუდი გამიხარდება?- ცუდი არ ამცდება! ვინც მე უსამართლოდ მაწყენინოს , რაც მე დარდი მაქვს, სულ იმას! თუ მე ვინმეს უსამართლოდ ვაწყენინო, იმის დარდი - მე! ძილის წინ, ვიდრე უცნობ-ნაცნობი ადამიანები და ხმები ნელ-ნელა მოგროვდებოდნენ და აირეოდნენ, რომ სიზმარი დაეწყოთ, ,,მამაო ჩვენოს,, სამჯერ ზეპირად იტყოდა, თავის ამინ-ამინ-ამინებიანად . ეს ჩვევა ბავშვობიდანვე დასჩემდა . ლოცვას აზრს კი არ ატანდა, ჩქარ -ჩქარა, ერთი ამოსუნთქვით მოიშორებდა. ხანდახან სიტყვებს არც ამბობდა , გულიდან მთელ სხეულში, თავიდან ფეხებამდე აიტარ-ჩაიტარებდა და გაუშვებდა. საიქიოზე ბევრი ფიქრითაც არ იტანჯავდა თავს. სამოთხე სხვებისთვის იყო. იქ რა უნდოდა, სადაც ყველა ერთნაირი და ერთნაირად ბედნიერია! ერთნაირობას აქაც ვერ იტანდა. ქალი კი არა, ცოდვების ბუკეტი იყო. რაც არ უნდა ეწვალა , ჯოჯოხეთი მაინც არ ასცდებოდა, , მაგრამ სჯეროდა, სათავისო საქმე იქაც არ მოაკლდებოდა, ან საპატრონო იქნებოდა ვინმე, ან დასალაგებელი იქნებოდა იქაურობა, ან დასახვეტი. კუპრის ქვაბს მაინც მისცემდნენ გამოსახეხად ან ..რა ვიცი, კიდევ რა აქვთ იქ... მერე, მაგ ქვაბში შენ თვითონ რომ ჩაგაგდონო? რა ვუყოთ, მარტო მაინც არ ვიქნები, სადაც ყველა - იქაც მეო. - პასუხობდა. ეს მორწმუნე დაქალები მაინც არ შორდებოდნენ, ურწმუნოებიც ხომ ბევრი ჰყავდა.თუმცა ვინ იცის, სინამდვილეში, ვინ მორწმუნეა, ვინ - ურწმუნო. გუშინ კი მაგრად იცინა . უი, იცი, რა გავიგე? - ეუბნება ერთი - ვინც აქ ჯვარდაწერილი ცოლ-ქმარია, საიქიოშიც ერთად იქნებიანო. - და, უი - რატომ? -რატომ და , ოცდასამი წელია, ჩემს ქმარს აქ ძლივს ვუძლებ , მეგონა, იქ მაინც დავისვენებდი . რა აიტანს მაგას სამარადისოდ! ან შარშანწინ ის ჯვრისწერა რას ავიტეხე! სამი შვილი ჰყავთ. მე - არც ერთი. და რომ მყოლოდა, - რა! გააჩინე, გააჩინე! თავის გაჩენილს ღმერთი არ დაკარგავს, საარსებოსაც მოაყოლებსო. ასეა, ჯერ გააჩენენ და მერე პამპერსის ყიდვის თავი არა აქვთ. წელებზე ფეხს იდგამენ, ვალებს იღებენ ... წინასწარ ხომ უნდა იცოდე, ბავშვის შენახვა რა ღირს, მკურნალობა რა ღირს, სწავლა რა ღირს? ჩაცმა? დასვენება აღარ უნდა? აი, რომ გამეჩინა... ახლა რამდენისა იქნებოდა? ჰო, თორმეტისა. რამდენი რამე ენდომებოდა! მერე მაგ ასაკში უკვე ისეთი კითხვების დასმა იციან , დამიწყებდა:მამაჩემი ვინ არის, სად არის, რატომ არ მოდის ...მერე , ნაბიჭვარს რომ დაუძახებდნენ ისინი, ნაგავი მამები რომ უყრიათ შინ და მაინც მამიანები რომ ჰქვიათ, ან უნდა ჩაეყლაპა ან უნდა ეჩხუბა . არ იჩხუბებდა ? - ვისაც არ დაეზარებოდა, ყველა თავში წამოარტყამდა , იჩხუბებდა? - ხან დაიჭერდნენ, ხან გამოუშვებდნენ და ბოლოს , ვინ იცის, რა გამოვიდოდა, იქნებ წამალზეც შემჯდარიყო. ეგ კი არა , კაი ოჯახისშვილები ხდებიან ნარკომანები... არა მგონია, გოგო ყოფილიყო. რომ ყოფილიყო? მოიჩიტებოდა თუ არა, ყველა მგელს გასაგლეჯად მოუნდებოდა, დასწრებაზე იქნებოდნენ. მით უმეტეს, თუ მამამისს დაემგვანებოდა, სულ კუდში უნდა მედევნა, ვიღაც დეგენერატი გამიუბედურებდა, მერე მეორე დეგენერატი გამოჩნდებოდა, უპატრონოა, შემრჩებაო; მერე კიდევ მესამე ... დეგენერატებს რა გამოლევს! როგორ დავფეხმძიმდი?! რა ვიცი, თავს ვიცავდი. თებერვალი ხან მოკლეა, ხან გრძელი . ეტყობა, რაღაც ამერია . რომ გადამიცდა, ჯერ ციკლის დარღვევა მეგონა, მერე ტესტერმა ორსულობა აჩვენა. რა! არ ვუთხარი იმ ბედოვლათს, ფეხმძიმედ ვარ-მეთქი თუ რა? და , რა გააკეთა? ჯერ რაღაც მომენტში სახეზე კმაყოფილებამ გადაურბინა, მერე - ჩემი არ იქნება, მე რა ვიცი, ვისიაო. თანაც, ჩემები არ ვიცი, სად გადავყაროო, ვითომ ხუმრობით. ძალიანაც კარგად იცოდა, მაგის მეტი არავინ მყავდა, მაგრამ კაცი - ოხერია. შენ ჭკვიანი ქალი ხარ, რამეს მოიფიქრებო. ჰო,როცა უნდოდა, ჭკვიანი ვიყავი,როცა უნდოდა - სულელი. მერე ვითომ ქალაქგარეთ საქმეები ჰქონდა , ერთი კვირა არც მოსულა, არც დაურეკავს. რამდენი ხანი მეცადა! აბორტი კერძოდ გავიკეთე. მარტო წავედი. არ მქონდა ამ კლინიკების თავი. ვითომ ანალიზებს გიკეთებენ, რეაქტივები მაგათ არა აქვთ და არაფერი . ტყუილად სხვადასხვა კაბინეტებში დაგარბენინებენ , რომ, რაც შეიძლება, მეტი შეგაწერონ, ტყუილ დიგნოზებს გისვამენ , მერე ძვირიან წამლებს გაყიდინებენ , მაინცადამაინც იმ აფთიაქში მიდი, სხვის წამალს არ ვენდობითო , აფთიაქებს წილში უსხედან....მოკლედ,რა! - პირველია?- მეკითხება გინეკოლოგი - შვილები გყავთ? მერე ჰაერის ჩაუსუნთქავად უბერავს: - დედობა ქალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.დედობის უფლება აქვს ყველა ქალს და თუ მცირეოდენი საშუალება მაინც არსებობს, ქალმა ნაყოფი უნდა შეინარჩუნოს. გარდა ამისა , ფეხმძიმობა დადებითად მოქმედებს ქალის ფიზიოლოგიაზე და სიმსივნური წარმონაქმნების ბლოკირებას , შემთხვეევათა უმრავლესობაში კი საერთოდ გაქრობას უწყობს ხელს, ხოლო შეწყვეტილი ფეხმძიმობა, მითუმეტეს ქირურგიული ჩარევით, ... ბლა, ბლა, ბლა... უცხოურ ფილმებში დამნაშავეს რომ ბორკილის დადებამდე უფლებებს აცნობენ, ისეა, მაგრამ აქ ტონი ვითომალერსიანია და სადღაც, სიტყვებსიქიდან გრძნობ , ეშინია , ნათქვამი მართლა ჭკუაში არ დაგიჯდეს და კარზე შენი ფეხით მოსული კლიენტი არ დაეკარგო. ადგილობრივი ანესთეზიის პირველი ნემსი მწარედ ვიგრძენი, სარკის ჩადგმაც , ყელის გახსნაც , ვითომ ძალიან არ უნდა მტკენოდა,მაგრამ მეტკინა. -დედიკო, გეხვეწები, ეს გამისინჯე, რა! -კარი იღება. ჯამიანი გოგო შემოდის, ასე, თორმეტი წლისა, ცოტა მობიჭო, ეტყობა, მამას ჰგავს. - რამდენჯერ გითხარი, როცა ვმუშაობ, ხელს ნუ მიშლი... კარგი, შემოდი - თან წითელპომადიან პირს უფჩენს. ტყაპ!- და გაწვდილი კოვზიდან ვარდისფერი კრემის ნახევარი თეთრი ხალათის გულისპირზე ეცემა. - ოოხ, ფეთხუმო , მომშორდი, მომშორდი! - რეზინის ხელთათმანიანი ხელი აუქნია - მარწყვი შიგ ჩაათქვიფე? უხდება სიმჟავე , მაგრამ მეტი აღარ უყო, ძალიან გაგითხელდება და ბისკვიტს ვერ დაიჭერს, ცოტა ხანს მაცივარში შედგი, უფრო კარგად წაესმება......და მათემატიკას მიხედე, ხვალ გაგიძახებს, იცოდე ! - მიაწია კარში გასულს. - აი, ბედნიერი! - ვფიქრობ მე - გაიზრდება, რამდენი დაფეხმძიმდება, მოვა სახლში, დედამისი აქვე, მუქთად გაუკეთებს აბორტს, ალბათ ამხანაგებსაც დაპატიჟებს საღამოობით აბორტზე, როგორც ტორტზე... ო-ო, რა შვებაა ასეთი სულელური ფიქრი გამოუვალ მომენტებში! იმის მერე მარწყვის ტორტს ხომ დასანახავად ვერ ვიტან, მგონია, ზედ მარწყვები კი არა, კოლტებია. აღარ დამთავრდა და აღარ დამთავრდა ეს ფხეკა. კი ამბობდა, ხუთ წუთში მოვრჩებიო, მაგრამ გეგონება ,ო პერაციას კი არ ატარებს, სადგურის მოსაცდელში ზის და ლაპარაკით ერთობა: - ნოემბრიდან მოყოლებული, ზამთარი მკვდარი სეზონია , /ნამშობიარევი ყელი ნაკლებად სპაზმურია და უფრო ადვილია, ნუ იძაბები,ღრმად ისუნთქე,გენაცვალე!/, ყველაზე მეტი სამუშაო მარტ-აპრილში მომაწყდება ხოლმე , ვერ ავუდივარ , / ცოტაც და, მოვრჩებით/ , კაცი ხომ სულ ძაღლია და ძაღლია, მაგრამ ამ დროს ქალი და კატა ერთია... მე კი კბილები და ღრძილები ერთიანად მეტკინა და მაგრად დაჭერისაგან ყბა მიკანკალებს, მომუშტულ ხელისგულებში ფრჩხილების ჩანარჭობები მტკივა, არათითზე ფრჩხილიც მომტეხია. ერთი ჭიქა მინერალური დამალევინა, კარის შუშაში ჩავიხედე , ჭიქაში ცხვირსახოცის წვერი ჩავასველე და ყბამდე ჩამოსული ტუშის შავი ნიაღვარი მოვიწმინდე. ცხვირიც ზედ მივაყოლე. - კარგი გოგო ხარ. - მეუბნება - დღეს-ხვალ-ზეგ ათი აბი ანტიბიოტიკი დალიე! რომელი?! რა ვიცი, რომელიც უფრო გიხდება . თუ პრობლემა გექნა, რა დროც იქნება, დამირეკე ! - შემდეგი, მობრძანდით ! - მომაყოლა ხმა, ბინის ჰოლში მომლოდინე ქალებიდან ერთი წამოდგა , ღრმად ჩაისუნთქა და საქმიანი სახით ჩამიარა. ეტყობოდა, ახალი არ იყო იქ. წვიმდა. მუცელში სიმჩატეს და სიფუღუროვეს ვგრძნობდი. აფთიაქთან გავაჩერე. უცებ იქვე ცარიელი , ღია საპარიკმახერო დავინახე , შევედი, თმა პირდაპირ ბიჭურად შევაჭრევინე. იმის მერე აღარც გამიზრდია. შუაღამემდე მთელ გულ-მუცელში დაუსრულებლად მიმეორდებოდა გადატანილი . დროდადრო მუხლი მიხტოდა , სახსრები და ბარკლის უკანა მყესებიც ყრუდ მტკიოდა . მერე როდის-როდის ჩამეძინა . შუა ძილში რაღაც წარმოუდგენელი სიამოვნება, არა, ნეტარება ვიგრძენი, სითბო შემომეხვია თავიდან-ფეხებამდე. მერე თითქოს ვიღაცამ უკმეხად ხელი მკრა. გამეღვიძა და კისრამდე სისხლში ვწოლილვარ! ორი კვირა ლოგინში ვეგდე. გადასხმებს სახლში მიკეთებდნენ. ამასობაში გარეთ ნამდვილი გაზაფხულიც დადგა... /მობილურმა დარეკა.უპასუხოდ გათიშა. არა უშავს, ცოტა დამიცადონ! ,, ბეილიზის,, განიერ ჭიქაში ჩარჩენილი ყინულები ერთი აკვრით პირში შეიყარა, გააკნატუნა, ბოლო სიგარეტს მოუკიდა და ღრმად ჩაისუნთქა/ . ის ჩემი კაცი?! გამოჩნდა. გამოჩნდა და მოუნდა ისევ ძველი ამბები. სცენებიც მომიწყო, ხან შემაშინა, ხან იტირა, ერთი შანსი კიდევ მომეცი, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთო. ცხოვრებაში სუფთა ფურცელი არ არსებობს. ყველაფერი თავიდანვე ერთგან იწერება, მერე გინდა გადახაზე, გინდა ჩაასწორე, გინდა იქვე გადაათეთრე , წაშლით კი , არაფერი იშლება.. ჰო, ის მერე სულ გაფუჭდა . საქმეებიც უკან-უკან წაუვიდა . მიხვდა, რომ კარგი ტოტი ჩამოუტყდა, მაგრამ მორჩა! ღმერთი?! სულ ასეა . თუ ღმერთზე ფიქრს გაჰყვები, როგორც არ უნდა იარო, ბოლოს მაინც ადამიანამდე მიხვალ; თუ ადამიანზე ფიქრს - ღმერთამდე. ან იქნებ ეს, სულაც, ერთი და იგივეა?