ნინო დარბაისელი
ის თამაშიდან გამოაგდეს უხეშობისთვის.
სიბრაზისაგან
თვალის ფერი არ ემჩნეოდა.
დაჯდა მარტოკა,
მოედნისკენ ზურგმიქცეული.
მე - შევცქეროდი,
იმზურგსუკან
როგორ დარბოდნენ ,
როგორ დაობდნენ
უნაპერწკლოდ
დარჩენილები.
უსტვენდა მსაჯი
მოხალისე კალათბურთელებს.
დიდი,
მხტუნავი ფორთოხალი
მზეში ბრუნავდა.
მზეში ბრუნავდა
ფორთოხალი ფარსაცდენილი,
მოედანგარეთ ვარდებოდა,
ახალმწვანეში,
ზოგჯერ ბადეშიც ეხვეოდა…
და არ ხდებოდა საბოლოოდ აღარაფერი.
დაუცხრა მზერა ალესილი,
კისრის ძარღვები დაბერილი
ნელა ჩაუდგა
და ცხელი ქშენაც მიუწყნარდა
ნესტოებიდან
და აღარც ლურჯი მაისური უტოკავდა
ოფლიან მკერდზე,
მაგრამ
უეცრად,
სულისაბერვით აიყარა შუბლიდან თმები ,
როდესაც
გოგომ კაფანდარამ ,
მკერდმოკოკრილმა,
მოუხედავად ჩამოუარა
და სიშორიდან
ერთმანეთი იგრძნეს ტანებმა.
ბიჭმა ენაზე დაისველა მომლაშო ცერი
და გადაყვლეფილ მუხლისთავზე
ბეჭდად დაისვა,
მერე ნებივრად გაიზმორა
და ერთიანად ჩასუნთქული მთელი სამყარო
ამოამთქნარა უდარდელად .
წამოუბერა .
მე ავიტატე შვილიშვილი
შინ გავეშურე ,
იქ კი ,ზურგსუკან
გრძელდებოდა ისევ თამაში.
მზეში ბრუნავდა
ფორთოხალი.
ბრუნავდა მზეში .
მალხაზ ხარბედია - მიღების საათები
-
*ჰანტერ ს. ტომპსონის “რომის დღიურები”*
ჰანტერ ს. ტომპსონმა თავისი თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება რამდენიმე წლის
წინ დაასრულა თვითმკვლელობით, მაგრამ იყო დრ...
1 month ago


0 comments:
Post a Comment