Tuesday, May 26, 2009

ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ დარბაზში ახალგაზრდა პოეტებთან შეხვედრა გაიმართა

13:26 10.12.08 - ჟურნალი „ჩვენი მწერლობის“ დარბაზში ახალგაზრდა პოეტებთან შეხვედრა გაიმართა


ჟურნალი „ჩვენი მწერლობის" დარბაზში ახალგაზრდა პოეტებთან - ნატა ვარადასთან, ქეთი თუთბერიძესთან, დიანა ანფიმიადთან და გიორგი კეკელიძესთან - შეხვედრა გაიმართა.
ნატა ვარადას ლიტერატურული დებიუტი „ჩვენ მწერლობაში" შედგა, ქეთი თუთბერიძის ლექსები თავდაპირველად ჟურნალ „ლიტერატურულ პალიტრაში" დაიბეჭდა, დიანა ანფიმიადსა და გიორგი კეკელიძეს კი უკვე საკუთარი ლექსების კრებულები აქვთ გამოქვეყნებული.
როგორც „ჩვენი მწერლობის მთავარმა რედაქტორმა როსტომ ჩხეიძემ განაცხადა, ოთხ ახალგაზრდა პოეტს ერთმანეთთან, უპირველესად, ის აკავშირებს, რომ ისინი ახლა იმკვიდრებენ ადგილს ქართულ მწერლობაში.
ამასთან, ახალგაზრდებს მაძიებლის სულიც აერთიანებთ, ურომლისოდაც შემოქმედის ნაწერები უსიცოცხლო დარჩება.
მისივე თქმით, ახალგაზრდა პოეტების ლექსები „ჩვენი მწერლობი" ფურცლებზე თანმიმდევრობით დაიბეჭდა. ისინი მკითხველს პოეტმა გივი ალხაზიშვილმა წარუდგინა. მათგან ქეთი თუთბერიძის ლექსებმა ერთი მხრივ, ქება, მეორე მხრივ კი, კრიტიკა დაიმსახურა.
„ახალგაზრდები დღევანდელი შეხვედრისთვის ნიმუშად შეირჩნენ. ვეცდებით, სხვა ახალგაზრდა პოეტებიც მკითხველს ჩვენი ჟურნალის მეშვეობით თანდათან გავაცნოთ", - აღნიშნა როსტომ ჩხეიძემ.
ლიტერატურათმცოდე ნინო დარბაისელმა ოთხივე ახალგაზრდა პოეტის შემოქმედება ცალ-ცალკე შეაფასა. მისი თქმით, უპირველესი ნიშანი, რომელიც გიორგი კეკელიძის პოეზიას სხვათაგან გამოარჩევს, არის კრეაციული, შემოქმედებითი დამოკიდებულება ქართული ენისა და პოეტური მეტყველებისადმი.
„გიორგის შემოქმედებას ორი ძირითადი მიმართულება გამოარჩევს: ქართული იდიომატიკის მხატვრული გადამუშავება და ზმნა, რომელიც სრულიად ტრანსფორმირებული სახით შემოდის მის ლექსებში", - აღნიშნა ნინო დარბაისელმა.
მისივე შეფასებით, გიორგი კეკელიძის მსგავსად, ლექსის შინაარსობრივ მხარეს შემოქმედებითად დიანა ანფიმიადიც უდგება. პოეზია მისთვის სიტყვიერი ხელოვნების დარგია. მის ლექსებში ფორმა და სათქმელი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
მისი შეფასებითვე, ქეთი თუთბერიძე უდავოდ მზარდი შემოქმედია.
აქვს როგორც წარმატებული, ისე სუსტი ლექსები. ამდენად, იგი „არათანაბარი", თუმცა, „დიდი შინაგანი ვნების" პოეტია.
რაც შეეხება ნატა ვარადას, მის ლექსებს მითოპოეტური აზროვნების ტრადიციასთან დამოკიდებულება გამოარჩევს.
„ნატა ფარადა ცდილობს, ჩაწვდეს პოეტურ არქეტიპებს, რომელსაც არა მარტო ქართული პოეზია, არამედ, ზოგადად, პოეზია ეფუძნება. იგი შესანიშნავად ახერხებს, ერთ ლექსში შეუხამოს ერთმანეთს პოეტური არქეტიპები და თანამედროვე მოდერნისტული ხედვა", - აღნიშნა ნინო დარბაისელმა და დასძინა, რომ ოთხივე პოეტი მეტაფორას წარმატებით იყენებს.
ნატა ვარადამ, ქეთი თუთბერიძემ, დიანა ანფიმიადმა და გიორგი კეკელიძემ შეხვედრის მონაწილეებს თავიანთი ლექსები წარუდგინეს. მათი პოეზია პროფესიულად შეაფასეს ლევან ბრეგაძემ, თეიმურაზ დოიაშვილმა, მაკა ჯოხაძემ, რენე კალანდიამ, თემურ ნადარეიშვილმა და სხვებმა.

‘მედიანიუსი"

1 comment:

  1. ”ნატა ფარადა” - გაასწორე, ნინო. ნატა ვარადა არის.

    ReplyDelete